მერია რესტორნებსა და კლუბებს ფართის დროებით უსასყიდლოდ გადაცემას სთავაზობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რესტორნებსა და კლუბებს სურვილის შემთხვევაში, გადასახადების გარეშე, დროებით სარგებლობაში გადასცემენ მუნიციპალურ საკუთრებაში არებულ ფართებს, შენობა-ნაგებობას ან ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია საკლუბო სცენის მოწყობა.

„არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტს ქალაქის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ტერიტორია გაგვაჩნია. ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ან უბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში 1 ივნისიდან ამუშავდა ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები. 8 ივნისიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც. მათ კონკრეტული წესების დაცვა ევალებათ.