Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის საარჩევნო პროგრამაში კათალიკოსის გადაყენება და „ეკლესიის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაც“ შედის

ნიკოლ ფაშინიანი და გარეგინ II, 2019 წლის ფოტო. ახლა ისინი დაპირისპირებულები არიან.
ნიკოლ ფაშინიანი და გარეგინ II, 2019 წლის ფოტო. ახლა ისინი დაპირისპირებულები არიან.

სომხეთის მმართველმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტიის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის გადაყენება და ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის არჩევა.

3 აპრილს გამოქვეყნებულ პროგრამაში წერია, რომ პარტია მხარს უჭერს „სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის რეფორმების დღის წესრიგს“ და საამისოდ სთავაზობს „საგზაო რუკას“:

  1. ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელის გადაყენება (პენსიაზე გასვლა)“;
  2. ეკლესიის დროებითი მმართველის არჩევა;
  3. ეკლესიის წესდების მიღება, რამაც „უნდა განსაზღვროს მექანიზმები ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და სასულიერო პირების კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველსაყოფად“;
  4. ახალი კათალიკოსის არჩევა.

გარეგინ II-ის გადაყენება, - რასაც რამდენიმე თვეა, ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ ითხოვს, - ახლა 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა.

„საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“

ფაშინიანის გუნდის წევრები კათალიკოსს მოიხსენიებენ საერო სახელით - კტრიჩ ნერსისიანი - და მას ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელს“ უწოდებენ.

„კტრიჩ ნერსისიანი წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა 6 აპრილს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.

„კარგი იქნებოდა, თუ სხვა პარტიებიც თავიანთ პროგრამებში შეიტანდნენ კტრიჩ ნერსისიანისა და იმ ადამიანებისგან ეკლესიის გაწმენდისა და გათავისუფლების საკითხს, რომლებიც აკნინებენ სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიას“, - თქვა მან.

„ეს დიდ სარგებელს მოუტანდა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს.

  • სომხეთის ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ;
  • კათალიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში - საქმე ფაშინიანის მხარდამჭერ ეპისკოპოსს უკავშირდება;
  • სომხეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ეპისკოპოსი საროიანი, - რომელიც გარეგინ მეორემ განკვეთა - უნდა აღდგეს ეპარქიის ხელმძღვანელად; ეკლესია კი აცხადებს, რომ სასამართლოს არ აქვს ეს უფლება და მღვდლები მხოლოდ კანონიკურ წესებს ემორჩილებიან. გარეგინ II-მ 27 იანვარს მაინც მიიღო ეპისკოპოსის განკვეთის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე აღიძრა.

გარეგინ მეორეს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს - ამიტომაც ვერ შეძლო მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლა.

კრიტიკოსები სომხეთის მმართველ გუნდს ადანაშაულებენ ეკლესიის საქმეების ჩარევასა და სეკულარიზმის პრინციპის დარღვევაში, ასევე, მართლმსაჯულების პოლიტიზებაში.

სომხეთში მოსახლეობის 95,2% - დაახლოებით 2,8 მილიონი ადამიანი - სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია.

„სამოქალაქო კონტრაქტის“ საარჩევნო პროგრამას, რომელიც 2026-31 წლებს ეხება, თან ერთვის ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა, რომელშიც ამბობს:

„წადით არჩევნებზე 7 ივნისს და აირჩიეთ მშვიდობა „სამოქალაქო კონტრაქტისთვის“ ხმის მიცემით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG