მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია და ჩხრეკა ნაშუაღამევს ჩატარდა თბილისში, ორ ადგილას. დაკავებულია მათი პირადი მცველიც.
ორივე მათგანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, - ერთი ზაჰესში, მეორე კი დიღომში.
„არ ცნობენ თავს დამანშავედ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მათმა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.
რატომ დააკავეს
ამჯერად მათ „ჯგუფურად ძალადობასა“ და „გამოძალვას“ ედავებიან.
- ჯგუფური ძალადობა 2 წლამდე პატიმრობით ისჯება;
- გამოძალვა 2-და 4 წლამდე პატიმრობით;
- ჯგუფურად გამოძალვა კი - 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.
„გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, - აცხადებს შსს.
„რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე“, - წერს სამინისტრო.
საქმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია - მათ ბრალს, სავარაუდოდ, მომდევნო 48 საათში წარუდგენენ.
დეტალების ნაწილი სასამართლო სხდომაზე გაირკვევა.
ერთ-ერთი ძმის, დავით ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკას კრწანისში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ესწრებოდა ადვოკატი გიორგი ანთაძე.
მისი თქმით, „სახლიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოუღიათ“.
ვინ არიან ფეიქრიშვილები
გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელი წარსულში არაერთ გახმაურებულ საქმესთან დაუკავშირებიათ, - როგორც პროკურატურას, ისე მედიას.
ერთ-ერთი ასეთი იყო 2023 წელს ვაკიდან 2 მილიონი ლარის ყაჩაღობის საქმე.
- 2023 წლის ოქტომბერში, თბილისის ცენტრში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, კრიპტო-სერვისცენტრ „ტონვექსიდან“ 2 მილიონი ლარი გაიტაცეს.
- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის ორგანიზატორად დავით ფეიქრიშვილს ასახელებდნენ.
- ამ საქმეზე მათ ბრალიც წარუდგინეს და პირველი ინსტანციის სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა;
- თუმცა, როგორც ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა რადიო თავისუფლებას 22 სექტემბერს, - მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ისინი გაამართლა.
2020: მკვლელობის გეგმა
2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ძმები ფეიქრიშვილების „შეკვეთილი მკვლელობის მომზადება“ აღკვეთეს.
სუსის ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციის შედეგად საქართველოში ექვსი, უკრაინაში კი ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, თბილისში მცხოვრები ორი ადამიანის მკვლელობა სწორედ უკრაინაში იგეგმებოდა (სუსის განცხადებაში ისინი მხოლოდ ინიციალებით - გ.ფ. და დ.ფ. - იყვნენ მოხსენიებული).
პროკურატურაში ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის სავარაუდო დამკვეთად იმ დროს უკრაინაში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს, ვატო ყიფიანს, ასახელებდნენ.
მოტივი - შურისძიება ჯოხაძის მკვლელობისთვის?
"ტვ პირველის" ცნობით, შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მოტივი 2016 წელს ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდა:
- სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის დაპატიმრებულია ბადრი („ბადუკა“) ნათობაძე - მან ჯოხაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა;
- ძმებ ჯოხაძეებს ნათობაძესთან დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდათ;
- მედიაში გავრცელებული ცნობებითვე, წარსულში მომხდარი ინციდენტისას ერთ-ერთ კაფეში „ჯოხაძეებმა ნათობაძეს ყური მოაჭრეს“, - ამ უკანასკნელის ადვოკატი „ყურზე დაზიანების კვალს“ ადასტურებდა.
- მედიის ცნობით, სოსო ჯოხაძის ახლო გარემოცვიდან იყო ვატო ყიფიანი, - რომელსაც ამ დაგეგმილი თავდასხმის უკან მოიაზრებდნენ.
- ყიფიანი ამ საქმეზე თბილისში დააკავეს კიდეც 2021 წლის 21 ივნისს, - უკრაინიდან მისი გაძევების შემდეგ, - და პატიმრობა შეუფარდეს. უცნობია საბოლოო განაჩენი.
- მოგვიანებით, 2021 წლის 16 ნოემბერს, კიევში ჩაცხრილეს ჯოხაძეების გარემოცვის წევრი, ირაკლი მალანია. მალანია მიყენებული დაზიანებების შედეგად 26 ნოემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
- ამ საქმეზე დააკავეს გიორგი არუთინოვი, - რომელსაც მედიაში „ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრად“ მოიხსენიებდნენ.
სოსო ჯოხაძის ძმას, გიორგი ჯოხაძეს კი ამჟამად უვადო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისა და შეკვეთის ბრალდებით, - ის ბრალს უარყოფს და საზღვარგარეთ მიმალვაშია.
გიორგი ჯოხაძე, პროკურატურის ვერსიით, დავით და გიორგი მიქაძეების გარემოცვის წევრია, - რომლებიც, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მეგობრები არიან.
შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობენ ძმები მათი მკვლელობის მცდელობაზე, რაც სუსმა აღკვეთა, ადვოკატი ახლა ამბობს, რომ ამ საკითხზე [სუსის გამოძიებაზე] ძმებს პოზიცია ვერ ექნებოდათ - პოზიცია „პროკურატურას უნდა ჩამოეყალიბებინა“.
ფორუმი