სიზმრად - ხეითი, საახალწლოდ - ლექსები

ზაურ ზუბაშვილი


„სიზმარში გველანდება ჩვენი ადგილები. სოფელი მთაგორიანია, მაგრამ სულ თავიდან მაჩაბლები იქ სახლობდნენ. 9 ეკლესია და ორი ციხე-კოშკია ხეითში. ლამაზი ტყიანი ადგილია, ლიახვის ჭალებით... მოკლედ, ზღაპრული ადგილებია. ამ კოტეჯს უცებ ჩავაბარებ, ოღონდ გამიშვან.“

ზაურ ზუბაშვილმა ბოლო ლექსი შინდისთან
ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძრვნა


ზაურ ზუბაშვილი სოფელ ხეითს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ხშირად სიზმარში ხედავს და იქ დაბრუნებაზე ოცნებობს. მისი საახალწლო სურვილიც მშვიდობა და სახლში დაბრუნებაა, მაგრამ ნაკლებად სჯერა, რომ ცხინვალის რეგიონიდან რუსები მალე გავლენ. ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, წიგნის დაბეჭდვაზე არც უფიქრია, საკუთარ გულისნადებს მხოლოდ მეგობრებს და მეზობლებს უზიარებს. ხეითში ცხოვრების დროს ბუნებაზე, სამშობლოზე, საკუთარ სოფელზე წერდა, აგვისტოს ომის შემდეგ მის შემოქმედებაში უკვე ომისა და გმირობის თემებიც გაჩნდა. ბოლო ლექსი შინდისთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მიუძღვნა. ზაურ ზუბაშვილი ახლა სკრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მთავრობის მიერ მიცემულ კოტეჯში მეუღლესთან ერთად უკვე მეორე ახალ წელს შეხვდა. კოტეჯის კედლები ნესტის გამო დაობებულია, მაგრამ ამას აღარ ჩივის, რადგან სოფელთან ახლოს მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე დასაქმდა, გასულ წელს კი ფუტკრის მოშენებაც დაიწყო.

– „ ბაღები რომ მოგვცეს, სამუშაო რომ გამიჩნდა, ახლა ძროხაც ვიყიდე, გართული ვარ და აღარ ვნერვიულობ. სანამ თბილისში ვიყავი, გული თორმეტჯერ ჩერდებოდა წუთში, არითმია მქონდა. ახლა აღარ მაქვს, თან წამლებსაც ვსვამ.“

საახალწლო სუფრაზე ცოტაოდენი ტკბილეული, მოხრაკული მაკარონი, ყველი და მოხარშული დედალი აწყვია. რაც მთავარია, სტუმარს ცოტაოდენი ღვინითაც დახვდება. ზაურ ზუბაშვილს გული იმაზე სწყდება რომ დევნილთა პრობლემებს ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობს:



–„ჩვენთვის ახალი წელი არ არის. აი, ახლა იქ, თბილისში, თავისთვის რომ იყენებენ ევროპულ დონეზე ახალ წელს, ჩვენ რითი დავიყენოთ აქა? 28 ლარიანი კომპენსაცია აგვისტოს მერე აღარ აგვიღია. საკითხავია, შენ რომ 2000 ლარი გაქვს ხელფასი და არ გყოფნის, ამ 28 ლარის პატრონებმა რაღა ვქნათ? მარტო ის არის, მაკარონს და ფქვილს რომ მომიტანენ? ეგრე ხომ პირუტყვსაც აჭმევენ.“

საახალწლო სუფრასთან ომის თემას მაინც ვერ ავცდით. ზუბაშვილები მიიჩნევენ, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული არმია იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა, რადგან ფრონეს ხეობის ქართული სოფლები მასირებული დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა.

ზაურ ზუბაშვილის აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტი 20 წლის წინ არ დაწყებულა - იგი უფრო ადრე, სტალინის მმართველობიდან იღებს სათავეს, რადგან ბელადმა ქართულ მიწებზე ავტონომიები შექმნა. მისი აზრით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარი საკუთარი ნებით არ გავა, ამიტომ ქართულ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ერთი ლექსი ზაურ ზუბაშვილის შემოქმედებიდან:

–„ჩვენ არა გვაქვს გასაცემი მიწა, ჰოდა, არვის არ დავუთმოთ, არა!
ბრძოლისათვის მზად იყავით, ძმებო, თორემ რუსი თავისით არ გავა.
ჩვენ ხომ მიწას ყველა გვედავება, აღარა გვაქვს გასაცემი მიწა.
მიწა-წყალი დავიბრუნოთ, ძმებო, ისიც კმარა, რაც სტალინმა მისცა.“