საგარეო სამინისტრო: კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიღებული პროექტი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის დამტკიცებული ვერსია მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით.

„ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

კანონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-ის ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, დაფინანსება მოხმარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება კანონპროექტით საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და ის $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს.

„კანონპროექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შენიშნავს, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

„საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ. კანონპროექტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი.

კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.