Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალდებულო წესები, რომლებიც რესტორნის სტუმარმა და პერსონალმა უნდა დაიცვას


პირველი ივნისიდან საქართველოში ღია ტიპის რესტორნები იხსნება. ზუსტად ერთ კვირაში კი უკვე დახურულ სივრცეშიც შესაძლებელი იქნება გამასპინძლება. მთავრობამ რესტორნებისა და პერსონალის რეკომენდაციები დაამტკიცა.

ზოგადი რეკომენდაციები

ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, რესტორანმა წინასწარი ჩაწერის სერვისი უნდა დანერგოს. აუცილებელია სტუმრის ადგილის წინასწარ განსაზღვრა იატაკზე ნიშნულის გაკეთებითა და დისტანციის გათვალისწინებით. რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორება.

კვების ობიექტმა სტუმარსაც და პერსონალსაც ტემპერატურა უნდა შეუმოწმოს, შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, სალაროსთან კი - დამცავი გამჭვირვალე ბარიერი, რომლითაც შეუძლებელი გახდება მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია.

სხვა შემთხვევები:

  • მიტანის სერვისში ჩართული კომპანიის წარმომადგენლებმა საკვების დამზადებას უნდა დაუცადონ შენობის გარეთ;
  • თუ პირს თავად მიაქვს შეკვეთა, აუცილებელია ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.

ღია სივრცეებისთვის დაწესებული მოთხოვნები

ღია სივრცედ მიიჩნევა კვების დაწესებულების ისეთი ნაწილი, რომელსაც მინიმუმ ერთი მხარე აქვს და იქ მოხვედრა დაწესებულების შიდა სივრცის გავლითაა შესაძლებელი.

ამ ტიპის დაწესებულებებისთვის სავალდებულოა:

  • მაგიდებს შორის არანაკლებ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. თუ ამ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დროებითი ბარიერის გაკეთება;
  • სკამების საზურგეებს შორის არანაკლებ 1 მეტრის დისტანციის დაცვა;
  • 1 მაგიდასთან 6 კაცზე მეტის დაჯდომა აკრძალულია;
  • გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან სასმლის მომსახურების ნაცვლად, დაწესებულების პერსონალი სტუმარს მაგიდასთან უნდა მოემსახუროს;
  • შენობის გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო გზას შორის უსაფრთხო დისტანცია უნდა იყოს დაცული.

მოთხოვნები დახურული სივრცეებისთვის

  • მაგიდებს შორის არანაკლებ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. თუ ამ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, შესაძლებელია დროებითი ბარიერის გაკეთება (ბარიერის გაკეთება დასაშვებია, თუ საერთო სივრცე 30 კვ.მ-ზე მეტია);
  • სკამების საზურგეებს შორის არანაკლებ 1 მეტრის დისტანციის დაცვა;
  • 1 მაგიდასთან 6 კაცზე მეტის დაჯდომა აკრძალულია;
  • გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან სასმლის მომსახურების ნაცვლად, დაწესებულების პერსონალი სტუმარს მაგიდასთან უნდა მოემსახუროს;
  • უცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ხელოვნური ვენტილაცია დასაშვებია გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისთვის სავალდებულო პროცედურები:

  • დაწესებულებამ უნდა გამოიყოს სპეციალური სივრცე და იქ გაიკრას რეცხვის წესები;
  • ჭურჭელი მექანიკურად უნდა გასუფთავდეს საჭმლისგან და შემდეგ ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლით ორ სხვადასხვა ნიჟარაში და გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით.
  • მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენის წესები:
  • აუცილებელია ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენება ან შეიზღუდოს გამოყენება;
  • გამოყენებული ხელსახოცები უნდა შეგროვდეს ცალკე სივრცეში.

დასუფთავებისა და დეზინფექციის რეკომენდაციები

  • დასუფთავებისთვის დაწესდეს 2-საათიანი რეჟიმი;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ადგილებს, რომლებსაც ხელი ხშირად ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG