Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ევროინტეგრაციის უდიდესი პრობლემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაყინვაა - ფაშინიანი

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა“, - თქვა ფაშინიანმა ევროპარლამენტში.
„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა“, - თქვა ფაშინიანმა ევროპარლამენტში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის უდიდესი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე არის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების „გაყინვა“.

ფაშინიანი საუბრობდა სომხეთის სურვილზე, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და შესაბამისი სტანდარტები და კანონმდებლობა დანერგოს; მან თქვა, რომ უპირველესი მიზანია ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების ობიექტურად დაკმაყოფილება.

„როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი გზა - ან ევროკავშირი მიგვიღებს სრულუფლებიან წევრად, ან არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის, რომ ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრის მიღება მარტივი საქმე არ არის. ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხია“, - თქვა მან.

„თუ ევროკავშირი სომხეთს სრულუფლებიან წევრად მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არა, ჩვენ მაინც ვიმსახურებთ, რადგან ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

„უდიდესი პრობლემა“

„თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა“, - თქვა ფაშინიანმა.

„ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა“, - განაცხადა მან და დასძინა:

„ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“.

ნიკოლ ფაშინიანი მარტის დასაწყისში თავისი მთავრობის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

ერთობლივ ბრიფინგზე ლიდერებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში ქვეყნების გარშემო შექმნილი „რთული ვითარების“ ფონზე.

ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი კობახიძე საქართველოში, 4 მარტს, ერთობლივ ბრიფინგზე
ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი კობახიძე საქართველოში, 4 მარტს, ერთობლივ ბრიფინგზე

„მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა ფაშინიანმა 4 მარტს.

დღეს ევროპარლამენტის წინაშე მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის მხარდაჭერისათვის და, უფრო ფართოდ, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისათვის“.

სომხეთი, საქართველო და ევროკავშირი

  • სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში, ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.
  • 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
  • რაც შეეხება საქართველოს - 2024 წლიდან შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი, ევროკავშირის მხრიდან სამთავრობო ფინანსური დახმარება და „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები;
  • ამის მიზეზია ბრიუსელის მიერ ანტიდემოკრატიულად მიჩნეული კანონებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში სერიოზულ უკუსვლად შეფასებული ვითარება;
  • 2026 წლის 6 მარტიდან საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკომისიის 2024 წლის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG