ირაკლი სესიაშვილი ყარაბაღზე: თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, საქართველო ჩაერთვება სამშვიდობო მოლაპარაკებებში

უმრავლესობის წევრი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა ჩაერთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი ექნებათ. ასე გამოეხმაურა სესიაშვილი ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს.

"ნებისმიერი მიმართულებით მზად ვართ ორივე მხარეს ჰუმანიტარული მიმართულებით დავეხმაროთ და აღმოვუჩინოთ ის დახმარება, თუკი რაიმე სურვილი გაჩნდება და რა თქმა უნდა, ამასაც საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატში გავაკეთებთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა, სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა, სულ მცირე, 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად, სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გათავისუფლებულია ათამდე სოფელი და კონტროლი დამყარდა მნიშვნელოვან სიმაღლეებზე. მთიანი ყარაბაღის სამხრეთში პოზიციების დაკარგვა დაადასტურა თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.