Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიო III ამბობს, რომ ოჯახი, რომელშიც აბორტის „ცოდვა ტრიალებს“, განწირულია

შიო III
შიო III

საქართველოს 142-ე პატრიარქი, შიო მესამე ამბობს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები ბედნიერები არიან, ისინი კი, ვინც აბორტი გაიკეთა, „ბედნიერ ოჯახს“ ვერ ააშენებენ. ამის შესახებ მან დღეს, 17 მაისს განაცხადა სამების ტაძრის ეზოში, სადაც „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით წირვა ჩაატარა.

„თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთი, როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს. მადლს ჰფენს“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, „პირველ სამ შვილამდე“ ბავშვების ყოლა „რთულია“, შემდეგ კი „სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა“.

დემოგრაფიული პრობლემების გამოსასწორებლად აბორტის აკრძალვასა და გამკაცრებაზე საუბრის დროს ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს არასწორი გზაა.

„არასწორი გზაა არჩეული, იმიტომ, რომ საქართველოში, დემოგრაფიული პრობლემის სათავე სიღარიბეა და მას უნდა ებრძოლო. დედა გააძლიერო. მისი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ წლების წინ „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.

სამების ტაძარის ეზოში შეკრებილ ხალხთან აბორტის საკითხზე საუბარის შემდეგ შიო მესამემ „ქარლი ოცნების“ მიერ მიღებული ლგბტ უფლებების შემზღუდველი კანონი პოზიტიურად წარმოაჩინა.

„მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება, ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი, ასევე ღვთის წყალობის“, - თქვა მან.

ლგბტ უფლებების შემზღუდველი კანონი

გასული ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონი მიიღო, რომელმაც შეზღუდა დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოხატვის თავისუფლება და მათ შორის, ლგბტ უფლებებიც.

ამ კანონით:

  • არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეუძლია მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალა იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

17 მაისი

  • 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ამ დღეს საქართველოში ლგბტ უფლებების ინტერესები განსაკუთრებულად ილახება.
  • ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.
  • „ოჯახის სიწმინდის დღე“ 2024 წელს დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, იმდროინდელი პატრიარქის, ილია II-ის გადაწყვეტილებით.
  • ამ დღეს
  • დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით, ოჯახის აღნიშნავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG