მიტინგები რომ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს

9 აპრილის საპროტესტო აქციების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - რა კეთდება იმისთვის, რომ მიტინგები მშვიდობიან კალაპოტს არ გასცდეს და დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. უცხოელი ელჩები ხელისუფლებასა და ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენებენ დემოკრატიული პრინციპების დაცვის აუცილებლობას და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. დიალოგი არ შედგა, თუმცა მხარეები გამოხატავენ თანაბარ მონდომებას ძალადობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საგანგებო მოწოდებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც. პარალელურად, მომიტინგეთა უფლებების დასაცავად ემზადება საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველი” და სახალხო დამცველის ოფისი. პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ცენტრიც დააკვირდება.