24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მეორე პირს ბრალი წარუდგინეს

მურად წურწუმია

24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი წარედგინა. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ძალადობა ჯგუფურად.

პროკურატურა ვახტანგ ბურძენაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს სავარაუდოდ დღესვე, 9 იანვარს მიმართავს.

ვახტანგ ბურძენაძე, რომელმაც პროკურატურის თანახმად, 2 იანვარს, შსს-ს თანამშრომელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად, მურად წურწუმიას მიაყენა სიკვდილის გამომწვევი დაზიანებები, 8 იანვარს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი ზურაბ ფოფხაძე პოლიციამ 5 იანვარს დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.