„მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც“, - ასე ეხმაურება ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ წევრების, ოთარ კახიძისა და გიგა ბოკერიას კრიტიკას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
ნიკა მელია ამბობს, რომ „მათი განცხადებები ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმეორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის“.
ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:
„ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.
ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას - მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“.დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ.
დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს.
მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია - დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!“, - წერს ნიკა მელია.
13 ივლისს, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში მიუთითებს, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე.
ოთარ კახიძის მოსაზრებას იზიარებს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ ნიკა მელიას განცხადება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი.
სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოთარ კახიძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე და "ევროპული საქართველოსგან" განმარტებების გაკეთება მოითხოვა.