რატომ აწერს ხელს 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა შესახებ წერილს ბიზნესომბუდსმენი?

18 ნოემბრის ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა ოქმების შესახებ გამოთხოვილ ინფორმაციას, ხელს აწერს მიხეილ დაუშვილი, როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. თუმცა დაუშვილი ამ თანამდებობას აღარ იკავებს, 14 ნოემბრიდან ის ბიზნესომბუდსმენია.

დაუშვილის ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელსაც On.ge ავრცელებს, ამობეჭდვის თარიღად 19 ნოემბერი, 09:51 საათია მითითებული. ამ დროს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ოთარ ჭელიძე ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დოკუმენტი ავთენტურია და ეს დადასტურებულია მასზე დატანილი დამცავი ელექტრონული შტრიხ-კოდით. რაც შეეხება დაუშვილის ხელმოწერას, ეს მხოლოდ შიდასისტემური წუნია, რაც მონაცემთა განახლებასთან არის დაკავშირებული და დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

შსს-ს ცნობით, უწყებაში მოქმედი სისტემა სხვადასხვა საინფორმაციო რესურსისაგან კომპილირებული ​ავტომატიზებული პორტალია და ცვლილებები მხოლოდ თითოეული კომპონენტის განახლების შემდეგ აისახება.

„სისტემის სინქრონიზაცია დასრულებულია 19 ნოემბრის 13 საათსა და 25 წუთზე“, - აცხადებს შსს.