რთველი და სტიქია - კახეთში, საპრეზიდენტო არჩევნები - აფხაზეთში

გასული კვირის ამბებიდან საყურადღებოა კახეთის რეგიონში რთვლის დაწყება და სტიქია, რომელმაც ლაგოდეხის მოსახლეობის დიდი ნაწილი დააზარალა, კვირის ბოლოს კი - აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები. ამ მოვლენების გარდა, არის სხვა საინტერესო თემებიც.

გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, თეატრში დაბრუნების მოთხოვნა. რუსთაველის თეატრის მსახიობთა დასმა და შემოქმედებითმა კოლექტივმა 22 აგვისტოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას გათავისუფლება თეატრის შენობის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებისგან მისი თანამდებობაზე დაბრუნება მოითხოვა. საპროტესტო აქციას მსახიობთა მხოლოდ ნაწილი დაესწრო, თუმცა, მათივე თქმით, საგანგებო განცხადებას ხელს მსახიობთა უმრავლესობა აწერს.
მსახიობები ამბობენ, რომ მათთვის რობერტ სტურუა კვლავაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება. განცხადება საზოგადოებას თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გააცნო:
რუსთაველის თეატრთან გამართული აქცია

“რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს?
სტურუას სპექტაკლები - გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით - აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე?
არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!"

გასულ კვირაში მოსკოვიდან კვლავ ისმოდა „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ საუბარი. რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში 21 აგვისტოს თქვა:

”საქართველოს ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნარჩენმა, მოქცეულმა მეტად შეზღუდულ ტერიტორიულ საზღვრებში, დაიწყო წამოყვირება თავისი მთავრობის დონეზე - ეს რა არისო, ქართველი მეწარმეები ამაზე არ წავლენო... და ეს რა მთავრობაა, თუკი თავის მეწარმეებს არ აძლევს საშუალებას შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე და ივაჭრონ.”

რაც შეეხება თბილისის პოზიციას „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, მართალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევაო, მაგრამ ცალკეულ კომენტარებში ისინი მაინც არ ურჩევენ „ბორჯომის“ მწარმოებლებს რუსეთის არაპროგნოზირებად ბაზარზე დაბრუნებასა და დიდ რისკებზე წასვლას. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ბორჯომი“ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ამ პროდუქტის ხელახალ დამკვიდრებას მაინც საკმაოდ დიდი ხარჯი დასჭირდება. ისინი პროცესში გარკვეულ რისკებსაც ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ საჭიროა რისკების მართვა და არა ამ რისკების შიშით უარის თქმა გასაღების უზარმაზარ ბაზარზე.
რქაწითელზე ამბობენ, 40 თეთრად ჩაიბარებენო. მე თითქმის ლარი დამიჯდა მისი მოყვანა - აბა, 40 თეთრი რა ფულია...

მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კახეთში რთველი დაიწყო. 15 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ ყურძენს 27 კომპანია შეისყიდის, მოსავლის ჩაბარება კი 32 პუნქტში იქნება შესაძლებელი. ცნობილია, რომ სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, შარშანდელის მსგავსად, თეთრ ყურძენზე - 15, შავზე კი 25 თეთრი იქნება და ის მეღვინეების მიერ გლეხებისათვის შეთავაზებულ თანხას დაემატება. სახელმწიფო ბიუჯეტმა რთველი-2011 10 მილიონი ლარით დააფინანსა, თუმცა გლეხები გასულ კვირაში ამბობდნენ, რომ ჯერ არ იციან, რა ფასად ჩაიბარებენ მათგან ყურძენს:

”ჯერ ფასებსაც არ ამბობენ - ვერ გაგვიგია, რა იქნება. მარტო ის გვესმის, რასაც ტელევიზორში ლაპარაკობენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვიდა და თქვა, გასულ წელს ვიზარალეთო, წელს კი შარშანდელზე მეტია დაფინანსებააო.. რქაწითელზე ამბობენ, 40 თეთრად ჩაიბარებენო. მე თითქმის ლარი დამიჯდა მისი მოყვანა - აბა, 40 თეთრი რა ფულია...”

აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირაში კახეთის ლაგოდეხის რაიონი უამინდობამ და ხანმოკლე, მაგრამ ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივების განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის მცხოვრებთა უმრავლესობა მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის და ვერ აკონკრეტებს როგორ და რა ფორმით შეიძლება დაზარალებულების დახმარება. ადგილობრივი ხელისუფლება გამოსავალს მოსავლის დაზღვევაში ხედავს.
აფხაზეთში არანაირი დიქტატურა არ იქნება. საზოგადოება აღნიშნული სტილის მმართველობას არასოდეს მიიღებს...

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ კვირაში, 26 აგვისტოს, 24 საათით ჩაკეტა ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე მოსაბრუნის, არცევისა და სინაგურის გამშვები პუნქტები. რუსმა მესაზღვრეებმა და კოკოითის ხელისუფლებამ საზღვრის ჩაკეტვის აუცილებლობის მიზეზად რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების მესამე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების აღნიშვნა დაასახელა, რასაც, ოსური და რუსული ვერსიით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები მოჰყოლოდა - დაახლოებით 3 000 ადამიანი, კერძოდ, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები და ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები, ”მშვიდობის მარშის” ეგიდით, სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საზღვრისკენ დაძრულიყვნენ მისი გადალახვის მიზნით.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კი 26 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნები, რომელშიც სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, ასეთი შედეგით დასრულდა: 54,86 პროცენტით ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა; რაულ ხაჯიმბამ მიიღო ხმების 19,83 პროცენტი, სერგეი შამბამ კი - 21,04 პროცენტი. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 106 745 ამომრჩეველმა მიიღო. წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ალექსანდრ ანქვაბმა პრესკონფერენცია გამართა არჩევნების საერთაშორისო პრესცენტრში და დაახლოებით საათნახევრიან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ, დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ჟურნალისტს კითხვაზე, თუ როგორი იქნება მისი მმართველობის სტილი და ხომ არ იქნება ის ავტორიტარული, როგორც ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, ალექსანდრ ანქვაბმა უპასუხა:
ალექსანდრ ანქვაბი

”აფხაზეთში არანაირი დიქტატურა არ იქნება. საზოგადოება აღნიშნული სტილის მმართველობას არასოდეს მიიღებს. თუმცა აფხაზურ საზოგადოებას არ სურს ჰყავდეს სუსტი, უპრინციპო ხელმძღვანელი, ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ დაპირებებს არ შეასრულებს. თუკი, მაგალითად, ჩემში ასეთი თვისებები ხელს არ გაძლევთ, მაშინ ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის დიდ ნაწილს ასეთი თვისებების მქონე ხელისუფალი ხელს აძლევს. ის, რომ საზოგადოებას სურს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. აქ უნდა ჩამოვიდნენ დამსვენებლები და თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.”

თბილისის ოფიციალური პოზიცია დე ფაქტო აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილია - ის არალეგიტიმურად არის მიჩნეული. ამასთან, პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთში გადამწყვეტი მოთამაშე რუსეთია, ხოლო ეგრეთ წოდებული არჩევნები მეტი არაფერია, თუ არა კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება.