საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანი, პეტერ სტანო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარდა „კონკურენტული“ არჩევნები, რომლის დროსაც „მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“.
ეყრდნობა რა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE/PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(OSCE/ODIHR) წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებს, პეტერ სტანოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „არჩევნებზე გავლენა მოახდინა გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის თაობაზე და ასევე სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის საზღვრის წაშლამ მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე და არჩევნების დღესაც, რამაც შეამცირა საზოგადოების ნდობა ამ პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ.“
ევროკავშირი მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს ყველაზე მაღალი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფას მთელი საარჩევნო პროცესის, მათ შორის მეორე ტურის განმავლობაში, ასევე ყველა საჩივრისა და აპელაციის „სამართლიან“ და „გამჭვირვალე“ განხილვას.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ განაგრძოს დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა, ასევე ადამიანი უფლებების პატივისცემა. თავისუფალი და პლურალისტური მედია სივრცისათვის პირობების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ შორის იმისათვის, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს ბოლომდე გააზრებული არჩევანი“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივნის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.
მანამდე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშ.
„საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო“, - ასე შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში მყარი საფუძველი უზრუნველყო. ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები. „თუმცა, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარება, მათ შორის ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება“, - აღნიშნავს პეტერ სტანო.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანი ხაზს უსვამს, რომ "ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს".