კვირის აქტუალური შეკითხვა - რას აპირებს რუსეთი საქართველოში?

რუსეთის ტ-72-ის ტიპის ტანკები

მიმდინარე კვირაში, 30 ივნისს, ოფიციალურად შეუჩერდა მანდატი ეუთოს მეთვალყურეთა მისიას საქართველოში, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ეს საკითხი ჯერ კიდევ 13 მაისს გადაწყდა, როდესაც, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოსამზადებელი კომიტეტის სხდომაზე, რუსეთმა მანდატის გაგრძელების საკითხი დაბლოკა. ასევე 30 ივნისს საქართველოდან - კერძოდ, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან - გასვლა დაიწყეს გაეროს მეთვალყურეებმაც, რომელთა მანდატსაც, ასევე რუსეთის ვეტოს გამო, ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკითხს ვეტო თავად რუსეთმა დაადო, კრემლის საგარეო უწყების მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, შენარჩუნებულიყო ეუთოსა და გაეროს საველე მისიები, ”დასავლელი პარტნიორები და საქართველო ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობის დასასრულებლად ამ რეგიონში”.

ამავე განცხადებაში მოცემული შეფასების მიხედვით, სიტუაცია რეგიონში ახლა კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდა, საქართველოს ახალი პროვოკაციების სურვილი ამოძრავებს და აუცილებელია საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება რუსეთისგან დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

ჟენევის კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საექმეთა მინისტრი გიგა ბოკერია
რუსეთი სწორედ ამ წინადადებით ჩავიდა ჟენევაში, სადაც 1 ივლისს საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-6 რაუნდი გაიმართა და რომელზეც მონაწილეები - მათ შორის, სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებიც - ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. რუსეთის წინადადებას საქართველომ საპირისპირო სვლა შეაგება, რომლის მიხედვითაც, ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის არის შესაძლებელი და ისიც იმ პირობით, თუკი რუსეთი აღიარებს საქართველოს დეოკუპაციის ვალდებულებას და დათანხმდება უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ამოქმედებაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია ყურადღებას ერთ პრინციპულ მექანიზმზე ამახვილებს: ”ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ეფექტურად განხორციელებისთვის ჩვენ ეფექტურ მექანიზმად მიგვაჩნია საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგება ეტაპობრივად", ამბობს ბოკერია. "ეს არის პირობა, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეთანხმება გავაფორმოთ რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის ფედერაცია ამისგან შორს არის ამ ეტაპზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამხელა დრო დაეთმო ამ იდეის განხილვას."

ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება ჟენევის მოლაპარაკებათა მე-7 რაუნდზე, რომელიც 17 სექტემბერს უნდა გაიმართოს. მანამდე კი უნდა შესრულდეს მე-6 რაუნდზე მიღწეული შეთანხმება და, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, 14 ივლისს მხარეები ერთმანეთს გალში უნდა შეხვდნენ. ეს იქნება პირველი ასეთი შეხვედრა აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის მიმართულებით. აქვე ვთქვათ, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის მიმართულებით 2 ასეთი შეხვედრა შედგა, ხოლო მესამე, 23 ივნისს დაგეგმილი, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიზეზით ჩაიშალა.

პარალელურად, კრემლი განაგრძობს თბილისის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე ლაპარაკს და სწორედ თადარიგის დაჭერით ხსნის საქართველოს საზღვართან 29 ივნისს წამოწყებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატიულ-სტრატეგიული სამხედრო წვრთნის - ”კავკასია 2009”-ის - ფარგლებში, სხვადასხვა მასშტაბის მანევრებში ჩაბმულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 9 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 200 ტანკი, 450 ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა სახის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა.

”კავკასია 2009”-ის მიმართ უკვე კარგა ხანია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ექსპერტებიც და მუდმივად იხსენებენ სცენარს, რომლითაც კრემლი 2008 წელს მოქმედებდა. ხაზი ესმება ფაქტს, რომ აგვისტოს ომს სწორედ მსგავსი სამხედრო სწავლება - ”კავკასია 2008” - უძღოდა წინ. იგივე კონტექსტი გამოიკვეთა კრემლის მორიგ მუქარაში, რომელიც ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა 29 ივნისს გაახმოვანა. მან თქვა, მოსკოვი მსგავს წვრთნებს მოსალოდნელ საფრთხეებზე სათანადო პასუხის მოსამზადებლად ატარებს და, რომ არა შარშანდელი სამხედრო წვრთნა, რუსეთის რეაქცია აგვისტოს მოვლენებთან მიმართებით შენელებული იქნებოდაო.

რუსეთის მხრიდან ძალის მორიგმა დემონსტრირებამ მიმდინარე კვირაში კიდევ უფრო აქტუალური გახადა შეკითხვა: რამდენად დიდია საფრთხე ამჯერად და რას აპირებს რუსეთი საქართველოში?

მაშინ როცა, უცხოელი ექსპერტების დაკვირვებით, ომის საფრთხე სავსებით რეალურია, თბილისი თვლის, რომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის გამო, რუსეთი ახალი ომის წამოწყებას ვეღარ გაბედავს, რადგანაც მას უფრო მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომისთვის, არსებითად, ყოველთვის მზად არის, საქართველოსთან ომის განახლების რეალურ საფრთხეს ამ ეტაპზე, ბევრი კოლეგის მსგავსად, ვერც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ხედავს. მისი აზრით, რუსეთს ამჯერად გაუჭირდება საბაბის გამოძებნა, თითქოს მას საკუთარი მოქალაქეების დაცვა სჭირდებ . "ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც ის ჩაეჭიდა და რომელიც გაცხადებული ჰქონდა თავის ფუძემდებლურ დოკუმენტებში - მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში", განმარტავს შარაშენიძე. "ახლა საბაბი გაჭირდება, მით უმეტეს, რომ, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთს სჭირდება კარგი კონტაქტები მსოფლიო თანამეგობრობასთან და მიდის ხელახალი დაახლოება ამერიკასთან და ნატოსთან. ასე რომ, ამჯერად ვითარება საგანგაშო არ უნდა იყოს."

ახალი ომის ალბათობა მინიმალურად მიაჩნია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილსაც, თუმცა ის საუბრობს სიფრთხილეზე, რომელიც საქართველოს მაინც მოეთხოვება: "საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგოს - არც პოლიტიკურ, არც სამხედრო და არც სხვა სახის პროვოკაციაზე. და მეორე: საჭიროა მჭიდრო და პერმანენტული კონსულტაციები საერთაშორისო ძლიერ აქტორებთან. უნდა გამოირიცხოს ცალმხრივი აქციები. აბსოლუტურად ყველაფერი ურთიერშეთანხმებული უნდა იყოს, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან."

დმიტრი მედვედევისა და ბარაკ ობამას შეხვედრა ლონდონში, მიმდინარე წლის აპრილის დამდეგს
”კავკასია 2009” 6 ივლისს, სწორედ იმ დღეს დასრულდება, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის რუს კოლეგას დმიტრი მედვედევს მოსკოვში უნდა ეწვიოს. გარღვევას არ მოელიან, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის საინტერესო ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი, მოსკოვი მოერიდება ვაშინგტონისთვის ისეთი საბაბის მიცემას, რომელიც ობამას მხრიდან მოსკოვში საქართველოს საკითხის უფრო მწვავედ დაყენებას შეუწყობდა ხელს. აქვე ვთქვათ, რომ, ვაშინგტონიდან მიმდინარე კვირაში წამოსული სიგნალების მიხედვით, ექსპერტები მოელიან, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობათა განახლების მცდელობას საქართველოს ინტერესები არ შეეწირება და რომ ვაშინგტონი მოსკოვს პასუხს აუცილებლად მოსთხოვს მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გამო.

რუსი ოკუპანტების თემა მიმდინარე კვირაში განსხვავებულ ჭრილშიც წარმოჩნდა კიდევ ერთი რიგითი ჯარისკაცის გადაწყვეტილების გამო. ალექსანდრე გლუხოვის მიერ 6 თვის წინ გავლილი გზა ამჯერად უკვე რუსეთის საოკუპაციო ჯარის სოფელ პერევში განლაგებული ნაწილის რიგითმა, 17 წლის დმიტრი არტემიევმა, გამოიარა. ”დედოვშჩინის” სისასტიკითა და შიმშილით შეწუხებულმა არტემიევმა უკვე მიიღო თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი საქართველოში, რაც ერთგვარი 4-თვიანი იმუნიტეტია, რომ, მისი საბოლოო სტატუსის გარკვევამდე, ის რუსეთის მხარეს არ გადაეცემა. საქმეში ჩარეულია გაეროც და ქართულ მხარეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეახსენებს. თუმცა, მაგალითად, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ყოველივე ამის უკან საფრთხესაც ხედავს, რომ რუსეთმა მსგავსი შემთხვევა, შესაძლოა, პროვოკაციად გამოიყენოს, რასაც მერე სამხედრო ძალასაც მოაყოლებს. სესიაშვილი ქართულ სტუმართმოყვარეობას ამ შემთხვევაში გაუმართლებლად მიიჩნევს: "მომავალში კატეგორიულად უარი უნდა განვაცხადოთ ასეთი ადამიანების მიღებაზე და ისინი უნდა გადავცეთ მესამე მხარეს, ამ შემთხვევაში - შვეიცარიას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალია, და კეთილი ინებოს დასავლეთმა და მიხედოს ამ ჯარისკაცებს”, ფიქრობს ირაკლი სესიაშვილი.

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება მის რჩევას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თბილისს მსგავსი ეჭვები ჯერ არ გამოუთქვამს. სამაგიეროდ, ხელისუფლების ეჭვები უკავშირდება ოპოზიციას, რომელიც თითქოს ფინანსების მოზიდვას რუსეთიდან ცდილობს. გაჩეჩილაძე-გამყრელიძე-თარგამაძის თემას მიმდინარე კვირაში იმავე კონტექსტში ბურჯანაძე-პინჩუკის შეხვედრის ისტორიაც დაემატა.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს არ დაუმალავს, რომ ის 29 ივნისს კიევში მართლაც შეხვდა უკრაინელ ოლიგარქს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძესა და პუტინის მეგობრად ცნობილ ვიქტორ პინჩუკს. თუმცა ბურჯანაძე უარყოფს უკრაინის პრესით გავრცელებულ ეჭვს, რომ, გარკვეული სამომავლო ბიზნეს-გარიგების სანაცვლოდ, ის მას დაფინანსებას სთხოვდა. ბურჯანაძე პინჩუკთან შეხვედრას პირად შეხვედრას უწოდებს და თვლის, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუ ვის, როდის, სად და რატომ შეხვდება.

პრეზიდენტი სააკაშვილი კი მსგავს შეხვედრებს პირად შეხვედრებად ვერ აღიქვამს და მიმდინარე კვირაში გაკეთებულ კომენტარში ის რუსეთთან დაახლოებულ პირებთან შეხვედრებს, ოკუპანტების ინტერესების ხელშეწყობად ახასიათებს. პასუხად კი, ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას ამცნობს, რომ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ თავად სტუმრობდა პინჩუკს.

პარტია "საქართველოს გზის" ოფისში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული გაუცხოება კიდევ უფრო გაამძაფრა 29-30 ივნისს მოსასმენი აპარატურების აღმოჩენამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში. აპარატურა შტეფსელებში იყო დამონტაჟებული. საუბარია „საქართველოს გზაზე“, კონსერვატიულ პარტიასა და გაერთიანებაზე „ალიანსი საქართველოსთვის“. კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, კოლეგების მსგავსად, მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელწერას ხედავს:

”ჩვენ ვაყენებთ საკითხს ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გადადგომის შესახებ, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ და, ამავე დროს, ვითხოვთ კონკრეტული პირების დასჯას, ვინც განახორციელა ეს ქმედება, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი...აუცილებლად ჩვენი მხრიდან იქნება სარჩელი შეტანილი.”

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღმოჩენილი აპარატურა სპეცტექნიკას არ წარმოადგენს და სპეცსამსახურები მსგავსი აპარატურით, უკვე დაახლოებით 6 წელია, აღარ სარგებლობენ. ამასთან, ამ ტიპის ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია ყველგან და ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება საქმის გამოძიებას ართულებს, მაგრამ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გაგრძელდება. აქვეა დაპირება, რომ დეტალებს საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს. სხვა საკითხია, სჯერათ თუ არა ამის ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერ ისევ უარს ამბობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, რის გამოც კომისიის წევრთა თავიდან განსაზღვრული 69-კაციანი შემადგენლობა 55-მდე შემცირდა. კომისიამ პირველი სხდომა ”შერატონ მეტეხი პალასში” 3 ივლისს გამართა. სხდომაზე კომისიის მდივნად ერთხმად აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი. შეიქმნა 9 სამუშაო ჯგუფი. მომდევნო ერთობლივი სხდომა ივლისის ბოლოსთვის დაინიშნა.

საკონსტიტუციო პროცესებისგან განსხვავებით, მოსალოდნელია არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვა საარჩევნო სისტემის დახვეწის პროცესში. მაგალითად, გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მზადყოფნა უკვე გამოხატა 3 ივლისს „რუსთავი 2“-ის ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარში. თუმცა ალასანიას მონაწილეობა არ მიუღია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისა და ეუთოს წარმომადგენლების საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფთან იმ სამუშაო შეხვედრაში,რომელიც 4 ივლისს თითქმის მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

დაბოლოს, მიმდინარე კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ: ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, დემოკრატიის თვალსაზრისით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ზოგიერთ მაჩვენებელთან მიმართებით მდგომარეობა ასეთი ცუდი ჯერ არასოდეს ყოფილა, 2003 წლის შემდეგ.