Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრება - წესრიგის დაცვა თუ აბსურდი?


მოკლედ

  • 24 წლის ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვის“ ბრალდებით სასამართლოში დაიბარეს.
  • ახალი კანონით, ტროტუარზე პროტესტი რეგულირდება და წინასწარ ნებართვას მოითხოვს, რაც, იურისტების შეფასებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
  • მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საქმის განხილვა მომდევნო წლისთვის გადადო, თუმცა პირველ სხდომაზე მოულოდნელი კითხვები დაისვა.

საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში ასეთი საქმეები აქამდე არასდროს განხილულა. პროცესები, რომლებზეც მოქალაქეებს ტროტუარზე პროტესტისთვის ასამართლებენ, პრეცედენტულია.

24 წლის ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვის“ არგუმენტით სასამართლოში დაიბარეს. ამ საქმის განხილვა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჩაიბარა.

თუ მოსამართლისა და შსს-ს წარმომადგენლების სხდომაზე დასმულ კითხვებს მივყვებით, გამოვა, რომ ხელისუფლება პროტესტის გამოხატვას არათუ ზღუდავს, არამედ ისეთ პრაქტიკას ნერგავს, რაც, იურისტების შეფასებით, არა მხოლოდ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ სამართლებრივ აბსურდამდე მიდის.

„ეს მსუსხავი ეფექტი აღარ არის, ეს გამყინავი ეფექტია, ეს ნიშნავს, რომ დემონსტრანტებს ნებართვის გარეშე შეკრების უფლების გამოყენება აუკრძალეთ“, - თქვა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

ამ სტატიაში გამოთქმული ვარაუდები ე.წ. ტროტუარის საქმეების განხილვაზე მხარეების გამოთქმულ პოზიციებს ემყარება. მოსამართლე ზვიად ცეკვავას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, სხდომა მომდევნო წლისთვის გადადო.

რას ედავებიან ანი ახმეტელს?

24 წლის ანი ახმეტელს, ისევე როგორც ათობით სხვა მოქალაქეს, 16 დეკემბერს ტროტუარზე დგომით „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან.

ანი ახმეტელი პოლიციის მაიორმა გიგა ბატკუაშვილმა 17 დეკემბრის ვიდეოჩანაწერებში აღმოაჩინა. შეადგინა ოქმი და დაწერა:

„ვიდეოში ფიქსირდება მოქალაქე, რომელიც 20:35 საათზე დგას ტროტუარზე და დაბრკოლებას უქმნის ხალხის გადაადგილებას“.

ახალი კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულია და სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს დაჩქარებულად მიიღო, ანი ახმეტელს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. სხვა სანქციას, მაგალითად, ჯარიმას ან გაფრთხილებას გამკაცრებული კანონი აღარ ითვალისწინებს.

თუკი ანი ახმეტელს სამართალდარღვევად ცნობენ, ის კი აქციებზე სიარულს გააგრძელებს, შსს კი ისევ ჩათვლის, რომ მან ფეხითმოსიარულეები შეაფერხა, მის წინააღმდეგ უკვე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება და ერთ წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ჩანაწერები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო რამდენიმე თვეში ეტაპობრივად შევიდა.

  • შეზღუდვების პირველ ეტაპზე შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევა უპირობო პატიმრობად იქცა. კანონიდან გაქრა ჯარიმისა და გაფრთხილების შესახებ ჩანაწერები.
  • შემდეგ - გზის გადაკეტვა გახდა დაჯარიმების საფუძველი.
  • მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა და ეს ჩანაწერიც მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობას დაექვემდებარა. ამ მუხლით ათობით დემონსტრანტი დააპატიმრეს.
  • ამ დარღვევის განმეორება სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა. გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 61 წლის
    ზურაბ მენთეშაშვილი 55 დღეა შიმშილობს.
  • შეზღუდვების მორიგ ეტაპზე ტროტუარზე საპროტესტო აქციის გამართვა დარეგულირდა. თუ აქამდე დემონსტრანტებს საავტომობილო გზის ნაცვლად ტროტუარზე დგომისკენ მოუწოდებდნენ, ახლა მოსამართლეებს იმის გარკვევა მოუწევთ მოქალაქე ტროტუარზე კანონიერად იდგა თუ არა.


რაში ნიშნავს „ტროტუარზე კანონიერად დგომა“?

ახალი კანონით, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ტროტუარზე რაიმეს გაპროტესტებას გადაწყვეტს, ვალდებულია შსს 5 დღით ადრე გააფრთხილოს. აქციის ორგანიზატორმა ან შეკრებაზე პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო დეპარტამენტს წერილობით უნდა მიმართოს.

შსს-ს მიენიჭა უფლება, თავად გადაწყვიტოს როდის გახსნას ტრანსპორტისა თუ ხალხის სავალი ნაწილი, როდის აღადგინოს ან შეაჩეროს მოძრაობა. ამ გადაწყვეტილებას, კანონის თანახმად, პოლიციელი შეკრებილი ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით იღებს.

​თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია ახალ წესებს არღვევს შეკრებილებს 15 წუთს მისცემს. დაუმორჩილებლობას კი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

შსს-ს იურისტის თინათინ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ „თუ მოქალაქეთა ჯგუფი შეკრებას აპირებს და ეს შეკრება წინასწარგანზრახულია და არა სპონტანური, უფლებამოსილმა პირმა განცხადებაში, უნდა მიუთითოს, სად გაიმართება აქცია, ვინ და რამდენი შეიკრიბება, როგორია აქციის ხასიათი“.

შსს ვალდებულია განცხადებები საჯაროდ გამოაქვეყნოს.

შსს-ს კიდევ ერთი იურისტის, თეონა დემურხანაშვილის მსჯელობაზე დაყრდნობით კი, სავარაუდოა, რომ შსს განცხადებაში მოხმობილი ფაქტების რეალობასთან შესაბამისობის შემოწმებასაც შეეცდება და ამაზე დაყრდნობით გადაწყვეტს გამოაქვეყნოს თუ არა ისინი.

  • თუ შსს ჩათვლის, რომ განცხადებაში ასახული ინფორმაცია არადამაჯერებელია, განცხადებას არ დაარეგისტრირებს.
  • მიმართვის დახარვეზების საფუძველი განცხადების შედგენის ფორმალური წესების დაუცველობაც შეიძლება გახდეს.


ამ ეტაპზე ბუნდოვანია, რა ჩაითვლება დარეგისტრირებად - რეგისტრაციის ნომრის მიღება თუ საიტზე გამოქვეყნება, თუ საიტზე არ გამოქვეყნდა, მაგრამ დარეგისტრირდა, შესრულებული იქნება კანონის მოთხოვნა შეტყობინების ვალდებულებაზე?

მაგალითად, თინათინ კაჭკაჭიშვილმა თქვა, რომ შსს-ში 17 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით 50-მდე განცხადება შევიდა, მათი ავტორი აქტივისტი მიხეილ ცაგარეიშვილი იყო. უწყებაში მიიჩნიეს, რომ „არცერთი მათგანი ფორმადაცული არ იყო“ და საიტზე არ გამოაქვეყნეს.

რას ნიშნავს „ფორმადაცულობა“ და ჰქონდათ თუ არა უკუკავშირი განცხადების ავტორთან ხარვეზის გამოსასწორებლად? - ეს კითხვა ღიადაა დარჩენილი.

„...მითითებული იყო ლოკაციები, რომელიც არც კი იძებნებოდა... ფორმადაცულად არ იქნა მიჩნეული და არ გამოქვეყნებულა შსს-ს გვერდზე... პატრულმა მოუწოდა დაშლილიყვნენ, მოწოდებას დაშლაზე არ დამორჩილებიან“, - თქვა მან.

ამის საპირისპიროდ ანი ახმეტელის ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ სასამართლოს გადასცა იურისტ კახა წიქარიშვილის განცხადებები, თავისივე სარეგისტრაციო ნორმებით. მოსამართლემ ეს დოკუმენტები საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

შსს-ში თქვეს, რომ ამ განცხადებების შესახებ ინფორმირებულები არ არიან.

ზვიად ცეკვავა, მოსამართლე: ბატონი მალხაზის შუამდგომლობს საფუძველზე დართულია კახა წიქარიშვილის 9 განცხადება, ამაზე ვისაუბროთ...

თეონა დემურხანაშვილი, შსს-ს იურისტი: უნდა იყოს განცხადების მიღების თარიღი და დრო, თუ მიმითითებთ, სად არის მითითებული თარიღი და დრო...

მალხაზ პატარაია, ადვოკატი: მესიჯები წარმოგიდგინეთ.

თეონა დემურხანაშვილი, შსს-ს იურისტი: როგორ მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ახლა სასამართლო პროცესზე?

მალხაზ პატარაია, ადვოკატი: დაუკავშირდით და მოახდინეთ.

კანონის და კონსტიტუციის თანახმად, განცხადების ავტორი ვალდებული არაა შსს-ს ნებართვას დაელოდოს. შსს-ს იურისტები თინათინ კაჭკაჭიშვილი და თეონა დემურხანაშვილი კი ამტკიცებდნენ, რომ „არცერთ განცხადებაზე, რომელიც უწყებაში შევიდა, თანხმობა არ გაუციათ“.

ადვოკატი: აა, თანხმობა გვჭირდება?

დემურხანაშვილი: დიახ.

ადვოკატი: კონსტიტუციაში წერია?

დემურხანაშვილი: ვალდებული ხართ დაელოდოთ უწყების ნებართვას.

ადვოკატ მალხაზ პატარაიას თქმით, კანონში არსად წერია, რომ დემონსტრანტებს შესაკრებად შსს-ს ნებართვა სჭირდებათ და თუ ასეა, სთხოვს მხარეს, რომ მიუთითოს შესაბამის ნორმაზე.

და რომც არსებობდეს ასეთი ჩანაწერი, ის კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი შეკრების უფლებას იცავს.

ამ მუხლის თანახმად:

  1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
  2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
  3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

შსს-ს იურისტების მტკიცებით, ტროტუარზე აქციის ჩატარებისას „უნდა იყოს დაცული ტროტუარზე განლაგების წესი“.

რას ნიშნავს ეს - თეონა დემურხანაშვილს აღარ განუმარტავს. დარბაზს სიცილის ტალღამ გადაუარა.

თუ მოსამართლე ზვიად ცეკვავა ანი ახმეტელს სამართალდამრღვევად ცნობს, მის მიერ სხდომაზე დასმული კითხვები ტროტუარზე პროტესტის შესახებ კანონის პრაქტიკაში აღსრულების აქამდე უცნობ წესებს დაუდებს საფუძველს.

რატომ ვამბობთ ამას?

მოსამართლე დაინტერესდა ეცადა თუ არა ანი ახმეტელი, გაერკვია ნებადართულ აქციაში მონაწილეობდა და თუ არა:

  • დარეკა შსს-ს ცხელ ხაზზე?
  • ჰკითხა აქციის ორგანიზატორს ჩაიბარა თუ არა უწყებამ მისი განცხადება?
  • დაინტერესდა გაგზავნილი განცხადების ბედით?


მოსამართლე: იცოდით კახა წიქარიშვილის განცხადების შინაარსი?

ანი ახმეტელი: არა, არ ვიცოდი კონკრეტულად შინაარსი, ვიცოდი, რომ განცხადება გაგზავნილი იყო.

მოსამართლე: პასუხი არ იცოდით?

ახმეტელი: არა

მოსამართლე: ხომ არ მოიკითხეთ?

ახმეტელი: არა, მე მოქალაქეს როგორ უნდა მომეკითხა?

მოსამართლე: დაგერეკათ შსს-ში.

მოსამართლის დაწყებული შსს-ს იურისტმა თეონა დემურხანაშვილმა გააგრძელა:

„არ გაგიჩნდათ სურვილი ორგანიზატორთან მისულიყავით, გამოგეკითხათ, სად უნდა დამდგარიყავით? ამ ინფორმაციის მოკვლევის სურვილი არ გაგჩენიათ?“

ახმეტელი: თქვენ ახლა იმას ამბობთ, რომ ვინც ორგანიზატორია შესასვლელში უნდა იდგეს და ყველა უნდა მივიდეს და უთხრას რომ მოვედიო?

მოსამართლე ზვიად ცეკვავა ჩაერია:

„აქციის ორგანიზატორის ფუნქცია რა არის?“

ახმეტელი: რომ არ დავარღვიოთ კანონი... ჩვენ იქ კანონი არ დაგვირღვევია.

მოსამართლე: ანუ თქვენ აცხადებთ, რომ რადგანაც აქციის ორგანიზატორის მხრიდან მითითება არ ყოფილა, თქვენი ქმედება იყო კანონიერი?

ადვოკატი: და პოლიციელის...

ახმეტელი: არ გამიგია პოლიციელის მოწოდება.

სასამართლოში მოსმენილზე დაყრდნობით გამოდის, რომ თუ გსურთ ტროტუარზე დგომისთვის თქვენ და თქვენი მეგობრები არ დაგაპატიმრონ:

  • ხუთი დღით ადრე შსს-ს განცხადებით უნდა მიმართოთ და დეტალურად დაწეროთ, სად იკრიბებით, რამდენი, რატომ და როგორ...
  • მიმართვის შემდეგ შსს-ს დადასტურებას და განცხადების საიტზე გამოქვეყნებას უნდა დაელოდოთ.
  • თუ უწყებას თქვენს ტექსტში გადმოცემული ინფორმაცია, მაგალითად, აქციის მონაწილეთა მოსალოდნელი რაოდენობა არარეალურად მოეჩვენება, შესაძლოა უარიც მიიღოთ.
  • როგორ გაცნობებენ ამის შესახებ? - ბუნდოვანია.
  • თუ აქციის მონაწილე ხართ, აუცილებლად იპოვეთ ორგანიზატორი და გამოჰკითხეთ, რა პასუხი მიიღო შსს-სგან? შემთხვევით განცხადება ტექნიკური ან სხვა მიზეზით ხომ არ დაუხარვეზეს?
  • ან შსს-ში დარეკეთ ან ოფიციალური წერილი გააგზავნეთ.
  • მხოლოდ ამის შემდეგ დადექით ტროტუარზე.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ტროტუარზე მოქალაქის დგომა კანონდარღვევად ჩაითვლება, რადგან შესაძლოა ხელი შეუშალეთ ფეხითმოსიარულე თანამოქალაქეებს.
  • პოლიცია თუ მოგიწოდებთ „დატოვეთ ტროტუარი“ ემორჩილებით, თუმცა სად მიდიხართ? - ესეც ბუნდოვანია.

ამ აბსურდულ მდგომარეობაში გახვევის გარეშეც, ტროტუარზე პროტესტის მარეგულირებელი ახალი წესები ადვოკატების შეფასებით არაკონსტიტუციურია. ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ მიმართა მოსამართლე ზვიად ცეკვავას, შეაჩეროს საქმის განხილვა და საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ზვიად ცეკვავა ამბობს, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

- ამას სახალხო დამცველი გააკეთებს. საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზადაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს აერთიანებს.

ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ბოლო დროს მიღებულ კანონებში პროპორციულობისა და თანაზომადობის პრობლემებია, რადგან ზოგიერთ სამართალდარღვევაზე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული. ასეთი კანონებია, აქციაზე პირბადის ტარება, გზაზე ან ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG