„ირანთან არ იქნება არავითარი გარიგება - მხოლოდ უპირობო დანებება!“ - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.
მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც ირანის მთავრობა კაპიტულაციას გამოაცხადებს და ახალ „დიდ და მისაღებ“ ლიდერს აირჩევს, აშშ და მისი პარტნიორები „დაუღალავად იმუშავებენ, რათა ირანი მოაშორონ უფსკრულის პირს და მისი ეკონომიკა გახადონ უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე“.
ერთი დღით ადრე ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ მას სურს, პირადად ჩაერთოს ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში. მან აღიარა, რომ მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე არის მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი და განაცხადა, რომ ასეთ შედეგს მიუღებლად მიიჩნევს.
ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ არ სურს ისეთი ლიდერის დანიშვნა, რომელიც ალი ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს. „მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, ისევე როგორც დელსის [როდრიგესის] შემთხვევაში ვენესუელაში“, თქვა ტრამპმა.
Axios აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და სხვა ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზანი „რეჟიმის შეცვლაა“ და ამის ნაცვლად საუბრობენ ირანის სარაკეტო შესაძლებლობების, ბირთვული პროგრამისა და საზღვაო ძალების შესუსტების ამოცანაზე.
რელიგიის მკვლევარი ალირეზა არაფი აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ისიც არის უზენაესი ლიდერის პოსტის შესაძლო კანდიდატი, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, ხომეინის შვილიშვილთან, ჰასან ხომეინისთან ერთად.
ისრაელი და აშშ ირანს 28 თებერვლიდან ურტყამენ. ტრამპმა თქვა, რომ ამ ომის მიზნებია, გაანადგუროს ირანის სამხედრო პოტენციალი და არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ ექვს დღეში აშშ-ის სამხედროებმა 30-ზე მეტი ირანული გემი ჩაძირეს და მისი გამშვები დანადგარების 60 პროცენტი გაანადგურეს, ხოლო ირანის ბალისტიკური რაკეტების შეტევების რაოდენობა 90 პროცენტით შემცირდა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა გააფრთხილა თეირანი, რომ ცდება, თუ ფიქრობდა, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება და დასძინა, რომ ამერიკულმა ძალებმა საბრძოლო ოპერაციები მხოლოდ ახლა დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ეიალ ზამირმა, განაცხადა, რომ ისრაელის ძალები იწყებენ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ფაზას, რომლის მსვლელობისას ისინი „რეჟიმს და მის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო გაანადგურებენ“.
ირანი შურს იძიებს ისრაელსა და აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ახლო აღმოსავლეთში თავდასხმით. დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო სამიზნეებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ფორუმი