დღეს გამოსული გაზეთების ყურადღების ცენტრში კვლავაც ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული მოვლენები

დღეს გამოსული გაზეთების ყურადღების ცენტრში კვლავაც ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული მოვლენები ექცევა. ”ყინული დაიძრა -კოკოითის ინიციატივას თბილისი
კეთილგანწყობით ხვდება”- ასეთი სათაურის სტატიით ეხმაურება გაზეთი ”რეზონანსი” სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ სამშვიდობო გეგმას. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ცხინვალის კონფლიქტის მოგვარების კოკოითისეული გეგმა ძალიან ჰგავს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინათ წამოყენებულ ინიციატივას. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა კოკოითის ინიციატივას ”მამაცურ ნაბიჯად” და ”პოზიტიურ ტენდენციად” აფასებს: ”ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცხინვალიდან კონფლიქტთან დაკავშირებით ჩვენ მიერ შემუშავებულ პროექტზე გავიგონეთ - კი” - ასეთია ხაინდრავას კომენტარი.


”კოკოითის ფერისცვალება” - დე ფაქტო პრეზიდენტის სამშვიდობო ნაბიჯს ასე აფასებს გაზეთი ”24 საათი”. პირველ გვერდზე გამოტანილ მცირე ზომის სტატიაში ”24 საათი” კოკოითის გეგმის დეტალებზე საუბრობს.


”ედუარდ კოკოითი საქართველოს ხელისუფლებას დანებდა” - ეს უკვე დღევანდელი ”ახალი თაობის” შეფასებაა. იგივე გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან. რესპონდენტი, სხვა საკითხებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში - და, საერთოდ, უკონტროლო ზონებში - შერეული კრიმინალური ფორმირებების არსებობაზეც საუბრობს. ციტატა ინტერვიუდან: ”ყველას მინდა თავისი მივუზღო და ვთქვა, რომ იქ მარტო ოსური კრიმინალური ფორმირებები არ არის. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არის ქართულ-ოსური, ხოლო აფხაზეთში - ქართულ-აფხაზური.”


რაც შეეხება ხაჭაპურიძეების გატაცებისა და მკვლელობის საქმეს, არეშიძე ამ ფაქტს შურისძიების შედეგს უწოდებს: ”ეს დანაშაული კონკრეტული გვარის და საახლობლოს წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრი დაიღუპა ივნისის თვეში, როდესაც ისინი არ დაემორჩილნენ ქართულ პოლიციას და მაშინ 4 კაცი დაიღუპა. ამ ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაიფიცა, რომ ის სამაგიეროს გადაუხდიდა და ვინც პირველი მოხვდათ ხელში, ისინი გაიტაცეს... ეს პროცესი მუდმივად მიდის. ზოგი ნაკლებად ხმაურიანია, ზოგი - უფრო ხმაურიანი.”(სტილი დაცულია)