შსს დღეს საღამოს, 26 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ისინი დაკავებული არიან მოსამართლის განჩინების საფუძველზე და „ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა“.
- ვლადიმირ დუბოვსკი იყო ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ვლადივოსტოკში და ასევე რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის წევრი;
- ის 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს;
- 2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დუბოვსკი ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა;
- გასულ წლებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბოვსკის თაღლითობასა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ. ის ბრალდებებს უარყოფდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს შსს.
გარდა ამისა, უწყების პრესცენტრი წერს, რომ ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს, „რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს“.
უწყების განცხადებით, მათ მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ორი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს“, - წერს შსს.
ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას“ გულისხმობს.
სისხლის სამართლის ეს მუხლი ითვალისწინებს „უცხოელის საქართველოდან გაძევებას და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ვადით ორიდან ათ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე“.
ფორუმი