გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ორშაბათსაა დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გენერალური პროკურატურიდან მიაწოდეს.

ხვალ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

3 ოქტომბერს ამავე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

საქმე, სავარაუდოდ, ეხება „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს.

2 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.