პრესის მიმოხილვა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტები უცხოეთში, თბილისსა და აჭარას შორის ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა,
დაპატიმრებების ახალი ფაქტები - ზოგადად, ამ თემებზე წერდა გასული კვირის ქართული პრესა, რომლის მიმოხილვასაც
ამჟამად გთავაზობთ.

12 მარტის "დილის გაზეთის" ირონიული შენიშვნით, მიხეილ სააკაშვილის უცხოური ვიზიტების ინტენსივობის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტისთვის ბორბლებიანი სახლის შეძენაზე ეზრუნა. ეს ხუმრობით. გასული კვირა კი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ვიზიტების თვალსაზრისით, მართლაც, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა - კვირის დასაწყისში პარიზიდან დაბრუნებული პრეზიდენტი კვირის ბოლოს ერევანს ესტუმრა. საფრანგეთის ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი ქართული პოლიტიკისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე ზურაბიშვილი დანიშნა. "დილის გაზეთი" წერს:

პრეზიდენტის განმარტებით, ქალბატონი ზურაბიშვილი მალე ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს და უახლოეს ერთ კვირაში "სამსახურებრივი მივლინებით" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციების შესრულებას შეუდგება. სააკაშვილი, რომლისთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილებები სავიზიტო ბარათია, ამ შემთხვევაშიც საკმაოდ აჟიტირებული ჩანდა, თუმცა, "დილის გაზეთის" ინფორმაციით, მისი უახლოესი გარემოცვისთვის, უფრო ზუსტად, პრემიერ ჟვანიასთვისაც კი, სრულიად უცაბედი აღმოჩნდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მთელი დღის განმავლობაში ისე დაჰყვებოდა პრეზიდენტს კახეთში, რომ არც ჟვანიას და არც ჯაფარიძეს ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ პრეზიდენტმა ჯაფარიძის დათხოვნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სააკაშვილის რეალური დამოკიდებულება თედო ჯაფარიძის მიმართ მხოლოდ საღამოს გამართულ ბრიფინგზე გამოიკვეთა. ჟურნალისტებმა შეახსენეს პრეზიდენტს ბატონი თედო. მისი მესიჯი საკმაოდ მკაფიოა - ჯაფარიძეს ჟვანიამ უკვე გადაუხადა მადლობა.

"უპრეცედენტო ფაქტს" უწოდებს ერთი ქვეყნის მოქალაქის მეორე ქვეყნის საგარეო უწყების პირველ პირად დანიშვნას 12 მარტის "მთავარი გაზეთი". რა მიზნების შესრულება დაევალა ახალ მინისტრს? - "მთავარი გაზეთის" ცნობით:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალომე ზურაბიშვილი-კაშია ხდება, ქვეყნის საგარეო კურსის უმთავრესი მიმართულება კი ევროკავშირში ინტეგრირება და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება იქნება. პრეზიდენტ სააკაშვილის პარიზიდან დაბრუნების მეორე დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილება ჟაკ შირაკთან მოლაპარაკების პირველ შედეგსაც ააშკარავებს და ადასტურებს, რომ ვიზიტის დროს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასა და ევროპულ გეგმებზე ყურადღების გამახვილება შემთხვევითი არ ყოფილა. ნიკო ნიკოლაძის თანამებრძოლის შვილიშვილი, გამოცდილი და დახვეწილი ფრანგი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტისთვის სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს თავს კარგად გაართმევს და ყველაზე პრობლემურ მეზობელთან ურთიერთობის გამოსწორებასაც მოახერხებს.

ამ ეტაპზე კი ოფიციალურ თბილისს აჭარის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარკვევა უხდება. გასული კვირის ქართული პრესის ცნობით, აჭარაში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. "მახვილით მოსულს მახვილითვე ხვდებიან" - განუცხადა 9 მარტის გაზეთ " ხვალინდელ დღეს" პარლამენტარმა ელიზბარ ჯაველიძემ, რომლის აზრითაც, საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარაში შეიარაღებული ძალების შეყვანა აქვს დაგეგმილი. ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთს განუცხადა:

"უკეთესი იქნება, თუ აჭარაში საერთოდ არ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ნაციონალების ბოგინს საქართველოში. ეს მთავრობა ნამდვილად გეგმავს იქ ჯარების შეყვანას და, თუ ეს მართლა ასე მოხდა, მე მზად ვარ, ჩემს შვილებთან ერთად დავდგე აბაშიძის გვერდით და იარაღით ხელში ბოლომდე ვიბრძოლო უკანონობის წინააღმდეგ."

თბილისსა და ბათუმს შორის გაუარესებული ვითარების თემას ეხება ინტერვიუ იურისტ დავით უსუფაშვილთან, რომელსაც 12 მარტის გაზეთი "24 საათი" აქვეყნებს. კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თუ აჭარაში, ვითარების ხელოვნურად დაძაბვის გზით, ასლან აბაშიძე საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას შეეცდება, დავით უსუფაშვილი ამბობს:

თუ ცენტრალური ხელისუფლება მივა დასკვნამდე, რომ მას საქმე აქვს დაუმორჩილებლობასთან და ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს, ხელისუფლება იძულებული იქნება, გამოიყენოს სხვა მეთოდები. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული თანამდებობის პირები. ეს უკიდურესი ზომაა, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიძლება გაატაროს - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის წარმოდგენაც კი, რომ კონტროლის დასამყარებლად რაღაც ოპერაცია ჩატარდება, ჯარი სადღაც შევა - ეს გამორიცხულია."

გასული კვირის ყველა გაზეთი გამოეხმაურა გლდანში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც დააკავეს ბასილ მკალავიშვილი. 13 მარტის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, ბასილ მკალავიშვილი, ცრემლსადენი შაშხანებისა და ხელკეტების დახმარებით, 12 მარტს, დილის 7 საათზე, დააპატიმრეს. ის ამჟამად წინასწარი დაპატიმრების იზოლატორში იმყოფება და დუმილის უფლებას იყენებს. გულუას სახელობის სპეცრაზმმა გლდანის ეპარქიაში შეღწევა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ მკალავიშვილი და მისი მომხრეები მათ მოგერიებას ეპარქიის შესასვლელში დაყენებული სატვირთო მანქანით ახერხებდნენ. გაზეთი "რეზონანსი" წერს:

"მკალავიშვილის დაკავების ფაქტს საპატრიარქოსთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურნენ. საპატრიარქოსთვის მიუღებელია ის ძალადობრივი მეთოდი, რომლის გამოყენებითაც მოხდა გლდანის ეპარქიის წინამძღოლის დაკავება. საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანმა გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლოთ ეს ოპერაცია უფრო შესაფერის დროს და სხვა გარემოებებში განეხორციელებინათ, რომელსაც შედეგად არ მოჰყვებოდა მასშტაბური დაპირისპირება და მოქალაქეების დარბევა. ის მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება მხოლოდ მკალავიშვილის იზოლაციით შემოიფარგლება და არ მოხდება იეღოველთა სექტის პროზელიტიზმის აღკვეთა, მაშინ სექტის საქმიანობას გზა გაეხსნება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამართალდამცველების ქმედებებს "ვანდალიზმს" და "ბარბაროსობას" უწოდებენ. განსაკუთრებით კატეგორიული იყო "ახლების" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ " თავისუფლების ინსტიტუტის" წევრები გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი ადრე აქტიურად ლობირებდნენ.