2026 წლის 6 აპრილს, ორშაბათ საღამოს კარაპეტიანმა გამოაქვეყნა რამდენიმე საათით ადრე თბილისში, ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციაში გადაღებული კადრი, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მისი სტუმარი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩანან.
„სიამოვნებით შეხვდებოდა სამველ კარაპეტიანს“
ნარეკ კარაპეტიანმა ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია, როგორც „ჩვენი უახლოესი მეზობლის ლიდერი“ და დაწერა:
„იცით, როდის გვეცოდინება, რომ ჩვენ [სომხეთს] ძლიერი დიპლომატია და ძლიერი მმართველები გვყავს? როდესაც ჩვენი უახლოესი მეზობლის ლიდერი შეწყვეტს ჩვენი პრემიერ-მინისტრის უგულებელყოფას და ბოლოსდაბოლოს, დათანხმდება მასთან შეხვედრას“.
მისივე თქმით, ბიძამისი, სამველ კარაპეტიანი არის ადამიანი, ვისაც ივანიშვილი „სიამოვნებით შეხვდებოდა“:
„დარწმუნებული ვარ, რომ იგი სიამოვნებით შეხვდებოდა სამველ კარაპეტიანს, რათა განიხილონ, როგორ ააყვავონ სომხეთი და საქართველო“, - დაწერა მან.
ფაშინიანი და ივანიშვილი ერთმანეთს არ შეხვედრიან
- ილჰამ ალიევი 6 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა; პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეხვდა;
- ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც 2018 წლის მაისის შემდეგ არის სომხეთის პრემიერი, არასოდეს შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს. ბოლოს ის 4 მარტს იყო თბილისში.
- ნიკოლ ფაშინიანის მმართველობისას სომხეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს;
- იგი ხშირად ხვდება როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და ბლოკის ლიდერებს; მათ შორის არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს, ირანის ლიდერებს, ასევე, 2025 წელს შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 2026 წლის თებერვალში კი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს უმასპინძლა ერევანში.
ვინ არიან ნარეკ და სამველ კარაპეტიანები
ნარეკ კარაპეტიანი არის 2025 წელს დაარსებული პოლიტიკური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში.
ეს არის არჩევნები, რომლის დროსაც ევროკავშირი სომხეთში გზავნის „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდულ ჯგუფს“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.
პარტიის არაფორმალური ლიდერი არის მისი ბიძა, სამველ კარაპეტიანი, რუსეთის მოქალაქე, რომლის ქონება 5 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
- სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება;
- მას შემდეგ იგი თითქმის სრულად პატიმრობაშია, - თუ არ ჩავთვლით საახალწლოდ ორი კვირით შინაპატიმრობაში დროებით გადაყვანას.
პუტინის გზავნილი კარაპეტიანზე ფაშინიანს
სწორედ სამველ კარაპეტიანი ის, ვისაც, სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირველ აპრილს გამართულ შეხვედრაზე.
მედიის თანდასწრებით, პუტინმა გააფრთხილა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ხელისუფლებას არ აეკრძალა ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმ ოპოზიციური პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც პუტინმა დაახასიათა, როგორც „პრორუსული“.
ზოგიერთი მათგანი ამჟამად დაკავებულია, „მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ“, - თქვა პუტინმა, რითაც მკაფიოდ მიანიშნა სამველ კარაპეტიანზე, რუს-სომეხ მილიარდერზე, რომელიც პატიმრობაშია.
ფაშინიანმა პასუხად განაცხადა, რომ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, როგორიცაა კარაპეტიანი, არ შეუძლიათ პრემიერ-მინისტრობა ან თუნდაც პარლამენტში ადგილების დაკავება.
მეორე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფაშინიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ კონსტიტუციური შეზღუდვის შესახებ.
- კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ გაცხადებული მიზანი საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვება და პრემიერ-მინისტრად თავად სამველ კარაპეტიანის მოყვანაა, მაგრამ არა პირდაპირი გზით;
- პარტიის თანახმად, ნარეკ კარაპეტიანი გაუძღვება „გარდამავალ პერიოდს“, სანამ სომხეთის პარლამენტი შეცვლის კონსტიტუციას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება პრემიერად სამველ კარაპეტიანის არჩევა.
- საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ „ძლიერი სომხეთი“ ამ მიზნისგან შორსაა. კერძოდ, 2026 წლის მარტში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ის) მიერ გამოქვეყნებული 1506-რესპონდენტიანი კვლევის თანახმად:
- გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტს“ აძლევს ხმას;
- „ძლიერ სომხეთს“ 11%;
- მესამე ადგილზეა ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანისა და „დაშნაკების“ „სომხეთის ალიანსი“ - 4%-ით.
- გამოკითხულთა 28%-მა თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.
ფორუმი