Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მონიტორის" ახალი გამოძიება ფეისბუკგვერდის წაშლამ მცირედით შეაფერხა - რა ვიცით ამ ეტაპზე

"მონიტორის" ახალი გამოძიება ფეისბუკგვერდის წაშლამ შეაფერხა (ფოტოკოლაჟი)
"მონიტორის" ახალი გამოძიება ფეისბუკგვერდის წაშლამ შეაფერხა (ფოტოკოლაჟი)

„სტუდია მონიტორის“ თანამშრომლებმა 3 აგვისტოს, დილით ადრე აღმოაჩინეს, რომ მათი ფეისბუკგვერდი აღარ გაიხსნა. სწორედ 3 აგვისტოს 21:00 საათისთვის იგეგმებოდა მორიგი საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნება - „ქოლ-ცენტრების“ გაშიფრულ თაღლითებზე, რომლებიც უკანონო საქმიანობას განაგრძობენ.

საღამოს გვერდის მუშაობა განახლდა. "რა ტყუილად გაგიხარდათ" - დაწერა ფეისბუკზე საგამოძიებო პლატფორმის ხელმძღვანელმა, ნინო ზურიაშვილმა.

სპეციალისტების განმარტებით, ეს არ იყო „ფეისბუკის გატეხა“ ანდა გვერდის სამუდამოდ წაშლა; ხოლო Meta-სთან კომუნიკაციის შედეგად, გვერდის სრულად აღდგენა შესაძლებელი იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სტუდია მონიტორი“ იუტუბმა და ფეისბუკმა არაერთხელ დაბლოკეს - გაურკვეველი ელექტრონული მისამართებიდან მისული საჩივრების გამო. თემატურად: ორი შემთხვევა ერთი და იმავე „სკამერების“ ამბავთან იყო დაკავშირებული; თუმცა იყო სხვა შემთხვევებიც, მათ შორი - თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენმდივნის, კახი კალაძის ოჯახის ქონებასთან დაკავშირებული.

„სტუდია მონიტორი“ მწვავე ჟურნალისტური გამოძიებებით გამოირჩევა და ხშირად იწვევს გაღიზიანებას ხელისუფლების წარმომადგენლებში თუ მათ მომხრეებში. თუმცა მისი გამოძიებების გმირებიდან, წლების შემდეგ, არაერთი გასამართლდა და გისოსებს მიღმაც მოხვდა.

მცირე შეფერხება 6-თვიანი მუშაობის შემდეგ

„მიუხედავად იმისა, რომ მათი [„სკამერების“] მხილება შარშან საერთაშორისო დონეზე მოხდა და საქმეც არის აღძრული, ისინი კვლავ განაგრძობენ [საქართველოში] საქმიანობას... იმედია, ამ სიუჟეტს მალე ნახავს მაყურებელი - ძალიან საინტერესო სიუჟეტია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თაღლითური „ქოლ-ცენტრის“ თანამშრომლების შესახებ მომზადებული ახალი საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთმა ავტორმა, მარი დუდუნიამ, ვიდრე ფეისბუკგვერდი აღდგებოდა. მარი დუდუნია და ნინო რამიშვილი ამ თემაზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ქოლ ცენტრების" თაღლითურ სქემებზე პირველი ფილმი შარშან, მარტში გამოქვეყნდა - მაშინ საერთაშორისო საგამოძიებო პროცესში სამი ქართული მედიაორგანიზაცია მონაწილეობდა და ერთ-ერთი "სტუდია მონიტორი" იყო. მაშინ დადგინდა, რომ ევროპელებსა და კანადელებს თბილისიდან ძარცვავდნენ. ეს ახალი ფილმი კი, სრულად "მონიტორის" ჟურნალისტების მომზადებულია.

შრომატევადი ნამუშევრის გამოქვეყნება, რასაც დიდი ინტერესით ელოდებოდა მაყურებელი, "მონიტორმა" ფეისბუკის აღდგენამდე შეაჩერა; რადგან, როგორც ჟურნალისტები ფიქრობენ, ფეისბუკზე გაზიარების გარეშე, სადაც მათ მხარდამჭერთა უმრავლესობა ეგულებათ, ფილმი სასურველ ფართო აუდიტორიას ვერ მისწვდებოდა.

რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი? - დილით ეს გაურკვეველი იყო, თუმცა პრობლემა მოკლე დროში მოგვარდა.

„მონიტორმა“ დროულად მიმართა „ექსეს ნაუს“ (Access Now), რომლის დახმარების იმედიც ჰქონდა.

„ექსეს ნაუ“ (Access Now) არის ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს და აძლიერებს ადამიანების ციფრულ უფლებებს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საფრთხის ქვეშ მყოფ თემებს, აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს.

ივლისში, იუტუბარხის აღდგენას სამი დღე დასჭირდა.

„მიზეზად [იუტუბს] არაფერი დაუსახელებიათ. ბოდიში მოგვიხადეს, გვითხრეს - თქვენი საჩივარი განვიხილეთ და დავადგინეთ რომ არ გაქვთ ქოფირაითზე [Copyright - საავტორო უფლება] დარღვევაო“ - იხდენებენ "მონიტორის“ თანამშრომლები რადიო თავისუფლებასთან.

საგამოძიებო პლატფორმას საავტორო უფლებების დარღვევას ედავებოდნენ. ადრესატი ბრალდებებს აბსურდად თვლის.

„მონიტორმა“ გადაამოწმა ელექტრონული მისამართები, რომლებითაც ივლისში საჩივრები გაიგზავნა - ისინი ახლადშექმნილია და არ ყოფილა მიბნული არცერთ სოციალურ ქსელზე.

იუტუბის შემთხვევაში, ერთ-ერთი ასეთი ელექტრონული მისამართი, რომელმაც სამიდან ორი ვიდეო გაასაჩივრა, იწყებოდა სიტყვით - Zoro.

სადავო თემები

ბოლო ერთი წლის განმავლობაში - ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც იუტუბისა და ფეისბუკის გვერდების დაბლოკვა - „სკამერების“ შესახებ მომზადებულ ფილმებს ემთხვევა [შარშან და წელს].

2026 წლის ივლისში კი, როგორც „მონიტორში“ გვითხრეს - ჯერ სამი სხვადასხვა სიუჟეტი დაიბლოკა, ხოლო შემდეგ მთლიანად არხი.

მაშინ, ერთ-ერთი დაბლოკილი სიუჟეტი კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის ძვირფას ნივთებს შეეხებოდა; მათ შორის - სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებში მოხვედრილ 16 ძვირფას ჩანთას - რომლებიც, ფასიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის დეკლარაციაში უნდა ასახულიყო. რატომ არ შეაქვს ძვირადღირებული ჩანთები დეკლარაციაში თბილისის მერს? - შეკითხვას სვამდა “მონიტორი”.

“ეს ყველაფერი მოცემულია საერთო ხარჯში… ეს ხომ საბანკო ანგარიშებში ჩანს - ტრანზაქციებს როცა აკეთებ, იხდი ბარათით, ყველაფერი ჩანს… მე ასევე ვალდებულება მაქვს ბანკიდან ამონაწერები წარვადგინო, დეკლარაციის ჩაბარების დროს. რა თქმა უნდა ყველა ხარჯი შეკრებილია და მოცემულია კონკრეტული ციფრით დეკლარაციაში”, - უპასუხა “მონიტორს” კალაძემ. კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ - ძვირფასი ნივთები დეკლარაციაში ცალ-ცალკე უნდა იყოს აღნუსხული.

„სტუდია მონიტორი“ მწვავე ჟურნალისტური გამოძიებებით გამოირჩევა და ხშირად იწვევს გაღიზიანებას სახელისუფლებო წრეებში, თუმცა - წლების შემდეგ, ამ ფილმების გმირებიდან არაერთი პირი მიუციათ პასუხისგებაში და მათი ქმედება დაუგმიათ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

„მონიტორი“ ბოლო პერიოდში იძულებული გახდა ეპასუხა კახა კალაძისთვისაც - რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტებს „მატყუარებად“ და „თაღლითებად“ მოიხსენიებდა და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებდა.

მაისში „მონიტორს“ საპარლამენტო აკრედიტაცია გაუუქმეს.

"სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი მათ ჩემი საცხოვრებელი სახლის შესახებ გაავრცელეს", - ვკითხულობთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის ფეისბუკპოსტში, რომელიც მან 3 აგვისტოს გამოაქვეყნა. წილოსანმა სამართლიანად ჩათვალა საგამოძიებო პლატფორმის გვერდის წაშლა.

ჟურნალისტები ხელს არავის ადებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ - ვიღაცას ან ვიღაცებს მათი საქმიანობა აღიზიანებთ და შესაძლოა, ტექნიკური პრობლემებიც მათი შექმნილია.

„უკვე ერთი წელია, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ერთი ჩვენს თავზე... ხელისუფლებამ, პარლამენტმა რამდენი კანონი მიიღეს; იყო პერსონალურად შეტევა თვითონ „მონიტორზე“, პასუხიც გავეცით და კიდევ ეს ციფრული შეტევები... ზოგადად, თავისუფალ მედიაზე შეტევა, და „სტუდია მონიტორიც“ ხომ თავისუფალი მედიის ნაწილია, ყველა მეთოდებით იხვეწება და გრძელდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „მონიტორის“ ხელმძღვანელი, ნინო ზურიაშვილი.

“მონიტორს” მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ის მოუწოდებდა Meta-ს, სწრაფად აღადგინა „სტუდია მონიტორის“ წაშლილი გვერდი.

“ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედებენ კიბერდამნაშავეები და დიდი რესურსები იხარჯება ტროლ-ბოტების ქარხნებზე, რომლებიც რეგულარულად ესხმიან თავს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს, ექსპერტებს და აქტივისტებს, მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ”, - აღნიშნულია ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რა დაინახეს უსაფრთხოების სპეციალისტებმა

„ეს არ არის ფეისბუკის გატეხვა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების სპეციალისტმა ნინო გამისონიამ, რომელიც „მონიტორთან“ თანამშრომლობს და დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციას კიბერდაცვის საიმედო სისტემები აქვს.

გამისონია თავიდანვე აცხადებდა, რომ ფეისბუკგვერდი საბოლოოდ გაუქმებული ან წაშლილი არ იყო და მისი აღდგენა მოხერხდებოდა.

„როდესაც ასეთი შეტევები სისტემატურად მეორდება, ცხადია, ამ პროცესის უკან შეიძლება კოორდინირებული ქსელები იდგნენ და დიდი ეჭვია, რომ ეს ასეა, მათ შორის - ტროლების ქარხანაც ან რომელიმე ჯგუფის წევრები არეპორტებენ; მაგრამ ამას ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ასე მოხდა; 100%-იანი მტკიცებულება არა გვაქვს“, - ნინო გამისონიამ გვითხრა ასევე, რომ Meta-ს რეაგირების პროგნოზირება რთულია, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ - “თუკი მოკლე დროში დიდი რაოდენობით რეპორტს მიიღებს, სისტემა ავტომატურად შეზღუდავს გვერდს”.

ნინო გამისონიას, რომელიც საკითხის კვლევისა და მოგვარების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, დიდი იმედი ჰქონდა, რომ გვერდი აუცილებლად აღდგებოდა.

რადგან ფეისბუკისთვის, ისევე, როგორც იუტუბისთვის, საავტორო უფლებებს, როგორც კანონით დაცულ გარანტიას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს - სპეციალისტების განმარტებით, ხშირად სწორედ ამ მიზეზით წერენ საჩივრებს ამა თუ იმ გვერდის წაშლის მსურველებიც, რომლებსაც შესაძლოა სულ სხვა მიზნები ამოძრავებდეთ.

„Copyright-ის დარეპორტება, ამერიკული კანონმდებლობით და მეტას რეგულაციებით, იურიდიული სამართალდარღვევის შესახებ შეტყობინებაში გადის და ვიდრე საქმე გაირკვევა, წინასწარ იღებენ ზომებს: შლიან ვიდეოს, თიშავენ საიტს ან დროებით აუქმებენ წვდომას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, გიორგი სახოკიამ. მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევებს Meta ყურადღებით იკვლევს ყველა დეტალს და სიმართლის დამტკიცების სრული შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, იუტუბისგან განსხვავებით, ფეისბუკის შემთხვევაში, ვარაუდობდა, რომ შესაძლოა პროცესს მეტი დრო დასჭირვებოდა - რადგან სისტემა მოქნილი არ არის.

გახოკიას თქმით, იმავე Meta-სთან კომუნიკაციის დროს „მონიტორისთვის“ სასარგებლო მტკიცებულებად გამოდგებოდა მსგავსი შემთხვევები სხვა სოციალურ პლატფორმებზე, ახლო წარსულში, რაც კოორდინირებულ ქმედებებზე მიანიშნებს.

„მონიტორში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ორგანიზაციისა და თანამშრომლების პირად ელექტრონულ მისამართებზე გამუდმებით იგზავნება საეჭვო შეტყობინებები, რაც შესაძლოა „ფიშინგის“ მცდელობები იყო.

ფიშინგის დროს, თაღლითები სხვადასხვა გზით - მოტყუებით - აიძულებენ ადამიანს, რომ გაამჟღავნოს თავისი პერსონალური ინფორმაცია, პაროლები, კოდები - მათ მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდების საშუალებით, რომლებიც ხშირად, გარეგნულად ნამდვილი ვებგვერდების იდენტურია. ხშირად ეს თაღლითური სისტემა ითხოვს კოდსაც, რომელიც მოტყუებულ ადამიანს ტელეფონზეც მისდის. თაღლითებმა შესაძლოა გამოიყენონ ნაცნობის ან მეგობრის სახელი და მაგალითად, დახმარება ითხოვონ ამა თუ იმ საკითხში - რისი ბოლო მიზანიც ისევ პერსონალური ინფორმაციის მოპოვებაა.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG