კვაჭანტირაძე - ტიკარაძეს: ფიქრობთ, რომ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე?

ზვიად კვაჭანტირაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლა პარლამენტში არ იძლევა სფეროში არსებული ვითარების სრულად დანახვის საშუალებას.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი გამოსვლა არ იყო კრიტიკული, საკმაოდ მონოტონური გამოსვლა იყო, რომელმაც არ მოგვცა საშუალება, მთლიანად დაგვენახა დღეს არსებული სიტუაცია“, - მიმართა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკატერინე ტიკარაძეს და მოითხოვა გულწრფელი პასუხიც კითხვაზე, იყო თუ არა იგი სწორად შერჩეული მინისტრის პოსტზე:

„მაინტერესებს, ამ თვეების განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით მინისტრი, თქვენ ფიქრობთ, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად თუ არა?“ - იკითხა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძემ თავისი 520-ე დადგენილებით „ყველაფრის ჩეხვა დაიწყო“.

„თქვენ აკეთებთ რეფორმას, რომლის ძირითადი გადახდა ხდება ავადმყოფის ხარჯზე და განსაკუთრებით თქვენი რეფორმა 520-ჯერ არტყამს დანას მძიმე პაციენტებს“, - უთხრა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკატერინე ტიკარაძეს.

დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისიდან მუშაობს.