რა იქნება რაჭაში: ჰესი, ეროვნული პარკი, ორივე ერთად თუ არც ერთი?

ონის კასკადის გარშემო ინტერნეტში დაწყებული პროტესტი 24 მაისს ქუჩაში გადაინაცვლებს. ისინი, ვინც „არას“ ეუბნებიან ზემო რაჭაში 206-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას, გაჩერებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ინვესტორს და სახელმწიფოს არ დაანებებენ ონში ჰესის აშენებას.

აქცია ამჯერად თბილისშია დაგეგმილი. ონლაინკამპანია „არა ონის კასკადს“ კარგა ხანია გრძელდება და ის მას განსაკუთრებით შემდეგ გააქტიურდა, რაც დაახლოებით ორწლიანი განხილვის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა ჰესის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი ნებართვა. ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა - მშნებლობის ნებართვა კომპანია „ფერიმ“ და სს ონის ჰესების კასკადმა სწორედ მისგან უნდა მიიღოს.

რადიო თავისუფლებამ ონის ჰესების თემაზე რამდენიმე სტატია მოამზადა, სადაც ჰესის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებზე იყო საუბარი.

ამჯერად დაგროვილი კითხვებით მივმართეთ სს ონის ჰესების კასკადის პროექტის მენეჯერს, ზაზა ბაკურაძეს და შპს „ფერის“ (დამფუძნებელი კომპანია) ხელმძღვანელს, ლაშა იორდანიშვილს.

ბატონო ზაზა, რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით ონის კასკადის პროექტზე, სანამ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავდით განცხადებით?

რიონზე ჰესის აშენების იდეა ადრეც არსებობდა, მაგრამ ჩვენ, ანუ შპს „ფერი“ ამ პროცესში 2014 წელს ჩაერთო. ძველი სქემით იქ 140 მეტრიანი კაშხალი უნდა აშენებულიყო. წყლის რაოდენობის გაზრდის მიზნით. დაგეგმილი იყო რიონის ორი შენაკადის გვირაბებით გადაგდება რიონში, მაგრამ ეს პროექტი შეიცვალა. ჩვენ კაშხალი მოვხსენით, რითიც, ცხადია, ენერგია დავკარგეთ, მაგრამ ამან საგრძნობლად შეამცირა გარემოზე ზეგავლენა, რადგან, ფაქტობრივად, არაფერი იტბორება და ჰესს არც კაშხალი აქვს. თუ არ ჩავთვლით 8 მეტრიან დამბას.

ანუ, სახელმწიფოსთან მემორანდუმი გაფორმდა 2015 წელს, ხოლო პირველი გზშ-ს დოკუმენტი 2017 წელს შევიტანეთ სამინისტროში, რომელსაც ამ წლის მარტამდე განიხილავდნენ. ამ პროცესში არაერთი ექსპერტი იყო ჩართული და ბევრი საჯარო შეხვედრაც გავმართეთ.

განცხადება გარემოს დაცვის სამინისტროში 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, თუ არ ვცდები, 31დეკემბერს შეიტანეთ?

არა, ეს იყო 27 დეკემბერი.

ახალ წლამდე სამი დღით ადრე სამინისტროსთვის მიმართვის მიზეზი ხომ არ იყო ის, რომ გსურდათ თავი აგერიდებინათ ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისათვის, რომელიც, როგორც არაერთი გარემოსდამცველი ამბობს, ევროკავშირის გზშ დირექტივის შესაბამისია და მასში ძველ კოდექსთან შედარებით, უკეთესი (უფრო მკაცრი) სტანდარტებია? ახალი კოდექსი სწორედ პირველი იანვრიდან შედიოდა ძალაში.

მოდი ჯერ ის ვთქვათ, რომ ახალი კოდექსი ურჩხული არ არის და მისი არავის ეშინია.

ურჩხული არა, ამ კოდექსს მეტი მოთხოვნები აქვს და უფრო მაღალი სტანდარტი.

გასაგებია. პასუხია არა. მიზანი ეს არ ყოფილა და არც ვიცოდით თუ პირველიდან შედიოდა ახალი კანონი ძალაში. ძველი კანონმდებლობით, უბრალოდ, ერთხელ მოგვეთხოვებოდა საჯარო განხილვის ჩატარება. სამინისტროსაც ერთ დოკუმენტს აბარებდი და ერთი ოფიციალური განხილვა ხდებოდა. ახალი კოდექსით კი გზშ-ს დოკუმენტის მომზადებამდე სკოპინგის დოკუმენტის მომზადების ვალდებულება გვექნებოდა, რაც წინასწარი, ბევრად მოკლე დოკუმენტია, რომელიც ამბობს, რა პროექტზე მუშაობ, რა კვლევებს ატარებ და მზად ხარ მიიღო შენიშვნები ექსპერტებისგან, გარემოს დაცვის სამინისტროსგან.

იმას ვამბობ, რომ ჩვენ დრო აღარ დავკარგეთ და განცხადებაც შევიტანეთ ახალ წლამდე. თუმცა, რეალურად, ერთზე მეტი განხილვა გვქონდა და ამის დადასტურება შეგვიძლია ფოტო-ვიდეო მასალით. მეორეც - ჩვენი პროექტი ორწელიწადნახევრის განმავლობაში განიხილებოდა და არანაირი უპირატესობით არ გვისარგებლია.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ონის კასკადის პროექტზე ორჯერ დაწერა შენიშვნები საბოლოო ნებართვის გაცემამდე, საკმაოდ ბევრი კრიტიკული შენიშვნა მიიღეთ, როგორ ფიქრობთ, რატომ? თქვენ ხომ აცხადებთ, რომ ხუთი წელი დეტალურად გამოიკვლიეთ ყველაფერი?

ეს ბუნებრივი პროცესია, როცა ამხელა პროექტი განიხილება. ცხადია, უნდა დაისვას კითხვებიც და დაიწეროს შენიშვნებიც. დოკუმენტი საჯარო იყო და გარემოს დაცვის სამინისტროს გარდა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ჩვენთვის შენიშვნები და მოსაზრებები გამოეგზავნა. სხვათა შორის, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, თუ ფიქრობდნენ,, რომ ეს ასეთი კატასტროფული პროექტია, რატომ არ მოგვწერეს? მათგან ოფიციალურად შენიშვნები არ მიგვიღია.

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა ბაკურაძე ონში ჰესის პროექტის შესახებ - ნაწილი 3

გარემოს დაცვის სამინისტროს ჩამონათვალიდან ყველა შენიშვნა შეასრულეთ?

დიახ, ყველა. ექსპერტთა იმ წრეში, ვისაც ეს პროექტი წაკითხული აქვს ნამდვილად, კითხვები აღარ არსებობს. და რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პანდემიის დროს სპეციალურად გაიცა გარემოსდაცვითი ნებართვა, ეს სიმართლე არ არის, მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2632 განკარგულებით, მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციული წარმოების ვადა 2020 წლის 18 მარტამდე იყო გაგრძელებული და გარემოს დაცვამ ეს ვადა არ დაარღვია ​მაგრამ ეს არ ნიშნავს მშენებლობის ნებართვას. ის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს.

და ეკონომიკის სამინისტროსგან როდის მოელით პასუხს?

ჯერ არ ვიცით, მაგრამ რაც მალე, მით უკეთესი. ახლა მთავრობასთან ტარიფზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

სანამ ტარიფზე გკითხავთ, თქვენი ოპონენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ონის კასკადის გზშ გადაწერილია სხვა მსგავსი დოკუმენტებიდან. რას უპასუხებდით ამ კრიტიკას?

როგორ შეიძლება იყოს გზშ გადაწერილი? 2000 გვერდიანი დოკუმენტია, რომელიც მზადდება კონკრეტულ პროექტთან მიმართებით. ყველაფერი, გეოლოგია, ჰიდროლოგია, ბიომრავალფეროვნება, კონსტრუქციული ნაწილი, ყველაფერი, ამ პროექტზეა მორგებული. ონის კასკადის მსგავსი პროექტი უბრალოდ არ არსებობს.

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა ბაკურაძე ონში ჰესის პროექტის შესახებ

ონის ჰესის მოწინააღმდეგეები ეჭვობენ და აცხადებენ, რომ თქვენ არ ჩაგიტარებიათ სერიოზული სიღრმისეული გეოლოგიური, სეისმური და სხვა სახის კვლევები ადგილზე. რას ეტყოდით მათ?

მე რაც მოვისმინე, ამბობენ, თითქოს მხოლოდ ერთხელ გადავიღეთ აეროფოტო. ამას ამბობს ხალხი, ვინც ნებისმიერი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტს აპროტესტებს. განურჩევლად მისი სიმძლავრის, ადგილმდებარეობის, გარემოზე ზემოქმედებისა თუ სარგებლისა.

მე მათ შემიძლია ვუპასუხო (მაგალითად, რაც გეოლოგიურ კვლევას ეხება), რომ ადგილზე ქანების შემადგენლობა რომ შეგვესწავლა, ათეულობით ჭაბურღილი გვაქვს დადგმული. გაკეთებულია დეტალური ტოპოგრაფიული კვლევები. დადგენილია თითოეულ ადგილას ხომ არ იყო ან სად მეწყრული უბანი. ამ პროცესში ჩართული გვყავდა წამყვანი ქართველი გეოლოგები იყვნენ ჩართულები და მათ კიდევ ზედამხედველობას უწევდნენ პროექტის ავტორები, გერმანელები, კომპანია „Lahmeyer International”-ის წარმომადგენლები.

ეს კვლევები დღეს ხელმისაწვდომია?

ეს კვლევები სამი წლის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი და ყველა შეეძლო ენახა. დროთა განმავლობაში ემატებოდა ახალ-ახალი კვლევები, რაც ასევე საჯაროა, უბრალოდ უნდა გადაშალო და წაიკითხო. ამ პროცესში ჩართული იყო ასევე წამყვანი ქართული გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია. მათ მოამზადეს ეს გეოლოგიური კვლევა. დეტალური სეისმური კვლევაც, კერძოდ, წამყვანი ევროპული კომპანიის Studer Engineering GmbH მიერ გაკეთდა. აი, აქ არის ყველაფერი.

WWF (ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი) თუ არის თქვენთვის ავტორიტეტული ორგანიზაცია?

რომ გითხრათ, რომ ახლოს ვიცნობ მათ საქმიანობას, არა, მაგრამ გამიგია მათი სახელი.

წაიკითხეთ მათი განცხადება ონის კასკადზე?

თვალი გადავავლე, დიახ.

მაშინ, რამდენიმე პუნქტს წაგიკითხავთ.

  • მაგალითად, მათი მოსაზრებით, რაჭა და მდ. რიონი ჰესის მშენებლობისთვის მართებული ადგილი არ არის და რაჭას ჰესი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება.
  • რეგიონში ზოგადად სეისმურად მეტისმეტად მგრძნობიარე გეოეკოლოგიური ბალანსია, რაც ზრდის მოვლენების შესაძლო კატასტროფული განვითარების რისკს;
  • რიონის ჭალებს საერთაშორისო ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს (ადგილსამყოფლების/ჰაბიტატების ეს ტიპი ბერნის კონვენციის შესაბამის ნუსხაშია შეტანილი);
  • მდ. რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა - ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება. ამ თვალსაზრისით კი მდ. რიონი ერთადერთი და შეუცვლელია შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდ. რიონზე დამატებითი ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ზუთხისებრთა ისედაც შემცირებულ სატოფო ადგილებს და საბოლოოდ, ზუთხისებრთა დაცვასა და შენარჩუნებას და ასე შემდეგ.

რას უპასუხებდით მათ?

მივყვეთ, კი ბატონო. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ლამაზად ჩამოყალიბებული, გამართული ტექსტი, რომელსაც არანაირი კონკრეტიკა არ გააჩნია. სეისმურობაზე ლაპარაკობს ცნობილი სერიოზული ორგანიზაცია ხომ? და ამბობს რომ იქ ჰესი არ უნდა აშენდეს. ამ დროს, რაჭაში უკვე არსებობს შაორჰესი, ლაჯანურჰესი, 1950-იან წლებში აშენებული ჰესები, რომლებიც უპრობლემოდ მუშაობს და მათ ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაუშავა რამე.

ჩვენ კი ჰესს ვაშენებთ 21-ე საუკუნეში, გაცილებით წინწასული მეთოდებით და სტანდარტებით. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ მე კრიტიკაში ვეძებ კონკრეტულად ის, რომ სეისმურ ზონაში არ შიძლება ჰესის აშენება, ეს არის არაარგუმენტირებული კრიტიკა.

და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანს, ვინც ეს დაწერა, წაკითხული არა აქვს ჩვენი სეისმური კვლევა. იქ წერია როგორი დეტალურად ვიკვლიეთ ყველაფერი.

მაგალითად, რა გამოიკვლიეთ? ასე თქვენი განცხადებაც ზოგადია.

აი, მაგალითად, ონიდან 500 კილომეტრის რადიუსში შევისწავლეთ ტერიტორია, ისტორიულად თუ რა მიწისძვრა მომხდარა იქ. მეცნიერებმა 10 000-ზე მეტი შემთხვევა მოიძიეს - და ეს კვლევა, ზემოთაც ვთქვი, რომ წამყვან ევროპულ კომპანიას დავუკვეთეთ. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით და ამ სფეროში თანამედროვე აპრობირებული მოდელების საშუალებით მოხდა შემდეგ მოდელირება შესაძლო მომხდარი მიწისძვრებისა და იმ კოეფიციენტების შემუშავებაც, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ კონსტრუქციულ ნაწილში. მხოლოდ მერე დავაპროექტეთ. შემდეგ ეს დეტალური კვლევა მივეცით საქართველოს გეოფიზიკურ ასოციაციას და მათ დაწერეს დადებითი დასკვნა. ეს დასკვნაც კვლევასთან ერთად იყო ხელმისაწვდომი გარემოს დაცვის სამინისტროში.

ზემოთ ახსენეთ, რომ ახლა მთავრობასთან ელექტროენერგიის ტარიფზე მსჯელობთ.

კი, ასეა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უნდა იყოს შეთანხმებული

და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს „ფერისგან“ ელექტროენერგიას, ხომ?

კი, ასეა.

ანუ თუ ტარიფი არის სიტყვაზე 15 თეთრი, მაგრამ დენი გაიაფდა, გამოდის, რომ ამ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო თქვენ მაინც უფრო ძვირს გადაგიხდით?

ფასი - მოთხოვნაზეა დამოკიდებულია და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა საქართველოში ბოლო პერიოდში 6-დან 5 პროცენტამდე იზრდება. ელექტროენერგიის ტარიფი ასე ადვილად იაფდება. მაშინ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი უნდა დაიწყოს, ყველაფერი გაჩერდეს. ეს არის კრიზისული, ძალიან ნაკლებად სავარაუდო სცენარი - მაგაზე სახელმწიფო ვერ აეწყობა. სახელმწიფო გრძელვადიანი გეგმით მუშაობს. ეს ტარიფიც 20 წელზეა გაწერილი.

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა ბაკურაძე ონის ჰესის პროექტის შესახებ - ნაწილი 2

გარემოსდაცვით ნებართვაში სამინისტრო წერს, რომ სს ონის კასკადმა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეაფასოს მეწყრულ სხეულზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პერიოდში უარყოფითი გავლენის შემთხვევაში უზრუნველყოს ამ არეალში მცხოვრების მოსახლეობის განსახლება. ანუ შესაძლებელია, რომ იქედან ხალხის განსახლებაც გახდეს საჭირო?

არა. განსახლება გჭირდება მაშინ, თუ რამე ზემოქმედებას ახდენ, ან ტბორავ ვიღაცას, ან მის სახლთან უნდა განათავსო ჰესის შენობა. ჩვენ მსგავს რამეს არ ვაკეთებთ. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

თქვენს ოპონენტებს აინტერესებთ, თუ ჰესი აშენდება, რამდენ ადგილობრივს დაასაქმებთ?

მშენებლობის დროს 400 ადგილობრივს. და შემდეგ მუდმივად 150 ადამიანს. სამწუხარო ის არის, რომ ონში ახალგაზრდების ამხელა რაოდენობაც კი არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქედან წასულ ახალგაზრდებს დავაბრუნებთ კარგი პირობების შეთავაზებით და თან დავატრენინგებთ კიდეც.

თუ არსებობს ჰესის სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდგომი სტრატეგია? დეკონსტრუქციას, ნარჩენების მართვას ვგულისხმობ.

ჰესი მუშაობს ყოველთვის. ოღონდ ჰესს მოვლა უნდა. ზაჰესი 20-იანე წლებშია აშენებული, დღემდე მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია ენერგოწარმოების კუთხით. თუ არ მოუვლი ჰესს, ეგრე ნებისმიერი რაღაც შეიძლება გაქრეს.

ერთ-ერთი მთავარი შიში ონის ჰესის მოწინააღმდეგეებისა უკავშირდება რიონის გვირაბში მოქცევას და მთის ბურღვით სამუშაოებს. რის საფუძველზე გამორიცხავთ და ამბობთ (ეს თქვენს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშიც ეწერა), რომ ადგილობრივებს და ბუნებას ზიანი არ მიადგება?

ოღონდ რიონის არა. რიონის მხოლოდ მცირე ნაწილი ექცევა გვირაბში. რას ვაკეთებთ ეს კარგად ჩანს ვიდეოანიმაციაში, რომელიც მოვამზადეთ. ანუ: ჩვენი გვირაბი გაგვყავს გვირაბგამყვანი მანქანით. ბურღვა აფეთქება სხვა მეთოდია - ესეც გამოიყენება ზოგადად. მაგრამ აქ ტექნოლოგიურად ასეთი პროცესია, რომ მანქანა თხრის ამ გვირაბს. და ეს გვირაბი იქნება რკინა-ბეტონის ფილაში ჩასმული. მთლიანად ასე იქნება, რომ რაიმე თეორიული რისკი თუ არსებობს, ისიც გამორიცხული იყოს. ეს იქნება უმტკიცესი.

და თქვენ ფიქრობთ, რომ მას ბუნება ვერ მოერევა?

ბუნება როგორ უნდა მოერიოს?

სტიქია. მიწისძვრა. როგორც ერევა ხოლმე ბუნება ყველაფერს.

კი ბატონო, ვთქვათ ეგეც. ეს გვირაბი გადის სოფლებიდან 2 კილომეტრის მოშორებით, და არა სოფლების თავზე. გვირაბი გავა სოფლების გასწვრივ, სიგრძეში. მაგალითად, სოფელი უწერა რომ ავიღოთ, მისგან 2,5 კილომეტრში. ამ გვირაბში წყლის შესვლა ავტომატურად კონტროლდება სათავიდან. თუ წყალმოვარდნა იქნა, ავტომატურად იკეტება და წყალი მიდის რიონში. ძალიან დიდი მიწისძვრაც რომ მოხდეს და მთას რაღაც დაემართოს, გვირაბი საფრთხეს ვერ შექმნის.

მოდით, დარიალი ჰესზე ვილაპარაკოთ, როგორც მაგალითზე, რომელსაც ხშირად ახსენებენ თქვენი ოპონენტები და დევდორაკის სტიქიაც, 2014-ში, შემდეგ 2016 წელსაც კარგად გვახსოვს.

(პირველად დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა. სტიქიამ მაშინ 7 ადამიანი იმსხვერპლა. მეორედ დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის მოვარდნის გამო სამხედრო გზაზე 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა. დაზიანდა ჩრდილოეთ–სამხრეთის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი. დაზიანდა ლარსი ჰესიც. დაიტბორა ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი და „დარიალჰესის“ გვირაბი)

თქვენ გამორიცხავთ, რომ იქ განვითარებული სტიქიური მოვლენები დარიალჰესის მშენებლობის შედეგები შეიძლება იყოს?

დიახ, გამოვრიცხავთ. რადგან ჰესი ფიზიკურად ვერანაირ კავშირში ვერ იქნებოდა მისგან კილომეტრების მოშორებით მთის ნაწილის ჩამოშლასთან. როცა დევდორაკი ჩამოწვა, მან გადაკვეთა თერგის ხეობა, ამ დროს ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდა, ჩვენი ჰესის გვირაბის თავი ემთხვეოდა იმ ადგილს, სადაც თერგის წყალი დაგროვდა, და იცით რა მოხდებოდა იქ, ჩვენი გვირაბი რომ არ ყოფილიყო? ჩვენ გავხსენით გვირაბი, რომელიც დაზიანდა და ზარალი ვნახეთ, მაგრამ წყალი დაიცალა და მართლა თავიდან ავირიდეთ უფრო დიდი კატასტროფა. მე ვიტყოდი, რომ პირიქით, მაშინ ხეობა გადავარჩინეთ.

ლაშა იორდანიშვილი: მეც ვუერთდები "არა ონის კასკადის" პათოსს, რომ გადავარჩინოთ რაჭა

რას გულისხმობთ? ონის ჰესის მოწინააღმდეგეთა ვიდეორგოლი ნახეთ?

დიახ, და ჩემი აზრით, ეს თემა არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური საჯილდაო ქვა. მეც ვამბობ, რომ დიახ, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ რაჭა, შევიტანოთ იქ ინვესტიცია, ხალხი დავასაქმოთ, უნდა მივეხმაროთ მათ ინფრასტრუქტურის გამართვაში, ბიუჯეტში უნდა შევიტანოთ 10 მილიონი ლარი და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ყველა რესურსი, რაც კი არის რაჭაში.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა იორდანიშვილი ონის ჰესებზე

და რატომ არის ეს პროექტი ასე აუცილებელი? კერძოდ, რა საჭიროა მისი განხორციელება სწორედ რაჭაში? რა ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს? ეს კითხვა არაერთხელ დაისვა ბოლო დღეებშიც თქვენი, როგორც მშენებლის მისამართით.

დიახ, მე ვფიქრობ, რომ თითოეული შექმნილი კილოვატი ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, თუ შეხედავთ როგორ იზრდება ჩვენთან მოხმარება და ამ კუთხით ჯერ კიდევ 50-60%-ით იმპორტზეა საქართველო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია დიახ. ოღონდ თუ ასეთ პროექტს არა აქვს განსაკუთრებულად ნეგატიური გავლენა გარემოზე.

ანუ, თქვენც ამტკიცებთ, რომ ჰესის აშენება ბუნებაზე ზემოქმედებას არ იწვევს?

ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დამისახელებთ სად ნადგურდება ბუნება.

WWF-ის განცხადებაზე რა აზრის ხართ?

როდესაც ამბობ, რომ რაჭაში უკეთესი იქნებოდა ამის და ამის გაკეთება, კარგად უნდა ახსნა, რით არის უარესი ის, რაც კეთდება. არასწორია, რომ მდინარე დაშრება, ან ის რომ ხეები გაიჩეხება. ჰიდროელექტროსადგურთან ერთად რაჭაში დაცული ტერიტორიაც შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილა.