მე-9 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ქართული მხარე კმაყოფილია

გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

28 იანვარს ჟენევაში კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მე-9 რაუნდი გაიმართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო: რეგიონში ამ დროისთვის არსებული ვითარება, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ადამიანების გატაცების ფაქტები, ჰუმანიტარული დახმარების პროცესი, დევნილთა პრობლემები და ასე შემდეგ. თუმცა განსახილველ საკითხს შორის მთავარი აქცენტი რეგიონში უსაფრთხოების ახალი მექანიზმის დანერგვა-ამოქმედებაზე კეთდებოდა. ქართულ მხარეს ამ მექანიზმის პერსპექტივა მხოლოდ საერთაშორისო ძალების ჩართვის შემთხვევაში წარმოუდგენია; მაშინ, როცა კრემლი და სეპარატისტული რეჟიმები კვლავაც დაჟინებით ითხოვენ ამჟამად დაკავებული პოზიციების განმტკიცებას. საკუთარი წინადადებები აქვთ ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებს. რადიო თავისუფლება ჟენევაში ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიგა ბოკერიას.