გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლება მომზადებული იყო გაყალბებისთვის

გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ოპოზიცური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწერა უამრავი საჩივარი და შენიშნვა, რადგან ხელისუფლება მომზადებული იყო გაყალბებისთვის.

„როგორც ვიცი, აქტივობა ნორმალურია. მინდა კიდევ მივმართო ამომრჩეველს - ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდით არჩევნებზე, რადგან საქართველოს და თქვენი შვილების, შვილიშვილების მომავალს ირჩევთ. ეს თქვენი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა“ - განაცხადა ვაშაძემ, რომელმაც ხმა მისცა ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე. ვაშაძის თქმით, არჩევნებს იგებს გაერთანებული ოპოზიცია და სწორედ ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა. ჟურნალისტების შეკითხვას, ელოდება თუ არა მეორე ტურს, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ ის ელოდება გამარჯვებას, ხოლო პირველ, თუ მეორე ტურში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. შეკითხვას, დამარცხების შემთხვევაში ამას აღიარებს თუ არა, ვაშაძემ უპასუხა, რომ დამარცხება არ იქნება. "ვნახოთ, რა რაოდენობის საჩივრები დაგროვდება. ძალიან მწვავე შეკითხვებზე მოუწევს ხელისუფებას პასუხის გაცემა" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.