ბურჯანაძემ უსაფრთხოების კონცეფცია წარმოადგინა

ნინო ბურჯანაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიამ (“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”) საზოგადოებას ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი მიმართულებები გააცნო. დოკუმენტის შექმნაზე პარტიის წევრებთან ერთად მიწვეული ექსპერტებიც მუშაობდნენ. რას მიიჩნევს ნინო ბურჯანაძის პარტია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევებად და როგორ აპირებს “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” მათთან გამკლავებას?

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა ასახავდეს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აღწერდეს მოსალოდნელ საფრთხეებს, რისკებს და გამოწვევებს; ადგენდეს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს... თუმცა ნინო ბურჯანაძე, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არაა გათვალისწინებული 2008 წლის შემდეგ შეცვლილი რეალობა და, შესაბამისად, დოკუმენტი ვერ უპასუხებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა არაფერი იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორებისათვის მიეწოდებინა სტრატეგიული ხედვა, როგორ ხედავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იმ რთული ვითარებიდან გამოყვანის გზებს, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რა ნაბიჯების გადადგმას და რა რეფორმების განხორციელებას აპირებს...“ - ნინო ბურჯანაძის თქმით, ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 2005 წელს დამტკიცებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას იწუნებს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც, რომლის ვარაუდით, შეცვლილი რეალობითა და მოძველებული კონცეფციით საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება:

ირაკლი სესიაშვილი
„ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი მიიღო. დაიწყო რეფორმა შეიარაღებულ ძალებში, შეცვალა შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების სტრატეგია - ყველაფერი ეს ქმნის, რა თქმა უნდა, ახალ რეალობას. ამასთან, იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები კატასტროფულად გაიზარდა და კვლავაც იზრდება, გვჭირდება მყისიერი რეაგირება.“

ირაკლი სესიაშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ახალ კონცეფციაში უნდა აისახოს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერთიანობის აღდგენა, რეალური, დემოკრატიული და არა ფასადური რეფორმების განხორციელება, რათა საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი და იქცეს სანდო პარტნიორად როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე მსოფლიო თანამეგობრობისათვის. თუმცა უსაფრთხოების კონცეფციის ამ ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბებამდე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებმა და მიწვეულმა ექსპერტებმა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების განსაზღვრა სცადეს.

კახა კაციტაძე
„გარდა გარე საფრთხეებისა, თვითონ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება წარმოადგენს საფრთხის წყაროს. მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში ანალოგიური მაგალითის მოძებნა ძალიან ძნელია. ამასთან, ხელისუფლება თავს აიგივებს სახელმწიფოსთან და კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ქვეყანას“, - განაცხადა კახა კაციტაძემ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე მიწვეული ექსპერტის სტატუსით მუშაობდა. თამარ ზაალიშვილი კი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წევრი და დარბაზის სპიკერია. ასახულია თუ არა პარტიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში რუსეთის ფაქტორი? - რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას თამარ ზაალიშვილი ასე უპასუხებს:

„უსაფრთხოების კონცეფციაში „მოიაზრება“ რუსეთთან ვითარების ნორმალიზება, ეს არის უსაფრთხოების კონტექსტში განხილული ერთ-ერთი მიზანი, თუმცა ურთიერთობის წინაპირობა უნდა იყოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა.“

თამარ ზაალიშვილის თქმით, ეროვნული ინტერესებისა და მიზნების რეალიზაციისას, ისევე როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის დადგენისა და განხორციელებისას, საქართველო პრიორიტეტს უნდა ანიჭებდეს პოლიტიკურ, მშვიდობიან დიპლომატიურ მეთოდებს, თუმცა როგორც გაგა გაბრიჭიძე, პარტიის საერთაშორისო მდივანი, ეროვნული უსარფრთხოების კონცეფციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, დიპლომატიური მეთოდებისათვის პრიორიტეტის მინიჭება არ ნიშნავს ძლიერ შეიარაღებულ ძალებზე უარის თქმას. უფრო - პირიქით.

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” კონფერენცია
„სამხედრო აღმშენებლობა ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს უნდა ჰყავდეს იმგვარად გაწვრთნილი და აღჭურვილი არმია, რომელიც მოახერხებს მისთვის განსაზღვრული ამოცანების სრულად შესრულებას. არმიის ხასიათი, მისი ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურა და კონცეპტუალური დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს და ასახავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვით ხასიათს. თავდაცვის სფეროში, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, უნდა გატარდეს ადეკვატური კონცეპტუალური და საკადრო პოლიტიკა.“

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მიერ შედგენილ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში ვრცელი ადგილი ეთმობა საზღვრის დაცვას, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსარფთხოების ასპექტებს. ნინო ბურჯანაძის თქმით, პარტია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ასევე გამოაქვეყნებს სოციალური სფეროს, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების კონცეფციებს, რომელთა საფუძველზეც, საბოლოო ჯამში, პარტიის პროგრამა შეიქმნება.