როგორც კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, ამას წინ უძღოდა ორთვიანი გარდამავალი პროცესი - ნაწილობრივი ჩანაცვლებისა და ნედლეულის დივერსიფიკაციის პროგრამა.
„ამ ეტაპზე ჩვენს ქარხანაში ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი გადამუშავდება. ასევე, მიმდინარე თვის დარჩენილ დღეებში ველოდებით ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის პირველ პარტიას“, - ამბობენ Black Sea Petroleum-ში.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში საქართველოში - ბოლო წლებში პირველად - შემოვიდა ნედლი ნავთობი ყაზახეთიდან, რომლის ღირებულებამ 3.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
31 ივლისს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი იყო 3 ივლისს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან გაფორმებულ შეთანხმებაზე. კონტრაქტი ითვალისწინებს ლიბიური ნავთობის მოწოდებას და მოქმედებს 2027 წლის ბოლომდე, ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობით.
რუსული ნავთობი და ევროკავშირის სანქციები
მიმდინარე წლის ივლისში, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციების 21-ე პაკეტში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ 6 თვის შემდეგ, იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუ ქარხანა უარს არ იტყვის რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიას წარედგინა „ყველა საჭირო მტკიცებულება“, რომლებიც ადასტურებს, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
თბილისში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირში „ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას“.
მანამდე ბრიუსელში განიხილებოდა სანქციების დაწესების შესაძლებლობა ყულევის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანული SOCAR-ის საკუთრებაა, თუმცა ასე არ მოხდა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილის მიხედვით, „პოზიცია გადაიხედა“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები. კერძოდ, ისინი გეგმავენ არ დაუშვან სანქცირებული გემების პორტში შესვლა ან მომსახურება.
კომპანიის გეგმები
რუსული ნავთობის გადამუშავებაზე უარის თქმის შემდეგ, ყულევის ქარხანაში წარმოებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზეც გახდება შესაძლებელი.
კომპანიის ცნობით, „ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ საერთაშორისო ტრეიდერები“:
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქარხანა სრულად გადავიდა არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე, ჩვენ მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტები დააკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და რეგულაციებს. შესაბამისად, ტრეიდერებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენგან შესყიდული პროდუქცია ევროპის ბაზრებზე გაიტანონ“.
2027 წლის პირველ კვარტალში კომპანია საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყებას გეგმავს, ხოლო 2027 წლის მეორე კვარტალში - საავიაციო საწვავის.
ნავთობპროდუქტების ექსპორტი
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2025 წლის შემოდგომაზე ამუშავდა. სააგენტო Reuters-მა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში კომპანია „რუსნეფტის“ მიერ ნავთობის პირველი პარტიის მიწოდებაზე.
2025 წლის 16 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“ (საუბარია კერძო კომპანია Русснефть-ზე და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის).
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებამ შეცვალა საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა - ქვეყნის საიმპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი წილი დაიკავა ნედლმა ნავთობმა, ხოლო ექსპორტში - ნავთობპროდუქტებმა.
2026 წლის იანვარ-ივლისში ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა (ანუ საქართველოში წარმოებულმა) ექსპორტმა 543 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 4000%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნები, სადაც 2026 წელს საქართველოდან ნავთობპროდუქტები გაიტანეს:
- ტოგო: 136.7 მლნ დოლარი
- ჩინეთი: 79.99 მლნ დოლარი
- თურქეთი: 69.94 მლნ დოლარი
- სენეგალი: 62.78 მლნ დოლარი
- ლიბია: 35.3 მლნ დოლარი
- სინგაპური: 27 მლნ დოლარი
- ალჟირი: 25.14 მლნ დოლარი
- ომანი: 24.8 მლნ დოლარი
- მალტა: 21.32 მლნ დოლარი
- ტუნისი: 17.21 მლნ დოლარი
Black Sea Petroleum-ის შესახებ
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელია ბიზნესმენი და დიზაინერი მაკა ასათიანი.
პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“. ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
2025 წლის ოქტომბერში რუსულმა გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, გამოვლინდა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ფორუმი