28 თებერვალს ცხადი გახდა, რა შეიძლება ყოფილიყო ამ მრავალსაათიანი შეხვედრებისა და საუბრების მთავარი თემა - შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
“ეს რეჟიმი ძალიან მალე გაიგებს, რომ არავინ უნდა გამოიწვიოს და გამოცადოს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სიძლიერე და შესაძლებლობები”, - განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა თავის პირველ საგანგებო მიმართვაში.
ირანმა შეერთებული შტატების და ისრაელის ძალების სამხედრო სიძლიერე ბოლო 8 თვის მანძილზე მეორედ გამოცადა. 2025 წლის ივნისში, ომში, რომელიც 12 დღე გაგრძელდა, ამერიკული ავიაციის მთავარი სამიზნე ირანის 3 ბირთვული ობიექტი იყო, ხოლო ისრაელმა სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სტრატეგიული სამიზნეებს შეუტია. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ირანის ბირთვული შესაძლებლობები განადგურებულად გამოაცხადა.
2026 წლის 28 თებერვალს კი დაიწყო გაცილებით მასშტაბური სამხედრო კამპანია, უფრო შორს მიმავალი სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით.
მთავარი განსხვავებები
ე.წ. 12-დღიან ომში ამერიკა კონფლიქტის მიწურულს ჩაერთო, ახლა აშშ “ეპიკური მრისხანებით” - ეს ამერიკული სამხედრო ოპერაციის სახელია, ისრაელთან ერთობლივი, მჭიდროდ კოორდინირებული და მასშტაბური საჰაერო დარტყმებით უტევს ირანს.
ისრაელური და ამერიკული ავიაციის მიერ დაბომბილ ასობით ობიექტს შორის პირველი ბეით რაჰბარი აღმოჩნდა - უმაღლესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალური რეზიდენცია. თეირანის სამთავრობო კვარტალში, პასტერის ქუჩაზე ჩამოგდებულ 30-მდე ბომბს ალი ხამენეის გარდა მისი უახლოესი მრჩევლები და ოჯახის წევრებიც ემსხვერპლნენ.
განსხვავებული იყო ირანის პასუხიც - თუ კი გასული წლის ივნისში ისლამური რესპუბლიკა ისრაელის მიმართულებით შედარებით მოზომილი სარაკეტო შეტევით შემოიფარგლა, ხოლო ამერიკას საერთოდაც სიმბოლურად, უკვე ევაკუირებულ ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე იერიშით უპასუხა - ახლა ირანი მის ხელთ არსებულ არსენალს პრაქტიკულად სრულად იყენებს, გასულ დღეებში ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა რეგიონის 11 ქვეყანას შეუტიეს.
სამხედრო დაპირისპირების წინა ეპიზოდისგან განსხვავებით, დღეს ვითარება უფრო მეტად ჰგავს გახსნილ პანდორას ყუთს, მრავალსაფეხურიანი მიზნებით და ვითარების მარტივად ან სწრაფად განმუხტვის შესაძლებლობის გარეშე.
თუმცა, ვითარებაში გარკვევა კიდევ უფრო რთული იქნება იმის გააზრების გარეშე, თუ რა უძღოდა წინ შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარე ფაზას.
გარდაუვალი სამხედრო ოპერაცია
3 მარტს, წამყვან კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გამოსულმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ოპერაცია იყო "გარდაუვალი", მთავარი საკითხი კი - დროის სწორად შერჩევა. სამხედრო ოპერაციის "გარდაუვალობა" არაერთი ანალიტიკოსის აზრით, თავად ამერიკელმა პრეზიდენტმა განაპირობა, როდესაც ჯერ 2 იანვარს ღიად დაუჭირა მხარი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ხოლო მოგვიანებით მათ სახელმწიფო შენობების დაკავებისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა აღუთქვა.
“თუ ირანი გაისვრის და ძალადობრივად მოკლავს დემონსტრანტებს, რაც მათ ჩვევაში აქვთ, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დასახმარებლად მზად არის”- წერდა დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
ტრამპის მოწოდებები მკვეთრ კონტრასტში იყო მისი წინამორბედი როგორც დემოკრატი ასევე, რესპუბლიკელი პრეზიდენტების მიდგომასთან, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკაში პერიოდულად აზვირთებულ საპროტესტო ტალღების პასუხად რიტორიკული მხარდაჭერითა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე დეკლარაციული განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ.
ტრამპის განცხადებები ვაშინგტონის მიდგომის ძირეულ ცვლილებაზე მეტყველებდა. მით უფრო, რომ ნახევარი წლით ადრე ისლამურ რესპუბლიკაზე განხორციელებული პირველი საჰაერო დარტყმით ნათელი გახდა - ამერიკის პრეზიდენტის მუქარა შესაძლოა არ ყოფილიყო ფუჭი სიტყვები.
ტრამპის შეკავება ისლამურმა რესპუბლიკამ მკაცრი საპასუხო ზომების მუქარით სცადა. თეირანში ამბობდნენ, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ნებისმიერი სამხედრო მოქმედება აღქმული იქნებოდა ომის გამოცხადებად, რასაც ისინი მათ ხელთ არსებული სრული სამხედრო რესურსით უპასუხებდნენ, მათ შორის რეგიონის არაბულ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმით.
“რეგიონში მდებარე ამერიკული ცენტრები და ძალები ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე იქნება… არ დაუჯეროთ ტყუილებს, რომელსაც თქვენ გიყვებიან, ირანის დამცველები დაუვიწყარ გაკვეთილს ჩაგიტარებენ”- მიმართა ირანის მეჯლისის სპიკერი, მოჰამად ბაყერი ყალიბაფი დონალდ ტრამპს 11 იანვარს.
დიპლომატიის ბოლო შანსი
წლის დასაწყისში ამერიკის რეგიონულმა მოკავშირეებმა: თურქეთმა, კატარმა და ეგვიპტემ ვითარების დე-ესკალაცია, ახალი დიპლომატიური პლატფორმის შეთავაზებით სცადეს. ტრამპის თავშეკავება ობიექტური გარემოებებითაც იყო განპირობებული, იანვარში შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში არ ჰყავდა მობილიზებული რისკების შესაბამისი სამხედრო ძალა. ამ ფონზე, 6 თებერვალს ომანის დედაქალაქში ამერიკისა და ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის მთავარი თემა ბირთვული პროგრამა იყო.
დიპლომატიური პროცესის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ფლოტისა და ავიაციის მობილიზაცია არ შეჩერებულა და უკვე თებერვლის მეორე ნახევარში ამერიკული სამხედრო ძალის კონცენტრაციამ 2003 წლის ერაყის ინტერვენციის შემდეგ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ამასთანავე, განგრძობითი კონფლიქტისთვის მომზადების პროცესი დაასრულა ისრაელმაც, რომლის პრემიერმაც 14 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბარში ტრამპს საჰაერო დარტყმების გადადება სთხოვა. იმავე თვის მიწურულს, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტრამპს სამხედრო მოქმედებების რამდენიმე გეგმა წარუდგინეს.
ირანთან დაწყებული მოლაპარაკებებიდან 5 დღეში თეთრ სახლში ტრამპისა და ნეთანიაჰუს საკვანძო შეხვედრა გაიმართა - 3 საათის განმავლობაში ლიდერებმა შესაძლო სამხედრო კამპანიის მიზნები განსაზღვრეს. ამ დროისთვის ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები უკვე 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დეტალურად განიხილავდნენ სამხედრო გეგმებს. ნეთანიაჰუს მთავარი მიზანი იყო დაერწმუნებინა ამერიკელი პრეზიდენტი არ ეთქვა უარი ძალის გამოყენებაზე და ხელიდან არ გაეშვა ისლამური რესპუბლიკის "უპრეცედენტო სისუსტით" წარმოქმნილი შესაძლებლობა.
თუმცა, ტრამპის ირგვლივ იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ირანის წინააღმდეგ ახალ ოპერაციას, მათ შორის ყველაზე გავლენიანი MAGA მოძრაობის მთავარი მედია სახე, ტაკერ კარლსონია. New York Times-ის ცნობით, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, კარლსონი გასული თებერვლის განმავლობაში სამჯერ შეხვდა პრეზიდენტს თეთრ სახლში და ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან ომი არ იყო არც ამერიკის ეროვნულ და არც ტრამპის პირად პოლიტიკურ ინტერესში. ტრამპის გადარწმუნების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბოლო შეხვედრიდან გამოსულმა კარლსონმა თავისი გარემოცვის წევრებს უთხრა, რომ პრეზიდენტი სამხედრო ოპერაციის დაწყებისკენ იხრებოდა.
მოვლენათა ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მოლაპარაკებებში გარღვევის შანსი დღითიდღე მცირდებოდა. ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვდა არამხოლოდ ბირთვული პროგრამის შეჩერებას, არამედ ბალისტიკური რაკეტების წარმოების მკაცრად შეზღუდვას და რეგიონის არაბულ ქვეყნებში მოქმედი პროქსი ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას.
ირანი შესაძლოა მზად ყოფილიყო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე, თუმცა დარჩენილი 2 საკითხი, განსაკუთრებით კი ბალისტიკური რაკეტები ისლამური რესპუბლიკისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის წითელი ხაზი იყო- რესურსი რომელსაც თეირანში ჰეზბოლასა და სხვა პროქსი დაჯგუფებების დასუსტების პირობებში, ისრაელის შეკავების მთავარ, პრაქტიკულად ბოლო ინსტრუმენტად აღიქვამდნენ.
17 თებერვალს ომანის მედიაციით ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელმაც მხარეების ცნობით “კონსტრუქციულ და პოზიტიურ” ატმოსფეროში ჩაიარა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. ამავე დღეს შეთანხმდა მესამე რაუნდის თარიღიც.
სამხედრო ოპერაციის 2 გეგმა
სამხედრო მზაობის დასრულების ფონზე, 18 თებერვალს ოვალურ კაბინეტში ტრამპის უახლოესი გარემოცვა შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ: ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (СIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, სიუზი უაილსი და არმიის გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი დენ კეინი.
აქ ვყვებით, რა განიხილეს ამ შეხვედრაზე, შეხვედრის იმ დეტალების შესახებ, რასაც ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ცხადია ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
ამერიკული მედიის ცნობით, გაერთიანებული შტაბების მეთაურმა პრეზიდენტს სამხედრო მოქმედებების 2 გეგმა წარუდგინა: შეზღუდული სამხედრო დარტყმის, რომელსაც შესაძლოა ირანელებისთვის მოლაპარაკებებში უფრო მეტი დათმობისკენ ებიძგებინა და უფრო მასშტაბური და განგრძობადი სამხედრო კამპანიის. კეინის შეფასებით, მეორე ვარიანტი პირველთან შედარებით დანაკარგების უფრო სერიოზულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა პირველი, შეზღუდული დარტყმის ვარიანტიც კი, გაცილებით სარისკო იქნებოდა, ვიდრე 3 იანვარს კარაკასში, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო რეიდი.
ამავე შეხვედრაზე მოვლენათა შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარი წარმოადგინა ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომაც. CIA-ის შეფასებით, ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ სამი ძირითადი სცენარი იკვეთებოდა: 1. უფრო მკაცრი მიდგომის მქონე ახალი ლიდერის არჩევა; 2. საპროტესტო გამოსვლები და რეჟიმის ჩამოშლა; 3. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფრო "პრაგმატული" ფლანგის დაწინაურება, რომლებიც ვაშინგტონთან მოლაპარაკებების მიემხრობოდნენ, იმ პირობებში თუ ამერიკა არ შეუქმნიდა პრობლემას მათ ეკონომიკურ ინტერესებს.
ამასთანავე, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი სცენარი, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად რეჟიმის ჩამოშლა მიიჩნეოდა. ამავე შეხვედრაზე, შეზღუდული დარტყმების წინააღმდეგ გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ვენსიც - მისი თქმით, თუ კი ამერიკა ჩაერთვებოდა დაპირისპირებაში ეს უნდა ყოფილიყო “სწრაფი და მასშტაბური” კამპანია (Fast and Big).
Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პერსონალურმა განზომილებამაც. ირანი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ცენტრალური საკითხი იყო, განსაკუთრებით 2020 წლის 3 იანვრის შემდეგ, როდესაც მისი ბრძანებით ბაღდადში მოკლეს გუშაგთა კორპუსის ელიტური, ყუდსის დანაყოფის მეთაური ყასემ სოლეიმანი. ისლამური რესპუბლიკის პასუხი მაშინაც ცერემონიული იყო და ერაყში მდებარე უკვე დაცლილ ამერიკულ ბაზებზე საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლა, თუმცა მალე ტრამპისა და გადაწყვეტილებაში მონაწილე სხვა პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციისთვის მრავალმილიონიანი ჯილდო დააწესეს.
მომდევნო წლებში ამერიკაში ირანულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, ტრამპის მკვლელობას გეგმავდნენ. 2024 წლის სექტემბერში, პენსილვანიაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ტრამპმა საიდუმლო სამსახურის წევრებს ჰკითხა ხომ არ იკვეთებოდა ირანული კვალი.
21 თებერვალს, Fox News-ისთვის ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან მკაფიო გახდა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი სამხედრო მოქმედებებისკენ იხრებოდა, მაგრამ გაურკვეველი იყო მასშტაბი და მიზნები. დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 თებერვალს კონგრესმენების წამყვანმა ჯგუფმა (Gang Of 8) სახელმწიფო მდივანი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი დაიბარეს - წყაროების ცნობით, რუბიომ და რეტკლიფმა ღიად ისაუბრეს სამხედრო ძალის გამოყენების რამდენიმე სცენარზე, თუმცა არ უხსენებიათ რეჟიმის ცვლილება.
გარდამტეხი მომენტი
იმავე New York Times წყაროს ცნობით, თავდაპირველი გეგმით საჰაერო კამპანია მარტის მიწურულს უნდა დაწყებულიყო, რაც ტრამპის ადმინისტრაციას მისცემდა საკმარის დროს საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად, თუმცა ყველაფერი მოულოდნელად მიღებულმა სადაზვერვო ინფორმაციამ შეცვალა.
Axios-ის წყაროს ცნობით, გადამწყვეტი მომენტი 23 თებერვალს დადგა, როდესაც მორიგ სატელეფონო საუბარში ნეთანიაჰუმ ტრამპს აცნობა, რომ ხამენეი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები შაბათს, უმაღლესი ლიდერის რეზიდენციაში შეიკრიბებოდნენ.
СIA-იმ გადაამოწმა და დაადასტურა მოსადის ცნობები. ამგვარად, ეს სატელეფონო ზარი მიმდინარე კონფლიქტის ჩამშვებ მექანიზმად იქცა - ხამენეის და მისი გარემოცვის უახლოესი წევრების ერთი დარტყმით ლიკვიდაციის შანსი სამხედრო ოპერაციის იდეალურ დასაწყისად ჩაითვალა.
თუმცა იმავე საღამოს კონგრესში პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას ელოდებოდნენ, რომლის 108 წუთიდან ირანზე საუბარს დონალდ ტრამპმა მხოლოდ 3 წუთი დაუთმო. იმავე დღეს ტრამპმა, ჟენევიდან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიდან დაბრუნებული უიტკოფისა და კუშნერის შეფასებები მოისმინა - ემისრებმა ტრამპს აცნობეს, რომ პროცესი ჩიხში შევიდა.
"თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ დიპლომატია გაგრძელდეს, ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ ირანელებმა არაორაზროვნად დაგვანახეს, რომ ისინი არ არიან მზად შეთანხმებისთვის, რომელიც თქვენ (რედ. დონალდ ტრამპს) დაგაკმაყოფილებთ"- განუცხადეს ტრამპს ემისრებმა.
ამ მომენტიდან მოყოლებული ტრამპი ორ რამეში დარწმუნდა: დიპლომატია ჩიხში შევიდა და სადაზვერვო ინფორმაცია სარწმუნოა. პარასკევს ამერიკის ცენტრალური დროით 3 საათსა და 38 წუთზე ტრამპმა საბოლოო ბრძანება გასცა.
11 საათის შემდეგ თეირანზე პირველი საჰაერო დარტყმები მიიტანეს, მოკლეს ალი ხამენეი, დაიწყო ომი.
აშშ-სა და ისრაელის სრული დომინაცია ცაში - ომის პირველი კვირის მთავარი შედეგი
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე კამპანიის პოლიტიკური მიზნების შესახებ განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ცნობების მიუხედავად, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ოპერაცია წარმატებულია და შესაძლოა მოსალოდნელზე მეტადაც, განსაკუთრებით ჰაერში.
კამპანიის მხოლოდ პირველი 4 დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაციამ ირანში 2000-ზე მეტი ობიექტი დაბომბა, მათ შორის რაკეტების გამშვები დანადგარები, საწყობები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ფლოტის გემები და სხვა.
სხვადასხვა მონაცემებით, ირანთან დაპირისპირების პირველ დღეს ამერიკის საჰაერო კამპანიის მასშტაბი ორჯერ აღემატებოდა ერაყში ინტერვენციის გამხსნელ 24 საათს. თუ, ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის საპოვნელად კოალიციურ ჯარებს თითქმის 9 თვე დასჭირდათ, ირანის დიქტატორი კამპანიის პირველივე იერიშს ემსხვერპლა.
კიდევ უფრო ინტენსიურია ისრაელის საჰაერო კამპანია, რომელშიც ქვეყნის განკარგულებაში არსებული თითქმის ყველა თვითმფრინავი მონაწილეობს. საუბარია 1000-ზე მეტ საავიაციო დარტყმაზე ყოველდღიურად.
უკვე გამოიკვეთა შრომის განაწილების პრინციპიც: თუ კი ამერიკული ავიაცია ძირითადად ორიენტირებულია სამხედრო ობიექტების განადგურებაზე, ისრაელის პრიორიტეტი ისლამური რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური დაწესებულებები და რეპრესიულ აპარატთან დაკავშირებული ობიექტებია. მაგალითად, 3 და 4 მარტს ისრაელის ავიაციამ დაბომბა ექსპერტთა საბჭოსთან დაკავშირებული შენობა და გუშაგთა კორპუსის პარამილიტარისტული, ბასიჯთა დაჯგუფების შტაბი.
გამხსნელი იერიშის შემდეგ, კამპანიის მეორე ფაზაში ამერიკისა და ისრაელის მთავარი მიზანი იყო მომდევნო 100 საათის განმავლობაში გაენადგურებინათ ან კრიტიკულად დაესუსტებინათ ირანის მხრიდან მასშტაბური საპასუხო ზომების შესაძლებლობა. კამპანიის მესამე, მიმდინარე ფაზაში მთავარი მიზანი შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული ობიექტებია, რომელთა განადგურებისთვისაც წყაროების ცნობით, 4-5 კვირა იქნება საჭირო.
დაახლოებით, მსგავს ვადებზე ისაუბრა დონალდ ტრამპმაც. შეცვლილ პრიორიტეტების შესახებ განაცხადა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა დეინ კეინმაც - “ჩვენ გავაფართოებთ დარტყმებს ირანის ტერიტორიის სიღრმეში.”
წარმატებების გარდა, შესაძლოა იყო მძიმე შეცდომებიც, სხვადასხვა ცნობით 100-დან -160-მდე ადამიანი ემსხვერპლა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ მინაბში მდებარე გოგონათა სკოლაზე საჰაერო დარტყმას - თეთრ სახლში ამბობენ, რომ საკითხზე უკვე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში პრიორიტეტი იქნება ირანის ბირთვული ობიექტები, რომელთა მიმართაც აქამდე დიდი ყურადღება არ გამოუვლენიათ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო შტაბები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ისლამური რესპუბლიკის მთავარი მიზანი გასულ დღეებში რეგიონში მაქსიმალური ქაოსის გამოწვევა და ამ გზით მოწინააღმდეგეების ზავზე დაყოლიებაა. ამით იყო განპირობებული დრონებისა და სარაკეტო დარტყმები რეგიონის 11 ქვეყანაზე, მათ შორის, სამოქალაქო ობიექტებზეც. ირანში იმედოვნებენ, რომ ამგვარი ქაოსით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით და ენერგეტიკულ ბაზრებზე წნეხის გაზრდით, თავიანთ მეზობელ ქვეყნებს უბიძგებენ გაზარდონ წნეხი ამერიკაზე და დაიყოლიონ ცეცხლის შეწყვეტაზე.
გაერთიანებული სამეფოს მიერ ამერიკისთვის ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას ავიაბაზის გამოყენების ნებართვა კიდევ უფრო გაუმარტივებს საქმეს ამერიკულ ავიაციას. ამგვარად, თვითმფრინავები შეძლებენ უფრო მეტი საბრძოლო მასალის ტარებას, ხოლო მათი საბრძოლო გასვლის რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
ამერიკამ და ისრაელმა ჯერჯერობით მნიშვნელოვან საოპერაციო წარმატებას მიაღწიეს: ალი ხამენეი, ათობით გავლენიან მაღალჩინოსანთან ერთად მოკლულია, სამხედრო თვალსაზრისით ირანის მართვისა და კონტროლის სისტემას სერიოზული ხარვეზები აქვს, ხოლო ახალი უმაღლესი ლიდერის არჩევა იმის გამო გადაიდო, რომ ის მაღალი ალბათობით მორიგი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
ირანის წინაშე არსებულ სერიოზულ სამხედრო გამოწვევებზე მეტყველებს ისიც, რომ გენერალ კეინის ცნობით, კონფლიქტის პირველ დღესთან შედარებით ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების რიცხვი 3 მარტს 86%-ით შემცირდა, ხოლო დრონების 23%-ით.
ამერიკისა და ისრაელის სამხედრო უპირატესობა ირანის წინააღმდეგ აშკარა იყო და კონფლიქტის პირველ კვირას კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელაა ეს სხვაობა, თუმცა ხშირად, მხოლოდ სამხედრო უპირატესობა არ არის საკმარისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ფორუმი