პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით ხალხისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია „სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით.“
„სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი საზოგადოებასთან“ - განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის მერის შეფასებით, ამის შედეგი იყო, რომ მხოლოდ შიდა კვლევების შედეგებს დაეყრდნენ, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. „თუმცა, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი გამოფხიზლება ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილებების დასაბამია. სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების დროს“ - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია და ინსტიტუტები, ხოლო გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და შედეგსა და ადმიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული.
„გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც - მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას და მოწესრიგებას“ - განაცხადა კახა კალაძემ. მან არჩევნების შედეგში მხარდამჭერთა ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანია გასაკეთებელი სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს საზოგადოებას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხთან ერთად სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნა არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება. კალაძის შეფასებითვე, მეორე ტურის საჭიროება მიუთითებს „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე, რასაც კარგად ხედავენ მოქალაქეები და საერთაშორისო თანამეგობრობა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილე მოქალაქეებს, დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და მედიას. კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტიის „ერთგულ ამომრჩეველს, რომელმაც ოპოზიციის უპრეცედენტოდ ნეგატიური კამპანიის“ მიუხედავად ხმა მისცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.