Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

250 წლის აშშ - ქვეყანა, რომლისთვისაც საქართველო “უეჭველათ სიმპატიურია"

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი აფრიალებული თავისუფლების დროშა საქართველოს ფიზიკურად მხოლოდ XX საუკუნის მეორე დეკადაში მიწვდება - მას შემდეგ, რაც საქართველომ თვითონაც ააფრიალა თავისუფლების დროშა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი აფრიალებული თავისუფლების დროშა საქართველოს ფიზიკურად მხოლოდ XX საუკუნის მეორე დეკადაში მიწვდება - მას შემდეგ, რაც საქართველომ თვითონაც ააფრიალა თავისუფლების დროშა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

2026 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის გამოცხადების 250-ე წლისთავს აღნიშნავს.

ერთმანეთისგან შორს, დედამიწის სხვადასხვა ნახევარსფეროებში მდებარე ამერიკასა და საქართველოს ბევრი აქვთ საერთო - ორი ჯორჯია, ამერიკის ველური დასავლეთის დამპყრობელი გურული მხედრები, გენერალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, ამერიკული ბესტსელერის ავტორი გიორგი პაპაშვილი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი, ამერიკის ავიამრეწველობის ქართველი კონსტრუქტორები, ერთობლივი სამხედრო მისიები და სხვა... თუმცა ამერიკისადმი საქართველოს მიზიდულობას ბევრად ღრმა შინაარსი აქვს.

საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამერიკა აქტიურად XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება, როცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში გამოღვიძებას იწყებს თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა.

აშშ-ს შესახებ პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი ჯორჯაძე, სერგი მესხი და მაშინდელი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.

აშშ-ში მიმდინარე ისტორიული მოვლენებისადმი ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მრავალი გარემოებით იყო განპირობებული, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ „ქართული საზოგადოებრივი აზრის მოთავენი სხვა ხალხთა ისტორიიდან მაგალითების მოშველებით ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ქართველი ხალხის ფეხის წინ წარდგმისათვის, ცხოვრების უკეთ მოწყობისათვის. შემთხვევით არ იყო, რომ თბილისის ერთ-ერთ უძველეს სასტუმროს „ამერიკა“ უწოდეს (1867 წ). (“აშშ-ს ისტორიის საკითხები, XIX საუკუნის II ნახევრის ქართულ პერიოდიკაში“, ვაჟა თვალავაძე, 2005 წ).

აშშ-თან დაკავშირებული ინფორმაციებისადმი ინტერესი განსაკუთრებით იზრდებოდა მაშინ, როდესაც იქ მომდინარე მოვლენებს საქართველოშიაც გარკვეული რეზონანსი ჰქონდა. მაგალითად, 1861-1865 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, აშშ-ის სამხრეთის მონათმფლობელური შტატებიდან ევროპაში ბამბის შემოტანის შეწყვეტამ ხელი შეუწყო დასავლეთ საქართველოში მებამბეობის განვითარებას“, 1898 წლის ესპანეთ–ამერიკის ომის დაწყებამ კი საქართველოში სიმინდის ფასები გაზარდა და ა.შ.

მკვლევრები ამერიკის ისტორიის შესახებ ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ ცნობებს ქართული საზოგადოებრივი აზრის გამოხატულებადაც მიიჩნევენ, რადგან ასეთ ცნობებს ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები თვითონ არჩევდნენ და თავიანთი ინტერპრეტაციით აქვეყნებდნენ.

„პუბლიკაციებში ნათლად ჩანს გარკვეული თანაგრძნობა და მხარდაჭერა ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი, ამერიკული ცხოვრების წესისადმი, ამერიკელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეებისადმი“. [სერგეი მესხი და ამერიკის შეერთებული შტატები. ო. ნიკოლეიშვილი].

მაგალითად, გაზეთ “დროების” ლეგენდარული რედაქტორისთვის ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი საზოგადოების მოდელია, რომლის შესწავლაც ქართველებს ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში დაეხმარება. სერგეი მესხისთვის სანიმუშოა სწავლისადმი ამერიკის (ამერიკელების) დამოკიდებულება და განათლების ამერიკული სისტემა, რომელიც, მისი აზრით, ამერიკის ძლიერებას განაპირობებს.

სერგეი მესხი
სერგეი მესხი

„ევროპაში ჰფიქრობენ, რომ კაცი ჯერ მაძღარი უნდა იყოსო, ტანი საცმელით უნდა ჰქონდეს დაფარულიო და მერე წიგნს თვითონ მოჰკიდებს ხელსაო, ჭკუა-გონების გახსნა და სწავლა ამას მოყვებაო, ამერიკელები და მათი მმართველობა წინააღმდეგ ამისა, ჰფიქრობენ, რომ კაცის კეთილდღეობა და წარმატება სწავლისაგან არის დამოკიდებულიო და ამისათვის, რაც უნდა ღარიბი და გაჭირვებული კაცი იყოს, შვილს მაინც მისცემს რასმე სწავლის საშუალებას... რაღა ლაპარაკი უნდა, რა ხალხსაც ამისთანა აზრი აქვს, ის არაფერს არ დაზოგავს შკოლების გასამართავად და თავის შვილების გასანათლებლად. მართლაც არც ერთ სახელმწიფოში არ არის იმდენი შკოლები, საშუალო, უმაღლესი და სხვადასხვა სახელოსნო სასწავლებლები, რამდენიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და არსად არ ხარჯავენ ხალხის განათლებისათვის იმდენ ფულს, რამდენიც იხარჯება ამერიკაში“.

მართლაც შთამბეჭდავი - ხანგრძლივი და მრავალფეროვანია სერგეი მესხის აღფრთოვანება ამერიკანიზმით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოცდილი პუბლიცისტი ვერ ხედავს ამერიკის ნაკლს, რომელიც ყველაზე ხშირად მეზობლებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ ვლინდება:

„თუ ამერიკა ასე ეპყრობა თავის სუსტსა და უღონო მეზობლებს, სხვა ხალხებისგან აღას უნდა მოველოდეთ! დიახ, სამწუხაროა, რომ ამისთანა ამბები ხდება ამერიკაში, იმ ამერიკაში, რომლის თავისუფლებას, სიმდიდრესა, განათლებასა და სხვა ჩინებულ დაწესებულებებს თითქმის მთელი ევროპის ყველა განათლებული ხალხები შეჰნატრიან“. („ძლიერი და სუსტი ერი“, 1872 წ.)

„ევროპის ხალხები შეჰნატრიანო“ - აშკარაა, ასე ცენზურის თვალის ასახვევად წერდა მესხი, სინამდვილეში კი ამერიკას, მის თავისუფლებსა და სიძლიერეს, საქართველო (ქართველი) შენატროდა და ალბათ ამიტომაც სერგეი მესხი ამ სტატიას ასრულებს ოპტიმისტურად იმის იმედით, რომ „ამერიკა მთელი მსოფლიოსათვის იმ ქვეყნის შესანიშნავ და სამაგალითო ნიმუშად გადაიქცევა, რომელშიც ყველა ტომის ხალხნი ერთად და ძმურათ, თავისუფლების დროშის ქვეშ იცხოვრებენ“.

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი აფრიალებული თავისუფლების დროშა საქართველოს ფიზიკურად მხოლოდ XX საუკუნის მეორე დეკადაში მიწვდება - მას შემდეგ, რაც საქართველომ თვითონაც ააფრიალა თავისუფლების დროშა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა,1919 წ. N239
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა,1919 წ. N239

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ” (N262) გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ამერიკა-საქართველოს დამოკიდებულება”, რომელშიც საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელი მკითხველს მოუთხრობს აშშ-დან საქართველოში დაბრუნებულ ამერიკის კონსულ ჰუკერ ოსტინ დულითლისთან (Hooker Austin Doolittle) ვრცელი საუბრის შინაარსს: სტატიის პირველ ნაწილში აღწერილია აშშ-ში მიმდინარე პროცესები (“ამერიკის ცხოვრება თანდათან ნორმალურ კალაპოტში შედის, ეკონომიური ცხოვრება ლაგდება”), მორე ნახევარი კი მთლიანად ეთმობა ამერიკის საგარეო პოლიტიკას და მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობას:

“ამერიკა არ იცნობს კარგათ საქართველოს საქმეებს, მაგრამ მიუხედავათ ამისა მისი საქართველოსთან დამოკიდებულება უეჭველათ სიმპატიურია. ამერიკის ხალხს უყვარს თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იგი მზათ არის მორალურათ ყოველ ერს დაუჭიროს მხარი დამოუკიდებლობის მოპოვებაში, მაგრამ არსებითად ამერიკას არ აქვს ნათლად წარმოდგენილი დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის. საბჭოთა რუსეთს ამერიკა თანაგრძნობით არ უყურებს. ასეთი დამოკიდებულება კერძოთ იმაშიაც გამოიხატება, რომ ამერიკამ საბჭოთა დელეგატებს უბრძანა დაეტოვებიათ ამერიკის საზღვრები. ამერიკის ხალხი ბოლშევიზმს დროებით მოვლენათ სახავს, ამიტომ იგი მომხრეა რუსეთთან სავაჭრო დამოკიდებულების აღდგენისა, თუმცა ამავე დროს იგი უარყოფს რუსეთის არსებულ მთავრობას”.

სტატია მთავრდება იმის გულწრფელი აღიარებით, რომ ამერიკა ევროპის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია და ამიტომ ამერიკას არ შეეძლო სერიოზულად მოჰპყრობოდა ამიერკავკასიაში მანდატის მიღების საკითხს.

1919 წელს, მას შემდეგ, რაც იტალიის ახალმა მთავრობამ უარი თქვა აეღო მანდატი საქართველოსა და აზერბაიჯანზე, შესაძლებელი გახდა, აშშ ქცეულიყო ერთადერთ რეალურ ძალად, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ინგლისს ჩაენაცვლებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა კონგრესსა და სენატში სენატორ ჰენრი ქებოტ ლოჯის მეთაურობით არსებული მძლავრი ოპოზიციისგან.

“ვითარების უკეთ გაცნობის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში, ოსმალეთსა და ამიერკავკასიაში ორი სადაზვერვო ექსპედიცია 1919 წლის გაზაფხულზე კინგ-კრეინის კომისია, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე გენერალ ჯეიმს ჰარბორდის სამხედრო მისია მოავლინა. კინგ-კრეინის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, საიდანაც ჩანდა, რომ ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს თავიანთ მეურვედ აშშ სურდა, პრეზიდენტმა ვილსონმა გადაწყვიტა, რომ ამიერკავკასიაში გენერალ ჯეიმს ჰარბორდის მისიაც გაეგზავნა. ამ მისიას დაევალა, გულდასმით გასცნობოდა ამიერკავკასიასა და მცირე აზიაში არსებულ ვითარებას და ამის თაობაზე თავისი ქვეყნის მთავრობისათვის საგანგებო მოხსენება წარედგინა”. (ლელა ჯავახიშვილი, “აშშ-ის სამხედრო მისია საქართველოში და ქართული პრესა (1919)”)

“1919 წლის 2 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე გენერალი ჰარბორდი და მისი თანმხლები პირები თბილისში ჩამოვიდნენ, - წერდა გაზეთი “სახალხო საქმე”, - ორთაჭალაში მათ დახვდა ქართველ ცხენოსანთა რაზმი, რომლის ნახვითაც ჰარბორდი მეტად კმაყოფილი დარჩენილა. ორთაჭალიდან მოყოლებული პეტრე დიდის ქუჩაზე მდებარე კოლონელ (პოლკოვნიკი) ჰასკელის სახლამდე, ქუჩის ორივე მხარეზე პოლიციელები იყვნენ ჩამწკრივებულნი. გზაში სამხედრო ორკესტრი უკრავდა. ჰასკელის ბინასთან გენერალ ჰარბორდს ქართული ჯარის ქვეითი ნაწილის საპატიო ყარაული შეხვდა. საქართველოს მთავრობის სახელით ჰარბორდს დავით ღამბაშიძე (საქართველოს ელჩი ლონდონში, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავის წარმომადგენლად უპირებდა აშშ-ში გაგზავნას) მიესალმა”.

3 ოქტომბერს გენერალ ჰარბორდსა და მისი თანმხლებ კოლონელ ჰასკელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ევგენი გეგეჭკორმა უმასპინძლა, შემდეგ ამერიკელი სტუმრები სასახლეში მიიღო მთავრობის თავმჯდომარემ და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარემ ალექსანდრე ლომთათიძემ, ოფიციალური მიღების შემდეგ გაიმართა ბანკეტი.

“დაიწყო ვახშამი, რომლის თამადად არჩეულ იქნა დავით ღამბაშიძე, - წერდა გაზეთი "სახალხო საქმე”, - წარმოითქვა სადღეგრძელოები. პირველად წარმოითქვა პრეზიდენტ ვილსონის სადღეგრძელო, შემდეგ საქართველოს და ამერიკის მხედრობისა და ხალხისა და სხვ. ამერიკელმა გენერალმა თავის სადღეგრძელოში აღნიშნა ქართველი ხალხის ისტორიული რაინდობა და უსურვა კეთილი მომავალი... ვახშამი დილის 4 საათამდე გაგრძელდა და სტუმრები ძლიერ კმაყოფილნი დარჩნენ".

ამერიკაში დაბრუნებული გენერალი ჰარბორდი ნოე ჟორდანიას გამოუგზავნის დეპეშას, რომლის ტექსტი “საქართველოს რესპუბლიკის” 15 ოქტომბრის ნომერში (N232) დაიბეჭდება.

“<…> თქვენი წერილი მივიღე ბატონ დავით ღამბაშიძის ხელით და ძლიერ გმადლობთ იმ წერილში გამოთქმული გრძნობებისთვის. ჩემთვის ძლიერ სასიამოვნო იყო ორჯერ ნახვა ქართულ საზოგადოებისა, ხოლო ჩემი შეხვედრა თქვენ მინისტრებთან, განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იყო ჩვენი მისიის თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჯანმრთელობა საშუალებას მოგცემთ მალე დაუბრუნდეთ თქვენს თანამდებობას. გთხოვთ გადასცეთ თქვენს კოლეგებს, რომ მე ძლიერ მადლობელი ვარ იმ მრავალ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა ხალხმა აღმომიჩინა და ძლიერ ვაფასებ იმ ინტერესს, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენი მისიის მუშაობისთვის. გულწრფელათ თქვენი ჯეიმს ჰარბორდი, ამერიკის გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი.”

ევგენი გეგეჭკორი
ევგენი გეგეჭკორი

ამერიკის დელეგაციის სტუმრობის შემდეგ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას იმედით უყურებდა პირველი რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევგენი გეგეჭკორი, რომელსაც, როგორც გაზეთი „საქართველო” (1919 წ. 4 ნოემბერი, N239) წერდა, ხანგრძლივი საუბარი ჰქონია გაზეთ „პონედელნიკის“ თანამშრომელ ბ. კამსკისთან. ბატონ გეგეჭკორს უთქვამს:

“უსათუოდ უნდა ვიყოლიოთ წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც დიდიხანია გრძნობს საქართველოს მთავრობა. თუ ეს ადრე ვერ მოვაწყეთ ხელს გვიშლიდა ზოგიერთი ტეხნიკური მიზეზები. ეხლა ეს დაბრკოლება აღარაა და ჩვენ ვაგზავნით ამერიკაში ჩვენს წარმომადგენელს დავით ღამბაშიძეს. ამერიკა ძლიერ დაინტერესებულია ამიერკავკასიით”.

თუმცა გენერალმა ჯ. ჰარბორდმა პრეზიდენტ ვილსონისადმი წარდგენილ მოხსენებაში თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა გადაეჭრა აშშ-ის მიერ მანდატის აღების საკითხი და მეტად მოხერხებულ გამოსავალს მიმართა. კერძოდ, მოხსენებაში ჩამოთვალა 27 არგუმენტი მანდატის აღების თაობაზე, აქედან 14 დადებითი და 13 უარყოფითი. პრეზიდენტი ვილსონი ამ მოხსენებას კონგრესს დიდხანს უმალავდა 1920 წელს კი იგი იძულებული გახდა გამოემზეურებინა, როგორც კინგ-კრეინის ასევე ჰარბორდის მოხსენებათა დასკვნები.

“სამწუხაროდ, იზოლაციონისტებმა შეძლეს, რომ აშშ-ის ჯარის ამიერკავკასიაში გაგზავნა ჩაეშალათ. ასეთი გადაწყვეტილება კი საბედისწერო აღმოჩნდა ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკისათვის, რომლებიც უმოკავშიროდ დარჩენილები საბჭოთა რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ”. (ლ. ჯავახიშვილი, “აშშ-ის სამხედრო მისია საქართველოში და ქართული პრესა (1919)”)

1921 წელს რუსეთმა დაიპყრო საქართველო, 1922 წელს კი, საბჭოთა კავშირში შეყვანით, მისი 70 წლიანი ანექსია მოახდინა. შემდეგ ევროპა ორად გაიყო “რკინის ფარდით”, რომელიც დაეშვა "ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე" და საქართველო რუსეთის (საბჭოთა) ბანაკში აღმოჩნდა გამოკეტილი. გადასარჩენი გახდა თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეა.

1951 წელს სამყაროს ორ ბანაკად გაყოფის შესახებ წერდა “რკინის ფარდის” მეორე მხარეს დარჩენილი, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, 81 წლის ნოე ჟორდანია (გაზეთი „ჩვენი დროშა“).

„თუ წინათ მსოფლიოს ჩამოყალიბება ორ მოპირდაპირე ბანაკად იყო სადაო, ახლა ეს ნათელი და აშკარაა. ერთი ბანაკის ძირითადი დებულებაა: ხალხის და ერის თავისუფლება. ამას მეთაურობს პრეზიდენტი ტრუმენი; მეორის ძირითადი დებულებაა ხალხის და ერის დამორჩილება, დესპოტია. ამას მეთაურობს სტალინი, - წერს ჟორდანია, რომელიც თავის წერილში ასევე ახსენებს „რკინის ფარდას“: „პირველი ბანაკი, მოსკოვიადა, ჩაკეტილია თავის ტერიტორიაში, მას საზღვრავს გარდაუვალი რკინის ფარდა. მეორე კი პირიქით გაღებული და გაშლილია, საიდუმლოებით მოცული არაფერი აქვს. ამ კარჩაკეტილობის მთავარი მიზანია დასავლეთისათვის დავთრის აბნევა. სიტყვების რახარუხით შავის თეთრად გასაღება. ამ მიზნით თავის წყობას უწოდებენ სოციალიზმს, ხალხურ დემოკრატიას ნათლავენ ყველა თანამედროვე სახელებით და ფრაზებით. ამ საშუალებით კრემლი ათამაშებს ევროპა-ამერიკის საზოგადო აზროვნებას, დროს იგებს ომისათვის მოსამზადებლად, თავისი ნამდვილი სახის დასამალავად და საბოლოო მიზნის საიდუმლოებით შესამოსავად. ეს მისი მიზანია ერთი მსოფლიოზე გაბატონება, მოსკოვის სატახტო ქალაქად გადაქცევა ყველა ქვეყნებისათვის“.

1951 წლის 26 მაისს (!) მაუწყებლობა დაიწყო „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ, რომლის პირველივე ეთერით გადაიცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, დინ აჩესონის დეკლარაცია გაჯერებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სულისკვეთებით:

“ქვეყნიერებას კარგად ახსოვს ქართველი ერის შეუწყვეტელი ბრძოლა, მისი სასიქადულო ისტორიის გასწვრივ, ძველი კულტურის და საქრისტიანო ცივილიზაციის დასაცავად. ხშირად ყოფილა საქართველო დაპყრობილი, მაგრამ არასოდეს დამორჩილებული. ქართველმა ხალხმა დღემდის შეინარჩუნა თავისი სახეობა და არასოდეს მას არ დაუკარგავს ნებისყოფა ადამიანურ უფლებათა დაცვის ბრძოლაში. ამიტომაც ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის ურყევი სულიერი სიმტკიცე. ამერიკელ ხალხში დაუთურგვნელია რწმენა ყველასათვის თავისუფლებისა და სამართლიანობისა”.

“თავისუფლებისა და სამართლიანობის დაუთრგუნველმა რწმენამ” შედეგი გამოიღო თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ: 1991 წლის 15 მარტს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია მოსკოვში, ამერიკის ელჩის, ჯეკ მეტლოკის რეზიდენციაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს, რომელსაც, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრესცენტრის მიერ 1991 წლის 18 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, შემდეგი სიტყვები უთხრა:

"ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელმაც დედამიწის ზურგზე მოსპო მონობა, დაიცვა პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი, დღეს კი მას უდიდესი მისია აკისრია - მან უნდა მოსპოს ხალხთა მონობა, უნდა იხსნას დამონებული ერები და ხელი უნდა შეუწყოს მათ განთავისუფლებას".

ორი კვირის შემდეგ საქართველოს ესტუმრა ამერიკის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელმაც თბილისში გამართულ შეხვედრაზე თავისი მისიის შესახებ თქვა: „ჩვენი ვიზიტი არ არის ოფიციალური ხასიათის, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის დავალებით ვართ ჩამოსული და გვევალება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მისთვის გაცნობა. თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭირო დელეგაციების გაცვლას ინტენსიური ხასიათი მიეცეს, ურთიერთდამოკიდებულება საქართველოსთან იქნეს არა ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირთან იყო. ეს იქნება არსებითად ახალი სახის ურთიერთკავშირი. ამერიკის მხარე დიდად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობით”.

რიჩარდ ნიქსონის თბილისში სტუმრობა დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმს (1991 წლის 31 მარტი). როგორც მაშინდელ ქართულ პრესაში დაიწერა, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყოფნისას ნიქსონს უთქვამს, უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.

რიჩარდ ნიქსონმა საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა ვერ მისცა, თუმცა მისმა ვიზიტმა ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რადგან ამ ფაქტმა საკავშირო (სსრკ-ს გადასარჩენად მოწყობილი) რეფერენდუმის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშუალება მოუსპო.

ამერიკამ თავის პოლიტიკურ თვალსაწიერში მოაქცია დამოუკიდებლობის გზაზე მდგარი „ურჩი“ რესპუბლიკა და სხვებსაც მიანიშნა ამის შესახებ, მოკავშირეებსაც და კონკურენტებსაც.“ (დიმიტრი შველიძე, “პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში“)

ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, დასავლეთი და აშშ ცდილობენ ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესების განხილვას რუსეთის საშინაო პოლიტიკის ჭრილში და თავს არიდებენ რეალურ მოქმედებებს რეგიონის ქვეყნების სასარგებლოდ. ამ პერიოდსა და აშშ-ის მაშინდელ დამოკიდებულებას თვალსაჩინოდ აღწერს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის (უფროსის) ვიზიტი კიევში (1991 წ. აგვისტო). ამერიკის 41-ე პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ კონგრესში მოსთხოვეს არჩევანის გაკეთება გორბაჩოვისათვის მხარდაჭერასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებს შორის.

“მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყალბი არჩევანი, - თქვა ჯორჯ ბუშმა, - ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტმა გორბაჩოვმა მიაღწია არნახულ შედეგებს და მისი რეფორმები მიმართულია თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისაკენ. ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტ გორბაჩოვს, მაგრამ პატივს ვცემთ საბჭოთა კავშირის ახალი ცხოვრების რეალიებს, და რამდენადაც ჩვენ თავად წარმოვადგენთ ფედერაციას, ვისურვებდით კარგი ურთიერთობების დამყარებას საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკასთან.”

თუმცა აშშ-მა მალევე შეცვალა თავისი დამოკიდებულება რუსეთისა და ყოფილი საკავშირო რესპუბლიკების მიმართ: კიევში გაკეთებული განცხადებიდან ოთხი თვის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს, ამერიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, 1992 წლის აპრილში კი თბილისში საელჩოც გახსნა. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველო იქცა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარ მოკავშირედ აღმოსავლეთ ევროპაში. შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და რუსეთის ზეწოლის შეჩერებაში (1991-2024 წლებში საქართველომ მიიღო 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება).

ორი ქვეყნის ურთიერთობის მწვერვალად იქცა 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავდა მიზნად და მოიცავდა ოთხ ძირითად სფეროს: თავდაცვა-უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატია-მართლმსაჯულება და კულტურულ-ჰუმანიტარული გაცვლები.

თუმცა 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა გააუქმა სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, “მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გადაჭარბებით გამოიყენა ძალა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ქვეყნის კონსტიტუციის ღალატს”.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არასოდეს ყოფილა. თბილისის ძალისხმევით, დიამეტრულად საწინააღმდეგო პროცესი განვითარდა რუსეთთან, რომელიც არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს, ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და, სავარაუდოდ, ამზადებს ნიადაგს მათი ანექსიისთვის.

სიმბოლური (ნიშანდობლივი) P.S.

XIX საუკუნეში, როცა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მიუწვდომელი და საოცნებო ქვეყანა იყო, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადგილას) აშენებულ მამუკა ორბელიანის სახლში 1866 წელს გაიხსნა სასტუმრო, რომელსაც მალევე ეწოდა “ამერიკა“. სარეკლამო განცხადებების მიხედვით, „ამერიკას“ ჰქონდა კომფორტული ნომრები, ბუფეტი ევროპული და კახური ღვინოებით, საერთო დარბაზი „სავსებით გასტრონომიულად მომზადებული სადილებისა და ვახშმებისა", ეკიპაჟების დასაყენებელი ადგილი და სხვა.

„ამერიკაში“ ხშირად იმართებოდა აუქციონები და საჯარო ვაჭრობები. მაგალითად, 1870 წლის მაისში „ამერიკის“ ერთ-ერთ ნომერში კარლ მელეს შვეიცარიულმა მაღაზიამ მოაწყო თავისი საქონლის ბითუმად გაყიდვა. (“თბილისი - ძველი სასტუმროები”. დ. ხოშტარია, 2011).

1871 წლიდან, მამუკა ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო სახლი მის შვილს კონსტანტინეს გადაეცა საკუთრებაში. სახლის მეორე სართული მუდმივად ქირავდებოდა სასტუმროზე, რომელსაც ხშირად ეცვლებოდა მეპატრონეები, ბოლოს კი სახელწოდებაც შეეცვალა: 1879 წელს ყოფილ „ამერიკას“ დაერქვა… „როსსია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG