ბავშვთა სიღარიბე რიცხვებში

ბოლო მონაცემი, რომელიც საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის სურათს აღწერს, ​2017 წლით თარიღდება და ის გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევებს ეფუძნება, რომლებიც საქართველოში 2009 წლიდან 2017-ის ჩათვლით რამდენჯერმე ჩატარდა. ამ გამოკვლევების მიხედვით: ​2009 წელს საქართველოში სიღარიბეში ცხოვრობდა ბავშვების 11.5%. ​2011 წელს – 9.4 %; ​2013-ში – 6 %; ​2015 წელს – 2.5 %. ​ხოლო 2017 წელს – 6.8 %

უკიდურესი სიღარიბე კი ნიშნავს, დღეში, დაახლოებით, 3 ლარით არსებობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემების თანახმად, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 20,1 პროცენტია. აქედან 0-დან 17 წლამდე ასაკის ადამიანების 25.5 % ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში - ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ემთხვევა "იუნისეფის" მონაცემს ზოგადი სიღარიბის შესახებ.

სიღარიბე, რომელიც არსად მიდის

სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ბავშვთა სიღარიბე ცალკე ქვეთავად 2012 წლიდან ჩნდება.

2012 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი ისევ გაეროს ბავშვთა ფონდის 2012 წლის მონაცემს იშველიებს, რომლის თანახმად, საქართველოში უკიდურესი სიღარიბეში ცხოვრობს 77 000 ბავშვი.

2013 წელს, სახალხო დამცველის ანგარიშში გვხვდება იმ წელს გახმაურებული, შიმშილით სიკვდილის ამბავი - ხელვაჩაურში, სწორედ შიმშილისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა ერთი წლის გოგიტა აბაშიძე.

მაშინ სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ბავშვი იზრდებოდა ოჯახში, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარება. მშობლებს არ შეეძლოთ ბავშვის სათანადოდ მოვლა. სახელმწიფო სამსახურები კი (სოციალური, სამედიცინო) ფაქტობრივად უმოქმედონი იყვნენ.

ამავე წლის ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ საქართველოში მშობელთა დიდი ნაწილს უბრალოდ არ გააჩნდა ბავშვის სრულფასოვნად გამოსაკვებად საჭირო მატერიალური სახსრები და წერდა, რომ საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, სხვა უარყოფით ფაქტორებთან ერთად, ოჯახების უკიდურესი სიღარიბე განაპირობებდა.

2014 წელს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ბავშვთა სიღარიბის საკითხი კიდევ უფრო დაავიწროვა და დაწერა, რომ არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელბიც როგორც უკიდურეს, ისე ფარდობით სიღარიბეში იზრდებიან, მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

ეს ის წელია, როცა საქართველოს მთავრობის N291 დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ითვალისწინებდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

სახალხო დამცველი წერდა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სიღარიბისგან დამცავი მექანიზმები ძირითადად მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს შეეხებოდა, თუმცა დაფინანსება იმდენად მწირი იყო, რომ მათ სიღარიბის პრობლემას ვერ უწყვეტდა.

მაგალითად, ონში მცხოვრებ ოჯახს 3 შვილზე - 80 ლარის, 4 შვილზე კი 100 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემოდა.

2015 წელს სახალხო დამცველი ისევ წერდა:

და ეს ფრაზა, წლიდან წლამდე, თითქმის ყველა ანგარიშში მეორდება.

ამავე წელს, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების გატარება მოსთხოვა. რეკომენდაციებს შორის იყო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების სპეციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობა.

2016 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები 169 503 ბავშვი(18 წლამდე პირი), ხოლო 10 ლარიანი დანამატის მიმღები, 62 522 ოჯახი, რომლის წევრიც არის 16 წლამდე პირი.

„ამ ოჯახებს აქვთ საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფის პრობლემა, ასევე განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია“, - წერს სახალხო დამცველი.

2017 წლის ანგარიშში მოყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები, რომ საქართველოში საარსებო შემწეობას იღებს 73 035 ისეთი ოჯახი, რომელშიც 18 წლამდე ასაკის პირი ცხოვრობს.

საარსებო შემწეობას იღებს 150 186 არასრულწლოვანი.

მათგან 43 169 - 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვია, 4099 - 1 წლამდე ასაკისა.

ამ წლის ანგარიშში ნახსენებია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაც“, რომელშიც 928 ოჯახია ჩართული. სახალხო დამცველი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის მიზანი ოჯახის გადაუდებელი საჭიროებების დროული დაკმაყოფილებაა, პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხშირად თვეებისა და წლების განმავლობაშიც ჭიანურდება.

2018 წელს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში წერია, რომ ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მხრივ წლებია ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეცვლილა და რომ ამ მხრივ ყველაზე რთულ ვითარებაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში არსებული 6 დღის ცენტრის და 6 სადღეღამისო თავშესაფრით 2018 წელს 280-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბავშცების, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს.

„კვების ბარათი“ სახელმწიფოსგან

საქართველოში 83 065 მოზარდი სარგებლობს ე.წ „ბავშვის კვების ბარათით“, რომელზეც თვეში 30 ლარი ირიცხება, რომლითაც შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა. მოზარდებს ბარათით სარგებლობა მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ.

კვების ბარათი 50 ლარიანი შემწეობის ნაწილია, საიდანაც 20 ლარი ოჯახის საბანკო ბარათზე ირიცხება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლესი მონაცემებით, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველის სტატუსითა და 50-ლარიანი შემწეობით სარგებლობს 139,976 მოზარდი .

უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ანუ დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ბავშვების 6.8%, რაც რიცხობრივად დაახლოებით 49 800 ათასი ბავშვია.

ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს ბავშვების 27.6%, დაახლოებით 202 ათასი ბავშვი.

2014 წლის 1 ივლისიდან, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან და სხვა არამაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ,,მესამე და შემდეგი“ 6736 ბავშვი იღებს 150 ლარინ დახმარებას. 412 ბავშვი კი 200 ლარიან დახმარებას.

2016 წლის 1 იანვრიდან კი, დახმარების მიმღები ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირველი, მეორე, მესამე და შემდეგი“ 2575 ბავშვი იღებს ყოველთვიურად 100 ლარს და 1846 ბავშვი - 200 ლარს.

სოციალურად დაუცველთა ერთიან სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 16 წლამდე - 139,976.

არსებობს კიდევ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ბიუჯეტი 1 800 000 ლარია, თუმცა ეს პროგრამა ითვალისწინებს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას საკვები პროდუქტებით (მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტებით) და საყოფაცხოვრებო საქონლით.