ჰარამხანის მოგონებები: ოსმალეთის ბოლო დედოფლის აფხაზი სეფექალი

ზოგიერთი კარგი წიგნი ძალიან უიღბლო აღმოჩნდება ხოლმე იმ ნიშნით, რომ ბევრი მკითხველი არ გამოუჩნდება და მასში მოთხრობილი ზოგჯერ უნიკალური ამბებიც იკარგება. ამ აზრმა, შეიძლება, თქვენც გაგკრათ გულში, თუ ხელში ჩაგივარდებათ წიგნი ლეილა აჩბა-ანჩაბაძის ავტორობით. ხოლო წიგნს ჰქვია „აფხაზი თავადის ქალის მოგონებები ჰარამხანაზე“ და ის საკუთარ თავსა და ოსმალეთის სამეფო კარზე გატარებულ წლებზე წერს.

ეს მოგონებები მისმა ძმისშვილმა, ჰარუნ აჩბამ გამოსცა წიგნად, თურქეთში. ხოლო ქართულად ითარგმნა და გამოიცა რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურის მუზეუმის მიერ.

ამ წიგნის ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექტრონული ვერსია კი სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა მუზეუმის ფეისბუკგვერდზე.

როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე გვეუბნება, მათაც გადაწყვიტეს COVID 19-ის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის პერიოდში, დროებით, ამ ფორმით გააგრძელონ მუშაობა და მათ მიერ გამოცემული არაერთი უნიკალური წიგნის ელექტრონული ვერსია გამოაქვეყნონ. მოკლედ, მუზეუმის გვერდზე სხვა წიგნებსაც იპოვით, ეს ამბავი კი ოსმალეთის იმპერიის ბოლო დედოფლის აფხაზ სეფექალზეა.

ლეილა აჩბა ანჩაბაძე

წიგნად შეკრული მოგონებების შესავალ წერილში ჰარუნ აჩბა წერს, რომ მამიდამისი, ლეილა აჩბა-ანჩაბაძე, ხუთი წლის განმავლობაში (1919-1924) იყო ოსმანთა იმპერიის ბოლო ფადიშაჰის, სულთან ვაჰიდედდინ ხანის პირველი მეუღლის, ნაზიქედას სეფექალი. ის ბოლომდე ემსახურა თავის ქალბატონს და როცა სულთნის დინასტია გადაასახლეს, ლეილაც იძულებული გახდა სტამბული დაეტოვებინა. მან ეს მოგონებები ანატოლიის შორეულ ქალაქ სივასში დაწერა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

სასახლის ქალების მიერ მემუარების წერა იშვიათი ამბავიაო, წერს ჰარუნ აჩბა. მისივე სიტყვებით, ლეილა საზის, საფიე უნუვარისა და პრინცესა აიშე ოსმანოღლუს გარდა, სასახლის ქალის მიერ დაწერილ სხვა მემუარებს ჩვენამდე არც მოუღწევია.

რატომ არ წერდნენ იქაურ ამბებს? შესაძლოა იმიტომ, თავადვე პასუხობს სეფექალის ძმისშვილი, რომ სასახლეში მომხდარი სასახლეშივე უნდა დარჩენილიყო. ერთხელ ერთ ნათესავ ქალს უთქვამს ჰარუნისთვის, რომელიც მამიდის მსგავსად, ფადიშაჰის სასახლეში ცხოვრობდა, „სასახლე საიდუმლო სკივრია, მისი გახსნა შეუძლებელიაო“.

ხოლო ყველაზე გავრცელებული ჭორი, რაც კი სასახლის იდუმალებას უკავშირდებოდა, მაინც ის იყო, რომ სულთანი სასახლის ყველა გოგოსთან იყოფდა სარეცელს.

დედოფალი, რომლის სეფაქალიც ლეილა აჩბა გახდა, ემინე ნაზიქედა, ჰარუნის დედის მამიდა იყო - ესე იგი, დედამისი იყო ოსმალეთის იმპერიის ბოლო დედოფლის, ბოლო სულთნის მეუღლის ძმისშვილი. ამით ჰარუნიც ამაყობს და როგორც ამ წიგნიდან ირკვევა, ამაყობდა ლეილაც.

საიდუმლო

სასახლე და საიდუმლო რომ განყოფელი იყო, ამას ლეილა აჩბა-ანჩაბაძის სიტყვებიც ამტკიცებს, რომლითაც თხრობას იწყებს კიდეც: სასახლემ საიდუმლოს შენახვა მასწავლაო. მაგრამ ვიდრე სასახლის ამბებს მოყვება, ლეილა მოგვითხრობს თავისი აფხაზური ფესვების ამბავს.

აფხაზები, ფოტო წიგნიდან

ლეილას მამა, თავადი რეფიქ აჩბა, სულთან აბდულჰამიდ მეორის ხანის მწიგნობარი ყოფილა. დედა, მაჰშერეფი, ემხვარის გვარის თავადის ქალი, სულთან აბდულაზიზ ხანის სეფექალი.

მამა აფხაზეთის სამეფოს დამაარსებლის აჩბას გვარის შტოს ეკუთვნოდა. მისი დიდი ბაბუა, აჰმედ აჩბა კი ერთ-ერთი პირველი აფხაზი მუჰაჯირი ყოფილა, რომელიც კავკასიაში რუსთა ძალადობას ვერ შეეგუა და ოჯახთან ერთად 1842 წელს სტამბულში გადასახლდა. ცხოვრებაც იქ გაგრძელდა. ლეილას მამამ ლეილას დედა სალიჰა სულთნის კარზე ნახა და სულთანს მისი ხელი სთხოვა. მერე ლეილაც დაიბადა.

მისი ცხოვრება კი ბავშვობიდანვე დაუკავშირდა სამეფო სასახლეს.

ლეილას დეიდა, ფეივესტე (იგივე რაბია) - სულთან აბდულჰამიდის საყვარელი ცოლებიდან ერთ-ერთი იყო. მათ საერთო ვაჟიც ჰყავდათ, რისთვისაც ის ლამაზი შენობით და უთვალავი თვალმარგალიტით დასაჩუქრებულა. ლეილას და, ნურბანუ კი, ბურჰანედდინის რჩეული გამხდარა. სულთნის მესამე ხარჭას უწოდებს ლეილა თავის ბიძაშვილ ფატმას. ასე რომ, დედოფლის სეფექალობამდეც, ლეილას სასახლესთან კავშირი სულ ჰქონდა და იქ დედასთან ერთად დადიოდა.

ბევრი რამ ამ მოგონებებში ლეილას თავისი თვალითა ჰქონდა ნანახი, ზოგიც დედის მონათხრობიდან გააცოცხლა.

გერმანიის დედოფლის სტუმრობა ჰარემში

ამბავი იყო იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტეს გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ მეორემ და მისმა მეუღლემ იურუსალიმის შემდეგ სტამბულის მონახულება. მაშინ ლეილას დედ-მამა ახალი დაქორწინებულები იყვნენ. კვირაში სამჯერ სასახლეს სტუმრობდნენ ხოლმე.

ჰოდა, ამ ამბის თანახმად, ის ქალები, რომლებიც დედოფალ ავგუსტე ვიქტორიასთვის უნდა ეჩვენებინათ, თურმე, რამდენიმე დღით ადრე შეარჩიეს. 1889 წლის სექტემბრის ბოლო იყო. ავგუსტე ვიქტორია ჰარამხანაში პირველად სულთნის დედას შეახვედრეს. ის დედოფალს დიდ ტახტზე მჯდარი დახვედრია, ხოლო მისი თვალმარგალიტების დანახვაზე დედოფლის მხევლებს თვალები გაფართოვებიათ. დედა ასე უყვებოდა და ლეილამაც ეს ამბები ასე შემოინახა.

როგორ გაძარცვეს ილდიზის სასახლე

ეს 1909 წელია. ერთი წლით ადრე კონსტიტუცია დამტკიცდა. ის დროა, როცა სულთანი აბდულჰამიდ მეორე ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს. სწორედ ამ პერიოდში წასულა სასახლეში ლეილას დედა თავის დის სანახავად, თან ლეილაც წაუყვანია, რომელიც იმ დროს 16 წლისა ყოფილა.

სწორედ მაშინ შეესწრო ამ ამბავს:

„19 აპრილს სასახლეში სროლის ხმები და მამაკაცთა საცხოვრებლიდან შეძახილები გაისმა. ყველანი გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, შეშინებულები... ჰარამხანაში ქალები დღეების განმავლობაში საჭმლისა და წყლის გარეშე იყვნენ, გარესამყაროსთან კავშირი მთლიანად გაგვიწყვიტეს. ჩვენი ბატონის თხოვნით, უსინდისო მკვლელებმა ერთი ტომარა პური გამოგზავნეს, გამხმარი და ძველი პურები მოხუცთათვის დასარიგებლად იყო განკუთვნილი. .. 27 აპრილის საღამოს ყველაფერი დასრულდა“.

გარეთ რევოლუცია მძვინვარებდა, რომლის ხმა სასახლეშიც აღწევდა.

„მე და ჩემი და ფატმას სახლში ვიცდიდით. უეცრად სამეფო ზარბაზნების გასროლის ხმა გავიგეთ. მსახურს დავუყვირე, ეს რა არის, ნუთუ სასახლეს ესხმიან თავს? ჩემო პატარავ, ეს სამეფო ზარბაზნებიაო, მიპასუხა მსახურმა... მოახლეები სასახლის ბაღში აქეთ-იქით დარბოდნენ, „ჩვენი ბატონო წაუყვანიათ, მეამბოხეები სასახლეს ესმიან თავსო“, გაიძახოდნენ. „ღმერთო, ჩვენი ხელმწიფე წავიდა“, - ეს იყო პირველი, რაც ჩემმა დამ თქვა“.

მერე ლეილა იხსნებს, როგორ შევარდნენ ილდიზის სასახლეში, ჰარამხანაში, როგორ დაიწყო ძარცვა. როგორც სინჯავდნენ ქალებს და გარეთ იმ შემთხვევაში უშვებდნენ, თუ მათ ძვირფასეულობა არ ჰქონდათ.

სულთანი სალონიკში გაგზავნეს. მას თან ახლდა ლეილას დეიდა და მათი ვაჟი აბდურრაჰიმი...

ლეილა აჩბა-ანჩაბაძის მოგონებებმა სხვა არაერთი აფხაზი ქალის ისტორიაც შემოინახა. ეს საინტერესო დეტალია იმ მხრივ, რომ თავად ავტორიც წერს, ოსმალეთის იმპერიის სასახლის ქალების უმრავლესობა სწორედ კავკასიიდან იყოო. განსაკუთრებით ჭარბობდნენ ჩერქეზები, აფხაზები და ქართველები.

ჩერქეზი ქალები, როგორც წესი, ღარიბი მიწათმფლობელის შვილები იყვნენ, აფხაზი ქალები - თავადის შვილები, ხოლო ქართველი გოგოები, ძირთადად, ვაჭრების, საშუალო ფენის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენო, წერს ლეილა.

ეტყობა, ძალიან შთამბეჭდავად დაამახსოვრდა ავსტრიის დედოფლის, ზიტას სტუმრობა სასახლეში. ეს უკვე 1918 წელია. დედოფალი ზიტა ილდიზის ჰარამხანაში მისულა. მას იქ ყავით გაუმასპინძლდნენ, ახალგაზრდა მხევლებმა კი თურქული და ჩერქეზული ცეკვები უცეკვესო. ზიტასთვის ჰარამხანის სახელით ულამაზესი მოქარგული თავსაბურავი უჩუქებიათ.

ლეილას არ დაავიწყდა სიტყვები, თუ როგორ მიმართ მას დედოფლის თანმხლებმა გრაფინიამ:

"თქვენნაირ ლამაზ კავკასიელ პრინცესას ჩემს სასახლეში სიამოვნებით მივიღებდი სტუმრად, ერთ მშვენიერ დღეს ვენაში თუ ჩამოხვალთ, ჩემს სასახლეში გელოდებითო:.

თუმცა ლეილა ვენაში არასოდეს ჩასულა.

ბოლო ოსმალო ქალბატონის მეხუთე სეფექალი

ის გზაც კი აღწერილი აქვს, თუ როგორ მივიდა სასახლემდე უკვე როგორც სეფექალი. როგორ ესალმებოდნენ მსახურები. და როცა იკითხა, ასე რატომ ხდებაო, უპასუხეს, ეს ეტლი, რომლითაც მოხვედი, ქალბატონისააო. ამ სასახლეში მეხუთე სეფექალად მისული ლეილა არაერთი ისტორიული მოვლენის შემსწრე გახდა. მათ შორის, იმპერიის ნგრევისაც.

ლეილა აჩბა სასახლიდან დედას ასეთ წერილს სწერს:

„მხევალი გოგონები ქალბატონს თმის დასავარცხნად გარს შემოჰხვეოდნენ, მის ირგვლივ ფარვანასავით ტრიალებდნენ, ერთი ვარცხნიდამ მეორე უწნავდა, მესამე კი მბზინავ წავლისფერ თმას უკრავდა. იმდენად დიდებული სანახაობა იყო, რომ მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მინახავს“.

დედოფალიც აფხაზი დიდგვაროვანი იყო. ჰასან ალი ბეი მარშანიას და ადლერელი თავადის ასულ ფატმა არედბას უფროსი ქალიშვილი, რომელმაც სულთან ჯემილეს სასახლეში მისვლის შემდეგ ნაზიქედა დაირქვა.

„ქალბატონი“ - ასე მოიხსენიებს მას ლეილა აჩბა-ანჩაბაძე თავის მოგონებებში: ის, თურმე ძალიან ადრე დგებოდა. საუზმის მერე კი ქალიშვილის, საბიჰას სანახავად ჩადიოდა.

სეფექალების ოთახები რანგის მიხედვით ერთმანეთის გვერდით იყო ჩამწკრივებული. რადგან ლეილა მეხუთე სეფექალი იყო, მისი ოთახი კორიდორის ბოლოს იყო. მოსამსახურე მასაც ჰყავდა.

სეფექალის მოვალეობა კი, როგორც ლეილა წერს, ქალბატონის გვერდით ყოფნას, მასთან საუბარს, ჭორებით ინფორმირებას გულისხმობდა.

სასახლე

კონსტიტუციის შემოღების შემდეგ სასახლეში ბევრი რამ შეიცვალა. ერთ-ერთი თვალშისაცემი - ჩაცმულობა იყო: თურქული სამოსი ხმარებიდან ამოიღეს. სასახლეში ძირითადად ფრანგულ მოდას მისდევდნენ.

ლეილა წერს, ქალებს მკლავებზე და ყელზე ისეთი ძვირფასეულობა ეკიდათ, მსგავსი არც სხვაგან მინახავს და არც გამიგონიაო.

სასახლეში მოხვედრილ გოგოებს სახელებს მაშინვე უცვლიდნენ. მათ სასახლეშივე ზრდიდნენ და იმის მიხედვით, ვის რა შეეძლო უკეთ, ასაქმებდნენ და ხელფასსაც უხდიდნენ - ატლასის ქისაში გახვეული ოქროებით.

ლეილა ყვება სულთნის ქორწილებზე, აღწერს პარასკევობით მეჩეთში სულთნის წასვლის ცერემონიას - ჯუმა სელამლიქნარს. ამ დღეს ფადიშაჰი რომ სასახლიდან გამოვიდოდა, მას მარშით, საყვირებითა და ჯარისკაცთა შეძახილებით ესალმებოდნენ. დედოფალს ოფიციალური ტანსაცმელი ეცვა და გვრგვინი ედგა თავზე, სეფექალებს თეთრი კაბებში იყვნენ გამოწყობილები. ეს იყო დიდი სანახაობა.

ბოლო, ყველაზე მწარე დღეები

ლეილა აჩბა ანჩაბაძის წიგნის ბოლო თავები სასახლიდან გადასახლების და იმპერიის ბოლო, მისთვის მძიმე დღეებზე ყვება: „იმპერიის კაშკაშა ვარსკვლავი ნელ-ნელა ჩაქრაო“, - წერს.

„ილდიზის სასახლესთან განშორებისას რამდენი ცრემლი დაიღვარა, ვერ გადმოგცემთ. მაშინ, როცა ბრწყინვალე ოთახები და დარბაზები დავტოვეთ, როცა ჩვენს ზურგს უკან მძიმე რკინის კარები ჩარაზეს, ვიგრძენით, რომ ტკბილი და ლამაზი წუთები უკან დარჩა. წინ კი ტანჯვითა და წამებით სავსე წლები გველოდა“.

სხვათა შორის, როცა ამ წიგნზე ვლაპარაკობდით, ლაშა ბაქრაძემ სწორედ ეს დეტალი ახსენა, რომ თუ ევროპაში სულთნის სასახლეებსა და იქაურ ცხოვრებაზე ათასი მითი იქმნებოდა და ამ სულისკვეთებით იწერებოდა ამბები, როგორც მიუწვდომელი სიამოვნების ადგილზე, ლეილა აჩბამ აჩვენა, როგორი იყო სასახლეში ცხოვრება სინამდვილეში, ცხადია, სუბიექტურად, როგორც ის ხედავდა.

ქართულ ენაზე ამ წიგნის გამომცემლების ყველაზე მთავარი მიზანი მაინც ის იყო, რომ საქართველოს საზოგადოებას მეტი შეეტყო აფხაზეთზე. და როგორც ლაშა ბაქრაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამით მას სურდა, აფხაზებისთვისაც ეჩვენებინა, რომ საქართველოში აინტერესებთ აფხაზეთთან დაკავშირებული ამბები. რომ აქ გამოიცემა წიგნები, რომლებიც შეიძლება მათაც აინტერესებდეთ.

„ჩემთვის ეს წიგნი საინტერესოა იმიტომაც, რომ ლეილა აჩბა-ანჩაბაძე იყო შთამომავალი აფხაზი მუჰაჯირების ძალიან ადრეული თაობის. ამ წიგნში შეიძლება ამოვიკითხოთ აფხაზური თავადაზნაურობის ამბები, გავიგოთ, როგორ იყო აფხაზური ელიტა წარმოდგებილი ოსმალეთის იმპერიაში, სამეფო კარზე. და ცხადია, საინტერესოა ამ წიგნში აღწერილი ისტორიული პერიოდიც - როგორ მარცხდება ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში, როგორც უქმდება სულთანათი, ცხადდება რესპუბლიკა, ხოლო სამეფო კარის წარმომადგენლები მიდიან ემიგრაციაში. აი, ამ პროცესის შუაში დგას მთხრობელი“.

ამ წიგნს, რომელიც ბეჭდური სახით 2011 წელს გამოიცა, მოჰყვება აფხაზეთის პირველი აფხაზურენოვანი რუკა, რომლის შესახებაც მკვლევართა უმრავლესობამ არაფერი იცოდა.

ეს წიგნი ლაშა ბაქრაძემ ერთ-ერთ ქართულ-აფხაზურ არაფორმალურ შეხვედრაზე აფხაზებსაც აჩუქა.

პს. როდესაც თურქეთში„ "აფხაზი თავადის ქალის მოგონებები ჰარამხანაზე“ პირველად გამოიცა, წიგნის ავტორად მითითებული იყო ლეილა აჩბა-ანჩაბაძე. მეორე გამოცემაში კი მხოლოდ ლეილა აჩბა.