მართალია, გენპროკურორის პოსტს, 2013 წელს, არასრული 2 თვით იკავებდა, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დიდხანს „ქართული ოცნების“ კეთილგანწყობითა და, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით - მფარველობითაც სარგებლობდა, 2025 წლამდე, ვიდრე შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად არ დაასახელებდნენ, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც წარუდგენდნენ ბრალს და დაუსწრებლად მიუსჯიდნენ პატიმრობას.
- რა მიზნები აქვს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ახლა?
- ხომ არ უკავშირდება მისი არჩევანი მართლმსაჯულებისგან დამალვას?
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ფარცხალაძის ფოტო, ტელეგრამარხზე, ერთ-ერთმა პირველმა, მისმა მეგობარმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა - კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ საერთაშორისო მდივანმა, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქემ.
„[ფარცხალაძის რაზმს] აფინანსებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო“ - გვეუბნება ფიფია და აზუსტებს, რომ ეს არ არის კერძო სამხედრო კომპანია [ЧВК], რომელიც, მისი ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ, რუსეთში საერთოდ აღარ იქმნება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ის მიერ ფარცხალაძეზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, რაზმი „თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების“ მოხალისეთა კავშირს წარმოადგენს. საჯარო წყაროების თანახმად, ასეთი ქვედანაყოფები მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებენ.
რუსეთის ხელისუფლებასთან კარგი კავშირების მქონე ფიფიას ვკითხეთ - მან ხომ არ გაუკვლია გზა მეგობარს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დერეფნებში?
“მე უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი ვარ. წვდომა არ მაქვს” - თქვა მან.
ოთარ ფარცხალაძე, 2023 წლიდან, აშშ-ის მიერ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთთან თანამშრომლობის გამოა დასანქცირებული.
თვითონ ფარცხალაძე აპირებს ბრძოლას? აქვს ბრძოლის გამოცდილება? - მამუკა ფიფია მიგვითითებს რუსეთის მედიით 7 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ფარცხალაძე СВО-ს [სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებს კრემლი უკრაინასთან ომს] ვეტერანია - „ანუ უკვე იბრძოდა“.
- და სად იბრძოდა?
„მგონი ლუგანსკი“ - გვპასუხობს რომანოვ-ფარცხალაძის მეგობარი პოლიტიკოსი.
მამუკა ფიფიას ვკითხეთ ასევე - თავადაც ხომ არ არის ჩართული ამ სამხედრო რაზმის ფორმირების ორგანიზებაში? რადგან არსებობს ვიდეომასალები, სადაც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი და ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს კიდეც, რომ - თუ საჭირო გახდება, არც ბრძოლაზე დაიხევს უკან.
„მე პოლიტიკით ვარ დაკავებული - სახალხო დიპლომატია“ - ფიფია აღნიშნავს ასევე, რომ არასოდეს დახმარებია ფრონტს და ჰუმანიტარული დახმარება, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, მხოლოდ ლტოლვილებისთვის ჩაჰქონდა.
ტასის თანახმად, „მან [ფარცხალაძემ] ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ДНР-ში [რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკი], კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში“.
საჯარო წყაროების თანახმად - 2024 წლის აგვისტოში - რუსეთის კურსკის ოლქში [სადაც მაშინ უკრაინული არმიის შენაერთები იყვნენ შესული] ფიფიამ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა „რუსეთში მცხოვრები ქართველების სახელით“ და რუსეთის მედიას უთხრა - რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში [აფხაზეთში ომის შემდეგ] რუსეთმა ქართველი ლტოლვილებზე ყოველმხრივ იზრუნა.
2025 წლის 9 მაისს, როცა პრეზიდენტი პუტინი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავს აღნიშნავდა, წითელ მოედანზე ერთად იყვნენ მამუკა ფიფია და ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც, 2024 წელს, რუსული სამეფო გვარი - რომანოვი დაიმატა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” სწორედ ფარცხალაძე-რომანოვის ხელშეწყობით შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლებაში დადასტურებული აქვთ, რომ ვიზების მოხსნისა თუ პირდაპირ ფრენების აღდგენის თემებზე რუსეთში მიმდინარე მოლაპარაკებებში ფარცხალაძეც მონაწილეობდა.
გეორგიევსკი
ტასის თანახმად, რაზმის მეთაურმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ დააკონკრეტა, რომ “სახელწოდება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში”.
“თქვენ ხომ არ მიაწოდეთ სახელის იდეა - “გეორგიევსკი” რომ დაერქმია?” - ვეკითხებით ფიფიას, რომელიც უკვე დიდი ხანია, რუსეთსა და საქართველოს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების - “გეორგიევსკის ტრაქტატი 2”-ის - ხელმოწერის იდეას ლობირებს.
“არა” - მისი პასუხი ამჯერადაც უარყოფითია.
რომანოვ-ფარცხალაძის რაზმის სახელთან დაკავშირებით, რუსული მედია საგანგებოდ მიუთითებს, რომ “საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატს“ მიიჩნევს პროგრესულ ნაბიჯად, რომელმაც „ქვეყანა გადაარჩინა“".
„გეორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის; „ტრაქტატის“ მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.
„მალე უფრო ვრცლად ბატონი რომანოვი ისაუბრებს რუსეთის ცენტრალურ მედიაში“, - ფიფია გვეუბნება, რომ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი დამატებით ინფორმაციას ტასისა და იზვესტიას საშუალებით მალე გაავრცელებს.
"სამშობლოს" დაცვა თუ იმუნიტეტი?
„სახელმწიფო ორგანოებს მასზე გამოცხადებული აქვს ძებნა. თუ ჩვენ მას დავაკავებთ, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება საპატიმრო დაწესებულებაში. ის კაცი ჩემს თვალში არის დამნაშავე, რომელსაც ვეძებთ”, - უთხრა ჟურნალისტებს 8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა. მან „გარეწარი“ უწოდა ადამიანს, რომელიც საქართველოს ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით - „იმის მხარეს“ [რუსეთის] დაიწყებს ბრძოლას - „ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული”.
“ინტერპოლითაც და ყველა სხვა საშუალებითაც დავიწყებთ მოძებნას და მოიძებნება” - ამბობს შარმანაშვილი.
მან დაამატა ასევე, რომ, დაჭერის შემთხვევაში, ფარცხალაძე უკრაინასაც გადაეცემა.
„ფარცხალაძე სხვა ქვეყნის [რუსეთის] მოქალაქეა... თუ მას უკრაინა დაუწყებს ძებნას და ის ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ჯერ ჩვენ გავასამართლებთ - რაც აქ დააშავა და მერე მეგობარ უკრაინას გადავცემთ - რაც [იქ დააშავა]“, - ამბობს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი.
რომანოვ-ფარცხალაძე სამშობლოდ რუსეთს აღიარებს და მისი დაცვა დასავლეთისგან სურს. „დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ სამშობლოს დავეხმარო, ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა მან ტასთან.
„Смешно [სასაცილოა]“ - ასე აფასებს მამუკა ფიფია დისკუსიებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია, სამხედრო გზა რომანოვ-ფარცხალაძისთვის დაჭერისა და ექსტრადიციისთვის თავის არიდების საშუალება იყოს.
„რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია არ შეიძლება“ - განმარტავს ფიფია.
მაგრამ საქართველოს შეუძლია მოითხოვოს რუსეთის მოქალაქის დასჯა რუსეთში. მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების ეფექტიანი გზა იქ ომს უკავშირდება.
რუსეთში მოქმედი კანონით, თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ან სასამართლო პროცესი, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისა და ომში წასვლის მომენტიდან სისხლისსამართლებრივი დევნა მყისიერად უჩერდებათ, ხოლო ომის დასრულების ან სახელმწიფო ჯილდოს მიღების შემდეგ - სრულად უუქმდებათ.
2024 წლის შემოდგომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმეს. ეს შეეხება უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებასაც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების რჩეული
როდესაც 2013 წლის ნოემბერში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი - ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად წარადგინა, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ფარცხალაძემ ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა სისტემის გასაჯანსაღებლად:
„აბსოლუტურად იდენტური ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში, პირველ რიგში, კადრების გაჯანსაღების კუთხით და იმ საქმეების გამოძიების დაჩქარების კუთხით, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ამას არ შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს. პირდაპირ გეტყვით, გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც თავისი გუნდით მოვა“.
ფარცხალაძის რეფორმები დიდხანს ვეღარ გაგრძელდა - უკვე 2013 წლის დეკემბერში, მას გენპროკურორობის პოსტიდან იძულებით წასვლა მოუწია, გერმანიაში ჩადენილ წვრილმან დანაშაულზე მისი ნასამართლეობის ფაქტის გამჟღავნების შემდეგ.
ოთარ ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობით სარგებლობდა. მედია ხშირად იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის ნათქვამს, რომ - მისი ვაჟი, ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
ივანიშვილი არაერთ ხმაურიან ბრალდებაზე გამოესარჩლა ყოფილ გენპროკურორს, მათ შორის იყო ფიზიკური ძალადობა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსზე, ლაშა თორდიაზე თუ სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე.
2018 წელს ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ფარცხალაძე ორივე ეპიზოდში დაიცვა. მან თქვა, რომ ლაშა თორდია „არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე“ და საეჭვოდ ეჩვენება „ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში”. სპორტის ყოფილ მინისტრზე ძალადობის შესახებ კი ივანიშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძეს „ყიფიანმა შეაგინა... და ქართველი კაცისთვის შეგინება იცით, რაც არის“-ო.
2023 წლის სექტემბერში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“ ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა; ხოლო “ქართული ოცნება” აშშ-ისგან ამ ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვდა.
„როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები… საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია", - აცხადებდა იმხანად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ირაკლი კობახიძე.
2026 წლის 29 იანვარს, შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს - „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" ედება ბრალად. 2025 წლის 30 დეკემბერს, შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ფარცხალაძე-რომანოვს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ეს საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა.
ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდა „ომეგა“ ჯგუფისა და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საქმეშიც. ოქუაშვილი ამბობდა, რომ ფარცხალაძე, ივანიშვილის დავალებით - მას 4 მილიონ ლარს სძალავდა.
2026 წლის თებერვალში, პროკურატურამ განცხადება გააკეთა “ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაულის” გამოვლენისა და ათი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
“ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს”, - აცხადებდა საგამოძიებო უწყება. ახლა ამ საქმესაც სასამართლოში განიხილავენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.
ფორუმი