კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, რომლის სახელსაც მედიაპლატფორმა „ესპერსონა“ უკავშირდება, განცხადებას აქვეყნებს.

„2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ”, - აღნიშნავს კოკა ყანდიაშვილი.

ჟურნალისტი აცხადებს: „ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“.

2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ესპერსონასა“ და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.

საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანგარიში. ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.

დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის თქმით, ის შოკშია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადების გამო, რომელიც ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილისა და „ქართული ოცნების“ კავშირს უარყოფს.

საქართველოსთან მიმართებით საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში, ფეისბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.

ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.