Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა.

მედიასთან საუბარში მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობა ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა იქნება.

„ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ იყოს ბიზნესის უფლებების მთავარი მხარდამჭერი კანონიერი უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა არის შეუძლებელი ბიზნესის განვითარების და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი სიტყვებით ბიზნესომბუდსმენის აპარატთან ერთად შეხვდება ყველა სახის ბიზნესს, რათა მათ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში შეუწყოს ხელი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა, რომმიხეილ დაუშვილის მთავარი ამოცანა “ბიზნესის მხარდაჭერა” იქნება.

“ამავდროულად თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს საშუალო თუ წვრილი მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთში იქნება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოხვედრილი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხელ დაუშვილმა ბიზნესომბუდსმენის პოსტზე ირაკლი ლექვინაძე შეცვალა. ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობა 11 ნოემბერს დატოვეს. მიზეზად პირადი გადაწყვეტილება დაასახელეს.

მიხეილ დაუშვილი, სანამ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დაინიშნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლის აგვისტოდან მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG