რა მოხდა გლდანის ციხეში? - რუსი აქტივისტი გადაბირებასა და შანტაჟზე ჰყვება

ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, საქართველო

რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ დუბოვსკი რადიო თავისუფლებას უყვება, როგორ ცდილობდნენ, 2025 წელს, სუსის თანამშრომლები მის გადაბირებას გლდანის ციხეში - შეღავათებს ჰპირდებოდნენ, პროტესტის მონაწილე ქართველი აქტივისტებისთვის ხაფანგის დაგების სანაცვლოდ და რუსეთში დეპორტაციით აშანტაჟებდნენ, თუ უარს იტყოდა.

თბილისში დუბოვსკის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოუსწრო, რომელიც რუსეთში მის დეპორტაციას კრძალავდა.

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა რუსი აქტივისტის ნაამბობი “კატეგორიულად უარყო”.

34 წლის დუბოვსკი რუსი აქტივისტია, დაბადებული ირკუტსკში, ეთნიკური უკრაინელების ოჯახში. 2024 წელს კრემლმა ის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა - "უკრაინის შეიარაღებული ჯარების მხარდაჭერის გამო". საქმე აღძრულია მისი ამჟამინდელი მეუღლის - ალინა საველიევას წინააღმდეგაც, საჯარო წყაროებით - რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ვლადიმირი და ალინა ცოლ-ქმარი ჯერ არ იყვნენ, როდესაც - 2021 წელს, პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში. 2025 წელს, ისინი ერთად დააკავეს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ბრალს არ უარყოფენ, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობით ხსნიან.

2022 წელს მომხდარი წყვილს თბილისში 3 წლის შემდეგ გაუხსენეს და ორივე დააკავეს მაშინ, როცა საქართველოდან აპირებდნენ წასვლას - თავშესაფარზე საბოლოოდ მიღებული უარის შემდეგ.

წინასწარი პატიმრობის 2 თვე ვლადიმირმა გლდანის ციხეში, ხოლო ალინამ - რუსთავის ციხეში გაატარა.

რას ითხოვდნენ გლდანის ციხეში?

გლდანის ციხე სწორედ ის ადგილია, სადაც, ვლადიმირ დუბოვსკის თქმით - მის გადაბირებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა.

„ციხეში ყოფნის სადღაც მე-5 ან მე-7 დღეს ჩემთან მოვიდა პოლიციის თანამშრომელი [სავარაუდოდ - ბადრაგი], რომელიც ჩვენს სართულზე მუშაობდა და მითხრა - რომ ფსიქოლოგთან უნდა წავეყვანე. წავყევი. შემიყვანა კაბინეტში, სადაც ორი კაცი იჯდა. ისინი ორივენი გამეცნენ სახელით - გიორგი და მითხრეს, რომ მუშაობენ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუსი]“, - დუბოვსკი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მანამდე უცნობი ორი გიორგი [გვარები არ უთქვამთო] მასთან პირველად 2025 წლის 3 დეკემბერს მივიდა და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე.

თავიდან მათი ტონი მეგობრული იყო, შემდეგ - ვაჭრობაში გადაიზარდა, ბოლოს კი - მუქარაში. ამ ყველაფერს თან სდევდა შანტაჟი - თუ ვლადიმირი მათ მოთხოვნას არ შეასრულებდა, რუსეთში გაძევება/დეპორტაცია არ ასცდებოდა - სადაც უკვე გამოცხადებული იყო ძებნა როგორც მის, ასევე ალინა საველიევას წინააღმდეგ.

“მითხრეს - თუ რუსეთში დაბრუნება არ გინდა, ჩვენ შენ დაგეხმარებით - დარჩი საქართველოში და შენ ჩვენ დაგვეხმარეო… მათ დაიწყეს გვარებისა და სახელების ჩამოთვლა - დაახლოებით 15 ადამიანის - ესენი, როგორც მე მივხვდი, ქუჩის პროტესტში მონაწილე ქართველი აქტივისტები იყვნენ… ვუთხარი არავის ვიცნობ ამ სიიდან-მეთქი. მერე მაჩვენეს ფოტოებიც - არც ვიცი, რომელი აქციიდან - აიო, შენ დგახარ და ელაპარაკები ამ ადამიანებსო… აქციაზე შეიძლება სულ უცნობებსაც გამოელაპარაკო… მათ გადაწყვიტეს, რომ ყველას კარგად ვიცნობდი”.

დუბოვსკის მონათხრობით, სუსის წარმომადგენლებს არ დაუმალავთ, რომ ეს გადაბირების მცდელობა იყო და კონკრეტული დავალებაც მისცეს - დასახელებულ ადამიანებთან უნდა ემეგობრა, სახლში უნდა მიეწვია.

“ უბრალოდ, დაპატიჟე სახლში და ჩვეულებრივად ილაპარაკეთ პოლიტიკაზეო… როგორც მე მივხვდი - შეიძლება, მერე, ამ სახლში დაეწყოთ ფარული მოსმენა ან რაღაც მსგავსი… და მერე, ისე შეატრიალებდნენ, თითქოს [ეს ადამიანები] რევოლუციას გეგმავდნენ”, - უყვება დუბოვსკი რადიო თავისუფლებას.

და რა შესთავაზეს სანაცვლოდ?

დუბოვსკის თქმით, მის მოსყიდვას საქართველოში დარჩენისა და უზრუნველყოფილი ცხოვრების დაპირებებით ცდილობდნენ. ამ დროს ალინასა და მას უკვე ამოწურული ჰქონდათ საქართველოში თავშესაფრის მიღების ყველა შესაძლო მცდელობა და მიღებული ჰქონდათ საბოლოო უარიც, ყველა ინსტანციის სასამართლოდან.

“შემომთავაზეს ასეთი სცენარი: [ლტოლვილის] თავშესაფარს კიდევ ერთხელ ვითხოვ, მიკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, რის შემდეგაც ვაგრძელებ ცხოვრებას საქართველოში. მითხრეს - ცხოვრებას მშვენივრად გააგრძელებო, დიდ, კარგ ბინას გიქირავებთო, სადაც ამ მეგობრებს დაპატიჟებო. მუდმივი ბინადრობის უფლებას მოგცემთ და 6-8 წლის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეც გახდეო”.

უარის შემთხვევაში, დუბოვსკის თქმით, მას რუსეთში დეპორტაციით დაემუქრნენ.

ამ დროს, რუსეთის სპეცსამსახურებს ვლადიმირსა და ალინაზე უკვე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული; თუმცა, დუბოვსკი ამბობს, რომ ეს საფრთხეები საქართველოში, თავშესაფრის მოთხოვნისას, არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინეს.

“რა თქმა უნდა, მეშინოდა რუსეთში დეპორტაციის, მაგრამ ვუთხარი - მირჩევნია რუსეთში გამაგზავნოთ, ვიდრე ეს ხალხი გავწირო-მეთქი”.

ვლადიმირი იხსენებს, რომ მისთვის შექმნილი სცენარი დამუშავებული იყო და იმაზეც ჰქონდათ ნაფიქრი - თუკი ვინმე დუბოვსკის სუსთან თანამშრომლობას იეჭვებდა, ასეთ შემთხვევაში, მას რომელიმე აქციაზე დააკავებდნენ, 2-3 დღით… გაასამართლებდნენ - პირველი ინსტანციის მოსამართლე მას მიუსჯიდა, ვთქვათ 2 წელს, რასაც გაასაჩივრებდა - და საბოლოოდ, მათი [სუს-ის] დახმარებით - პირობით სასჯელს მიიღებდა.

  • რადიო თავისუფლებამ სტატიის მომზადებისას, კომენტარებისთვის მიმართა როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ასევე იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
  • სუსიდან პასუხი არ მიგვიღია, პენიტენციურმა სამსახურმა კი, ბრალდებულ დუბოვსკისთან სუსის წარმომადგენლების შეხვედრა “კატეგორიულად უარყო”. გვითხრეს, რომ მკაცრად აღირიცხება ყველა შეხვედრა სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ ადამიანებთან და ასეთი ფაქტები არ არსებობს.


აქტივისტები სიიდან

როგორც დუბოვსკი გვეუბნება, სუსის წარმომადგენლების მიერ დასახელებული ადამიანებიდან მხოლოდ ერთს იცნობდა - ლორენა ბერიას, რომელიც "ალინასთან მეგობრობდა"… კიდევ ერთი აქტივისტი კი - მარინა მესხი - მისი თქმით, მოგვიანებით, პატიმრობის შემდეგ გაიცნო.

რადიო თავისუფლება მათაც დაუკავშირდა.

“არ დავლაპარაკებივარ ვლადიმირს და ალინას, რაც საქართველოდან წავიდნენ. ვფიქრობდი - რაიმე საქმე არ გავუფუჭო-მეთქი… სანამ დაიჭერდნენ, ალინას უნდოდა ჩემი ნახვა - საჩუქარი მაქვსო შენთვისო, მაგრამ ვერ ვნახე, დრო არ მქონდა, აქციაზე მივდიოდი… მერე უცბად გაქრა და გავიგე, რომ დაიჭირეს”, - ლორენა ბერიამ არ იცის, ციხეში მისი გვარის სავარაუდო ხსენების შესახებ, თუმცა გვეუბნება, რომ - არც გაუკვირდებოდა, რადგან თვალთვალი უცხო არ არის მისთვის.

ლორენა ბერია ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე

ლორენა ბერია პროდასავლური აქციების აქტიური მონაწილეა. პოლიციამ ის რუსთაველის გამზირზე 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკავა და, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 დღით საპატიმროშიც მოხვდა.

საჯარო წყაროებში ბერიაზე ბევრი ინფორმაცია იძებნება: 2025 წლის სექტემბერში მას თვალში წყლით სავსე ბოთლი მოარტყეს - დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან დაპირისპირების დროს.

2024 წლის იანვარში ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატისთვის - ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესს.

აქტივიზმით კარგად არის ცნობილი მარინა მესხიც, მათ შორის - ვაშლიჯვრის ტერიტორიის დაცვის აქციებში მონაწილეობით. ის ასევე, საქართველოს ციხეებში დაკავებულ უკრაინელებსა და რუსებს ეხმარება - დადის მათ სასამართლო პროცესებზე, აწვდის მათ საჭირო ნივთებს საპატიმროში. გვეუბნება - “პოლიტიკურ საქმეებს საკუთარი ინიციატივით ვკურირებ”-ო.

ნამყოფია ვლადიმირისა და ალინას სასამართლო პროცესზეც, როცა მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით ასამართლებდნენ და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ასევე, მისთვის ცნობილია, რომ დუბოვსკის ციხეში მისი გვარი უხსენეს.

მარინა მესხი - სამოქალაქო აქტივისტი

“ეს ამბავი დუბოვსკიმ ჩემს მეგობარს მოუყვა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ და ასე მოვიდა ჩემამდე. ძალიან არ მესიამოვნა, რომ გავიგე და გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ ფეისბუკში უნდა დამეწერა - საჯაროდ მეთქვა, რომ მე ეს ვიცი. მაგრამ ამ დროს დუბოვსკი [და საველიევა] ჯერ კიდევ გზაში იყვნენ - სერბეთიდან არ იყვნენ გადასული ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში და თავი ამიტომ შევიკავე… მერე კი, სხვა რაღაცაზე გადავერთე და ამომივარდა თავიდან”, - მარინა მესხი დუბოვსკის პირადად არ იცნობდა, თუმცა - იცოდა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ის ძალიან აქტიურობდა - ერთმანეთთან აკავშირებდა საქართველოში მყოფ რუსებს - ომის წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებდა, პერფორმანსებს მართავდა.

სოციალურ ქსელებში დუბოვსკის სხვადასხვა დროინდელი პოსტებით ჩანს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გარდა, ის მკაფიოდ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. როგორც რადიო თავისუფლებასთან თავად იხსენებს, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მან და მისმა ასევე არასრულწლოვანმა თანამოაზრეებმა, ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის - მედვედევის ფოტო დაწვეს. "ასაკის მიუხედავად მაშინ დამიჭირეს უხეშად და მაგრად მცემეს განყოფილებაში" - იხსენებს დუბოვსკი.

სხვადასხვა დროს მკაცრად აკრიტიკებდა პუტინის მმართველობას - ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ კორუფციის მიმართულებებით.

“დუბოვსკი და საველევა პირველად სასამართლო პროცესზე ვნახე. ფეისბუკში კი ვართ მეგობრები და მიმოწერაც გვქონია, მაგრამ არასოდეს შევხვედრილვარ მანამდე მათ. სასამართლო პროცესი კარგად მახსოვს - ერთსაც და მეორესაც ჰქონდა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია. დიახ, ჩვენ დავაშავეთ, დიახ ჩვენ ბოდიშს ვიხდით, რომ შემოვედით საქართველოში უკანონოდ, მაგრამ მალევე მივმართეთ საემიგრაციო სამსახურს და თავშესაფარი მოვითხოვეთო - რუსეთში საფრთხე გვემუქრება და რადგან არ შემოგვიშვეს საქართველოში, საზღვრის უკანონო კვეთა მოგვიწიაო” , - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან მარინა მესხი.

“კი, ვიცი ამის შესახებ” - უკრაინელი ადვოკატი

უკრაინელი ადვოკატი, ნინა ბელიაევა გვეუბნება, რომ სუსის თანამშრომლებთან შეხვედრისა და გადაბირების მცდელობის ამბავი მას დუბოვსკიმ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მოუყვა, თუმცა რეაგირება და საქართველოში გასაჩივრება აზრმოკლებულად ჩათვალეს.

“ისინი [ვლადიმირი და ალინა] უკვე აღარ აპირებდნენ საქართველოში ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში - ამ ხელისუფლების პირობებში, როგორიც ახლა არის [საქართველოში]. რამდენიმე წლის წინ საქართველო სულ სხვა ქვეყანა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის დონის მიხედვით. მაგრამ სამწუხაროდ - ახლა, ამ სიტუაციაში [ჩივილის] აზრი ჩვენ ვერ დავინახეთ”, - ადვოკატი ბელიაევა ამბობს, რომ პრიორიტეტულად ვლადიმირისა და ალინას საქართველოდან სასწრაფოდ გაყვანა მიიჩნიეს.

ნინა ბელიაევა - დუბოვსკის უკრაინელი ადვოკატი

ნინა ბელიაევას ძალისხმევის შედეგად, დუბოვსკისთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ სპეციალური ზომაც აამოქმედა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) მიიღო გადაწყვეტილება, რომ დუბოვსკის გაძევება დაუშვებელი იყო და დაიწყო პროცედურა… ამას განაცხადის გაგზავნიდან 2 დღე დასჭირდა და ვლადიმირი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გადაარჩინა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოდან სერბეთში გამგზავრების უფლების მიცემის მიუხედავად, საქართველოში შესაძლებელია დაწყებულიყო ექსტრადიციის პროცედურა”, - ადვოკატი ბელიაევა ფიქრობს, რომ - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საქმის გართულება აღარავის მოუნდა.

“საუკეთესო იურისტი, რომელსაც ოდესმე ვიცნობდი. მან ჩემი სიცოცხლე იხსნა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ“, - წერდა დუბოვსკი ბელიაევას შესახებ, ფეისბუკზე, 2026 წლის თებერვალში და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებდა.

რუსეთში გაძევების მუქარების გამო - ადვოკატმა, როგორც გვეუბნება, თადარიგი წინასწარ დაიჭირა და თბილისში კოლეგების მოძებნაც დასჭირდა.

რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე უარი უთხრა დუბოვსკის ქართველმა ადვოკატმა - კობა ბაძაღუამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) 39-ე წესი მოიცავს სახელმწიფოსადმი მოთხოვნას, თავი შეიკავოს გარკვეული ნაბიჯებისგან - მაგალითად, არ დააბრუნოს ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც ის, სავარაუდოდ, სიკვდილის ან წამების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. სასამართლო დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში აკმაყოფილებს. კერძოდ, მაშინ, როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს.

რატომ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი უკანონოდ 2022 წელს?

დუბოვსკი და საველიევა არ უარყოფდნენ, რომ - საქართველოს საზღვარი მართლაც უკანონოდ გადაკვეთეს, მას შემდეგ, რაც თურქეთში გადასულები ქართველმა მესაზღვრეებმა უკან აღარ შემოუშვეს.

“ყველაფერი თბილისში გვქონდა - დაქირავებული გვქონდა სახლი; სახლში კი კატა გვყავდა დატოვებული”, - დუბოვსკი გვეუბნება, რომ თურქეთში სავიზო ვალდებულების გამო გადავიდნენ და მალევე უკან აპირებდნენ დაბრუნებას [რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, ესაჭიროებათ ქვეყნიდან დროებით გასვლა და შემდეგ ისევ ერთი წლით შეუძლიათ ცხოვრება].

მისი მონათხრობით, მოვლენები ასე განვითარდა:

  • როცა თურქეთის მხრიდან საზღვარზე არ გამოატარეს, სომხეთში ჩავიდნენ და საქართველოში შემოსვლა უკვე იმ მხრიდან სცადეს, მაგრამ - კვლავ უშედეგოდ;
  • შემდეგ - უბრალოდ ღობეზე გადმოძვრნენ და ასე შემოვიდნენ საქართველოში [ამის ამსახველი ვიდეო თავად დუბოვსკისაც ჰქონდა გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში];
  • თბილისში ჩამოსულები იმავე დღეს გამოცხადდნენ პოლიციაში, საიდანაც მიგრაციის დეპარტამენტში გადაამისამართეს;
  • მიგრაციის დეპარტამენტში მეორე დღეს მივიდნენ და ასე დაიწყო თავშესაფრის მოთხოვნის 3-წლიანი უშედეგო პროცესი.


„არ იყო ეს გააზრებული საქციელი, მაგრამ როდესაც საზღვარი გადმოვკვეთეთ ამ გზით, ჩვენ სწრაფად ჩავბარდით; ვადებში ჩავეტიეთ და საქართველოს მაშინდელი კანონმდებლობით, როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო - ასეთ დროს საზღვრის კვეთა დანაშაულად აღარ ითვლებოდა" - ასე ხსნის მომხდარს დუბოვსკი.

დაკავების შემდეგ, ვლადიმირი - ზაჰესის, ხოლო ალინა - დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორებში აღმოჩნდნენ.

შემდეგ იყო სასამართლო. სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის შესაბამისად, 2-2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს - საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით.

მოქმედი კანონმდებლობით, ეს დანაშაული ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით - ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.

ალინა საველიევა - რუსთავში, ქალთა ციხეში გადაიყვანეს; ხოლო ვლადიმირ დუბოვსკი გლდანის ციხეში, სადაც, მისი მონათხრობით - სუსის წარმომადგენლები უპირებდნენ გადაბირებას.


როგორ დააკავეს, რა მოხდა დაკავებამდე და მერე?

2025 წლის ნოემბრის ბოლოს, მეგობრები და ახლობლები თბილისში გაუჩინარებულ რუსეთის მოქალაქეებს - ვლადიმირ დუბოვსკისა და ალინა საველიევას ეძებდნენ და ამის შესახებ რადიო თავისუფლებაც წერდა.

2025 წლის 27 ნოემბერს კი გაირკვა, რომ წყვილი სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე”, - ნათქვამია შსს-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოში შემოსვლიდან სამი წლის განმავლობაში, ვლადიმირი და ალინა არ იმალებოდნენ და ეს შსს-მაც აღნიშნა, რომ მათი საქმეები და საბუთები სახელმწიფო უწყებების ხელში იყო:

  • თავშესაფრის მოთხოვნით, მათ არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს;
  • მიგრაციის დეპარტამენტის უარყოფითი გადაწყვეტილება კი - ორივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს.


მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს, სამი წლის განმავლობაში, ისინი არ დაუკავებია.

“ბინა, რომელიც დაქირავებული გვქონდა, 300 მეტრში იყო სასაზღვრო პოლიციის შენობიდან. ამ სამი წლის განმავლობაში ამ შენობის წინ დავდიოდი, მათი თანამშრომლებიც მხედავდნენ… და თურმე მთელი ამ ხნის მანძილზე ძებნაში ვყოფილვარ” - ეუბნება რადიო თავისუფლებას დუბოვსკი.

იხსენებს დაკავების ღამეს - 2025 წლის 26 ნოემბერს. ამბობს, რომ 10:30 საათისთვის მათთან მისული ადამიანები სამართალდამცველების შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ:

“სახლში ვიყავით, ძილს ვაპირებდით. ალინა მაღაზიაში ჩავიდა, მეორე დილისთვის პურს და რაღაცებს ამოვიტანო. მე აბაზანაში შესვლას ვაპირებდი, პირსახოცი მქონდა შემოხვეული. ამ დროს ალინამ კარზე დააკაკუნა და სახლში მასთან ერთად შემოცვივდა 8 კაცი. ნახევრად შიშველი ვიყავი, იატაკზე დამაგდეს, ხელები გადამიგრიხეს. ალინას ცალკე ხელით იჭერდნენ. ვინ ხართ-მეთქი, ვეკითხებოდი - არ მპასუხობდნენ. მეკითხებოდნენ - ნარკოტიკები, იარაღი თუ გაქვსო. ძირს გადმოყარეს ჩვენი ნივთები - ეს ჩხრეკას არ ჰგავდა”.

ასევე ნახეთ

„გაუჩინარებული“ რუსი აქტივისტების წყვილი შსს-ს სისხლით სამართლის წესით ჰყავს დაკავებული

დაკავებამდე, როცა თავშესაფარზე საბოლოო უარი მიიღეს, დუბოვსკის მონათხრობის თანახმად, 2025 წლის 27 ოქტომბერს სერბეთში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ წყვილი, კატასთან ერთად - აეროპორტიდან უკან გამოაბრუნეს - გაუხსენეს წლების წინანდელი ფაქტი - საზღვრის უკანონო კვეთა და ამ საკითხისთვის საბოლოოდ წერტილის დასასმელად, სასაზღვრო პოლიციაში მისვლა დაავალეს. დუბოვსკი გვიყვება, რომ თხოვნამ - იქნებ დოკუმენტები სხვა გზით გაეგზავნათ მათთვის - არ გაჭრა.

ვლადიმირ დუბოვსკი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ - საქართველოდან გასვლის წინ, სახელმწიფო უწყებაში რამდენჯერმე საგანგებოდ მოიკითხეს და მიიღეს პასუხი, რომ ქვეყნის დატოვებისთვის სპეციალური დოკუმენტები არ ესაჭიროებოდათ.

შემდეგ, როგორც დუბოსკი ამბობს, სახლში დაბრუნდნენ და შემდგომ დღეებში სასაზღვრო პოლიციიდან რამდენჯერმე სატელეფონო ზარს უპასუხეს - შეხვედრის კონკრეტული დროის შესათანხმებლად; ბოლო კომუნიკაციის დროს შეხვედრა თავად უწყების თანამშრომელმა გადაუდო და სხვა თარიღი დაუსახელა - მაგრამ წყვილი ვეღარ მივიდა, რადგან ამასობაში დააკავეს.


სირთულეები ციხიდან გამოსვლის შემდეგ

ვლადიმირ დუბოვსკი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვინაიდან დანაშაული - საზღვრის უკანონო კვეთა აღიარეს, მსუბუქ სასჯელს მოელოდნენ და შედარებით მშვიდად იყვნენ; თუმცა სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა.

დუბოვსკი გვიყვება, რომ, 2026 წლის 23 იანვარს - გლდანის ციხიდან, წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლების შემდეგ, მასთან სამი ადამიანი მივიდა და უთხრა - შენ სახლში ბრუნდებიო.

“რას ჰქვია სახლში-მეთქი?!… შენ ხომ რუსეთის მოქალაქე ხარ, რუსეთში წახვალო… დაჯექი მანქანაშიო, არ დავჯდები-მეთქი… ჩავეჭიდე ცხაურს ციხის შესავლელთან… ვყვიროდი სხვადასხვა ენაზე - მიშველეთ, საფრთხე მემუქრება-მეთქი. ჩემს სახელსა და გვარსაც ვყვიროდი. დილის 9 საათი იყო, ხალხი მოძრაობდა იქ და მოახლოებას ცდილობდნენ…

ამ ცხაურს თავს ვურტყამდი, სისხლი წამომივიდა. ამის შემდეგ დამარეკვინეს ჩემს ადვოკატთან და ადვოკატი მათ ქართულად დაელაპარაკა. მესმოდა, რომ უყვიროდა მათ - რუსეთში ვერ წაიყვანთ, უფლება არ გაქვთო”, - დუბოვსკი იხსენებს, რომ ამის შემდეგ ადგილზე მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და ადვოკატის რჩევით - მათ გაჰყვა; ხოლო რამდენიმე საათში მასთან ადვოკატიც მივიდა და უთხრა, რომ ალინასაც მიგრაციის სამსახურში მიიყვანდნენ.

შემდეგ იყო ისევ სასამართლო პროცესი.

როგორც დუბოვსკი ამბობს, მიგრაციის დეპარტამენტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ - მათ არც პასპორტები ჰქონდათ წესრიგში და არც საქართველოდან გასამგზავრებელი ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი; მაგრამ "ადვოკატმა დაასაბუთა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სწორი".

“ამ დროს, მეგობრებს ჩვენთვის უკვე ჰქონდათ ნაყიდი ბილეთები სერბეთში გასამგზავრებლად - 28 იანვრისთვის… სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ მოხდებოდა ჩვენი დეპორტაცია რუსეთში, მაგრამ სერბეთში გამგზავრებამდე - იზოლატორში დაგვტოვებდნენ…

მიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ - გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ… ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოგვისწრო”, - გვეუბნება დუბოვსკი.

ვლადიმირი და ალინა სერბეთში გაემგზავრნენ. ნანობენ, რომ მათ, თავს დამტყდარი ამბების გამო, საყვარელი კატის წაყვანა ვეღარ მოახერხეს.

კატას სახელად კოტე ახლა გასამგზავრებლად ახლობლები ამზადებენ და პატრონებთან ის, არა სერბეთში, არამედ პირდაპირ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩავა - სადაც ვლადიმირი და ალინა ჰუმანიტარული ვიზით იმყოფებიან.

ასევე ნახეთ

საქართველო დატოვეს რუსმა აქტივისტებმა, რომლებსაც საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდნენ - Эхо Кавказа

წყვილი საქართველოში თავდაპირველად 2021 წელს ჩამოვიდა - როგორც დუბოვსკი ამბობს, ამ დროისთვის მას, მოსკოვის სასამართლოში, ერთ-ერთ „შეკერილ საქმეზე“ მოწმის სტატუსით იბარებდნენ და უკვე ჩანდა, რომ დაჭერას უპირებდნენ. დუბოვსკი იხსენებს, რომ - მაშინ საქართველო ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით მიდიოდა და ამით მიიზიდა ისინი.

ვლადიმირ დუბოვსკი ციხეში მოკლული რუსი დისიდენტის - ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო [2017-2019 წლებში] ვლადივოსტოკში. ამ ინფორმაციას თავადაც გვიდასტურებს.

საჯარო წყაროების მიხედვით, 2022 წელს მან შექმნა პროუკრაინული ორგანიზაცია - „მწვანე სოლი - ჩემი სამშობლო“ [«Зелений Клин - моя батьківщина» - «Зеленый Клин -моя родина»]. დუბოვსკი თანადამფუძნებლად არის მითითებული 2025 წელს შექმნილ კიდევ ერთ უკრაინელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში - „ისტორიული მიწების უკრაინელთა გაერთიანება“ [«ЄУІЗ — Єднання українців історичних земель»].

2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი, მათ შორის - ნავალნის შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი - დუბოვსკის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს. თავად დუბოვსკი გვეუბნება, რომ, პოლიტიკაში ყოფნის დროს, 2019 წელს, რუსეთში, მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ვოლკოვის ჯგუფთან და მხარეებს შორის იყო მწვავე ბრალდებებიც და მათ შორის - "ეფესბესთან" თანამშრომლობის შესახებ.

მათთვის, ვინც დუბოვსკის იცნობს - რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი თანამშრომლობა არადამაჯერებელია. გვეუბნებიან, რომ კრემლის მიერ დუბოვსკის დევნა სწორედ საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დუბოვსკის წინააღმდეგ რუსეთში რამდენიმე საქმეა აღძრული, ძირითადად - ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით - რუსეთთან ომის ფონზე უკრაინის ღია მხარდაჭერის გამო.

ავტორი: ლელა კუნჭულია