„ნაბუკოს“ გაზსადენი სულ უფრო რეალური ხდება

თურქეთის დედაქალაქში ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს კასპიის ზღვის აუზიდან რუსეთის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას. ევროპაში გაზის ტრანსპორტირების სატრანზიტო ქვეყნები იქნებიან აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია. ამ პროექტს ეკონომიკურთან ერთად დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

შარშან ამ პროექტის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ არათუ ვერ მიაღწია მიზანს, არამედ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო.
ანკარაში მთავრობათშორისი შეთანხმების გაფორმებამდე „ნაბუკოს“ პროექტმა რთული გზა განვლო. მიზეზი კი ის არის, რომ კასპიის რეგიონიდან რუსეთის გვერდის ავლით ევროპამდე მილსადენის გაყვანა წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის ინტერესებთან. რუსეთი, მისი დაბლოკვის მიზნით, წლების მანძილზე ირწმუნებოდა, რომ „ნაბუკო“ ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტია და მისი რეალიზება ვერ მოხერხდება. ამ არგუმენტების გარდა, რუსეთი იმ რეგიონის სტაბილურობის შერყევას შეეცადა, რომელზეც მილსადენი გაივლის. სწორედ ამას გაუსვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანკარაში გამართულ შეხვედრაზე:

„შარშან ამ პროექტის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ არათუ მიაღწია თავის მიზანს, არამედ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო.“

სამხედრო აგრესიის გარდა, „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზებას მოსკოვი სხვა ნაბიჯებითაც დაემუქრა. კერძოდ, ახლახან გააფორმა ხელშეკრულება აზერბაიჯანის გაზის შესყიდვის თაობაზე. საწყის ეტაპზე სწორედ აზერბაიჯანი განიხილებოდა „ნაბუკოს“ გაზის წყაროდ. გარდა ამისა, მოსკოვმა ევროპის რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭრაც მოიპოვა - იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პროექტ „სამხრეთის ნაკადს“ ლობირებენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა შიდა წინააღმდეგობები დაძლია და „ნაბუკოს“ პროექტს მხარი დაუჭირა სამთავრობო დონეზე.

ანკარის შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის - რუმინეთის - პრემიერ-მინისტრის ემილ ბოკის განცხადებით, „ნაბუკო“ არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.

“ ’ნაბუკო’ არის უფრო ეფექტიანი და ნაკლებად ძვირადღირებული ინიციატივა, რეგიონში განხორციელებულ სხვა ინიციატივებთან შედარებით. ამასთან, მას აქვს ყველა აუცილებელი ინგრედიენტი იმისათვის, რომ, ბაზრის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, მიიზიდოს და ამუშაოს ინვესტორები და მომწოდებლები. ასე რომ, „ნაბუკოს“ პროექტი არავის წინააღმდეგ არ არის. ეს არის საიმედო პროექტი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა.“

”ნაბუკოს” გაზსადენის რუკა
პროექტის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატა ანკარის შეხვედრის მონაწილემ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. პროექტის მხარდამჭერ განცხადებათა შორის იყო აშშ–ის სენატორის რიჩარდ ლუგარის სიტყვებიც. მან თქვა, რომ „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კასპიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას.

საქართველოში სწორედ უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს ხედავენ გაზსადენის ამ პროექტში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაბუკოს“ პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგეტიკით პოლიტიკური აგრესიის განხორციელების საფრთხეს:

„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს - თუ არა მთლიანად გაანეიტრალებს - ენერგეტიკით მანიპულირების, ენერგეტიკით პოლიტიკური ამოცანების მიღწევის, ენერგეტიკით პოლიტიკური აგრესიის განხორციელების შესაძლებლობებს.“

რითაც სამყაროსთვის საინტერესო
შეიძლება ვიყოთ, არის ის, რომ ვიქცეთ ერთიანი ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად.
თბილისში არავინ ფარავს, რომ „ნაბუკოს“ მილსადენის პროექტიდან საქართველო, პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, არცთუ დიდ მოგებას მიიღებს. საქართველო რომ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების ევროპაში რუსეთის ალტერნატიული მარშრუტით ტრანსპორტირებით ეკონომიკურზე უფრო მეტ პოლიტიკურ სარგებელს ნახავს, ამას ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილიც აღნიშნავს:

„პოლიტიკური მნიშვნელობა ძალიან მაღალია საქართველოსთვის. ჩვენ რითაც შეიძლება სამყაროსთვის ვიყოთ საინტერესო, ეს გახლავთ ის, რომ ვიქცეთ ერთიანი ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად.“

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ, მიუხედავად ანკარაში გაფორმებული ხელშეკრულებისა, პროექტის განხორციელება კიდევ ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება. კერძოდ კი, რუსეთი შეეცდება კასპიის რეგიონში ბუნებრივი გაზის მარაგები შეისყიდოს და რესურსის გარეშე დატოვოს „ნაბუკოს“ გაზსადენი. რუსეთს მსგავსი მცდელობები ადრეც ჰქონდა, თუმცა კი რამდენიმე დღის წინ რუსეთის ალტერნატიული მილსადენისთვის გაზის მიწოდების მზადყოფნა მაინც გამოხატა თურქმენეთის პრეზიდენტმა. მანამდე მსგავსი განცხადება აზერბაიჯანმაც გააკეთა. „ნაბუკოს“ მილსადენის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება და 2014–ში დასრულდება.