ბაღაფშს ეთნიკური სომხების მხარდაჭერის იმედი აქვს

სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას, საჯარო გამხდარიყო მოსახლეობის პასპორტიზაციის შედეგების შესახებ არსებული ინფორმაცია. სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სავიზო-საპასპორტო სამსახურის უფროსმა ვალერი მალიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში მცხოვრებთა 90-მა პროცენტმა - მათ შორის, 12 ათასმა ეთნიკურმა ქართველმა - უკვე აიღო პასპორტი.

ვალერი მალიას თქმით, სულ 146 ათასი პასპორტი გაიცა. პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი მიიღო აფხაზეთში მცხოვრებმა ყველა - 85 ეროვნების - მოქალაქემ, მათ შორის: 74 ათასმა აფხაზმა, 32 ათასმა სომეხმა, 18 ათასმა რუსმა, 12 ათასმა ქართველმა, 2,5 ათასმა უკრაინელმა, 1,5 ათასმა ბერძენმა და 2 ათასმა აბაზინმა. ამასთან, ვალერი მალიამ დააზუსტა, რომ არასრულწლოვანებზე, ვისაც 18 წელი არ შესრულებია, გაიცა 10 ათასამდე პასპორტი, ხოლო იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებიც არ ცხოვრობენ აფხაზეთში და პასპორტი ჩაწერის გარეშე მიიღეს, 6 ათასი შეადგინა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ოპოზიციის ყველა შეკითხვას უპასუხა, თუმცა თავად ოპოზიცია ასე არ მიიჩნევს. „გამოქვეყნებული მონაცემები შეიძლება არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს“, ვარაუდობს ეკონომიკური განვითარების პარტიის თავმჯდომარის, ბესლან ბუთბას, თანაშემწე, ანტონ კრივენიუკი:

„საქმე ისაა, რომ დღეისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამსახურის მიხედვით, აფხაზეთში, დაახლოებით, 141 ათასი ამომრჩეველია აღრიცხული, ხოლო, ამ სამსახურის ადრინდელი ანგარიშის მიხედვით, სათანადო ბლანკების რაოდენობა 200 ათასი იყო. ასე რომ, ჯერ არავინ იცის რა ბედი ეწევა 60 ათას ბლანკს. არ მინდა იმის თქმა, რომ ვიღაცას დაურიგეს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არსებობს. საზოგადოებას კი არ აქვს იმის საშუალება, გააკონტროლოს, ვისზე და რატომ გაიცა ეს ბლანკები. თანაც, უკანასკნელი წლების - პასპორტიზააციის მთელი პერიოდის - განმავლობაში გამუდმებით ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ პასპორტები იყიდებოდა. მეტიც, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმეები პასპორტების უკანონო გაცემის ფაქტებზე. ამის გამო ვართ შეშფოთებულები.“

თუმცა, რაც უნდა ეჭვით უყურებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მისგან სარგებლის მიღებაც შეიძლება. ნიმუშად გამოდგება ინფორმაცია სომხების რაოდენობის შესახებ. თუ წინა არჩევნებზე აქტუალური იყო გალის რაიონში მცხოვრები ქართველების ხმები, ამჯერად გალელების როლს, როგორც ჩანს, სომხები შეასრულებენ. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ სომხების სათვისტომოს ლიდერმა ღიად დაუჭირა მხარი მოქმედ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს. შესაბამისად, დაისვა აქტუალური შეკითხვაც: პოტენციურ ამომრჩეველთა რა რაოდენობაზეა ლაპარაკი? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ სათვისტომოს ერთ-ერთ ლიდერს, სერგეი მატოსიანს, მიმართა:

„როგორც ერთ ანეკდოტშია, „შეკითხვა ძალიან საინტერესოა“. აფხაზეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სომხების რაოდენობა, რამდენადაც ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩემთვისაა ცნობილი, დაახლოებით, 45 ათასია. თუმცა გუშინ არძინბას საარჩევნო შტაბიდან მომიტანეს ერთი ჟურნალი, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ სომხების სავარაუდო რაოდენობა გაცილებით მეტია და 70 ათასს აღწევს. 45 ათასი, ალბათ, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაწერილ სომეხთა რაოდენობაა, მაგრამ რეალურად მცხოვრებთა რაოდენობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს. ვიცი ისეთი ოჯახები, რომლებშიც 5-6 წევრია, მაგრამ, ერთი-ორის გარდა, ყველა დანარჩენი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა ჩაწერილი“, უთხრა რადიო თავისუფლებას სერგეი მატოსიანმა.

იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც თვითაღიარებული რესპუბლიკის საპასპორტო-სავიზო სამსახურმა და სომხების სათვისტომომ წარმოადგინა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხმის მიცემის უფლებით აფხაზეთში მცხოვრები სომხების მხოლოდ ნახევარი ისარგებლებს. რატომ არ იღებენ სომხები პასპორტებს? სერგეი მატოსიანი მიიჩნევს, რომ არ ღირს ამ საკითხის პოლიტიზირება:

„არსებითად, ყველა აფხაზსაც არა აქვს აფხაზური პასპორტი. ვფიქრობ, რომ აფხაზთა შორის უფრო მეტია უპასპორტოთა რაოდენობა... და, საერთოდ, არ მსურს ჩვენი ყოფის ამ ნაწილის პოლიტიზირება. ალბათ, ერთეული შემთხვევებია, როცა ვინმეს უნდოდა პასპორტის აღება და არ მისცეს... ეს ის ხალხია, ვისაც დაეზარა პასპორტის აღებისთვის საჭირო პროცედურების გავლა, ანუ ხელისუფლების მხრიდან რამე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია იმ მოქალაქეთა მაქსიმალური პასპორტიზაციით, რომლებსაც პასპორტის აღების უფლება აქვთ“, მიაჩნია სომეხთა სათვისტომოს ერთ-ერთ ლიდერს, სერგეი მატოსიანს. ცხადია, ასევე ინტერესს იწვევს მონაცემები ჩაწერის გარეშე გაცემული პასპორტების შესახებ, თუმცა რიცხვი 5 თას 700 ისეთი საგანგაშო არაა, როგორც ოპოზიცია ვარაუდობდა. ოპოზიციის მტკიცებით, ჩაწერის გარეშე გაცემული პასპორტების მიხედვით შესაძლებელია ხმის მიცემა რამდენიმე უბანზე ერთდროულად. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ამომრჩეველთა სიების კონტროლი ოპოზიციის ძალისხმევით ძალიან მკაცრია, ხოლო აფხაზეთის საზღვრებს გარეთ სულ ორი საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება, მოსკოვსა და ჩერკესკში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაწერის გარეშე გაცემული პასპორტების საშუალებით არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეიძლებოდეს.