საქართველომ ხმა არ მისცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უბრუნებს ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეულ უფლებებს.

ხმა წინააღმდეგ მისცა სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე მყოფმა ხუთივე დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ, ირინა ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი კანდელაკმა. (კენჭისყრის შედეგები).

გვიან ღამით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში დაბრუნების უფლებას.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.