ბრძოლა ნამახვანის გამო - კიდევ ერთი დიდი ჰესი რიონის ხეობაში?

Georgia -- Namakhvani

მაკა სულაძემ თავისი სოფლიდან, მექვენიდან სოფელ ჟონეთამდე, სადაც ახლა ნამახვანის ჰესის აშენებას აპროტესტებენ, 15 კილომეტრი უნდა გაიაროს.

„სახლში მოვედი, რომ 87 წლის მამაჩემს დავხედო და ისევ უნდა გავვარდე, მე იქ ჩემს ადგილს ცარიელს არ დავტოვებ, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებ“ - ჩქარობს, რადგან ჟონეთამდე წამსვლელ ტრანსპორტს უნდა მიუსწროს. მაკა ყოველდღე იქ დგას, როგორც სამსახურში.

სოფელი მექვენა კი, ჰესის აშენების შემთხვევაში, მისი სიტყვებით, დატბორვის ზონაში ხვდება. მოსახლეობის ნაწილს იქ კომპანიამ კომპენსაცია გადაუხადა და ეს ნაწილი პროტესტს ამ ეტაპზე არ უერთდება.

„ყველაზე მეტად მაბრაზებს ქართველების ინდიფერენტული დამოკიდებულება თავისი მიწა-წყლის მიმართ. ამ პროცესს, რამაც მე ასე გამაბრაზა, ღალატს დავარქმევდი. გაგონილა, იმ ტოტს ჭრიდე, რომელზეც ზიხარ? არ დავთმობ ერთ გოჯსაც კი ჩემი მიწისას. უნდა ნახოთ, რა ხდება რიონის ხეობაში. ნამახვანის ულამაზესი ჩანჩქერი გააპარტახეს. იქ უკვე ნებისმიერი მანქანის გავლა სახიფათოა. ამას ვებრძოდით და ამას ვებრძვით დღემდე. არ დავნებდებით. აქ ჰესი ვერ აშენდება“.

ნამახვანის ჰესების მოწინააღმდეგეები

მაკა სულაძის მსგავსად, მისი სხვა თანამებრძოლებიც ფიქრობენ, რომ სახელმწიფო არ ითვალისწინებს იქაური ბუნების ხასიათს. არც იმ მდინარის (რიონის) თვისებებს, რომელშიც მათი განცხადებით, მილიონები იყრება. ხალხი აპროტესტებს იმასაც, რომ კომპანიას ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები კაშხლის შენების სამუშაოებში გადაეზარდათ, რისი უფლებაც ჯერ არ ჰქონდათ.

„სასწაული რომ მოხდეს და აღარ მიეცეთ ჰესის აშენების უფლება, რას უპირებენ უკვე დაზიანებულ ბუნებას?“ - კითხულობს მაკა სულაძე.

პროტესტის 23 დღე

ამასობაში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში, უკვე 23-ე დღეა გრძელდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ხალხის პროტესტი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ.

23 დღეა, აქციის მონაწილეები ყოველ დილით მიდიან იმ ადგილას, სადაც კარვები აქვთ გაშლილი და გვიან ღამემდე ერთი მოთხოვნით რჩებიან - შეწყდეს მშენებლობა და ჰესის მშენებელმა კომპანიამ გაიყვანოს ტექნიკა.

მათი ნაწილი იქ ღამეც რჩება. ამის გამო მათ რიონის ხეობის დარაჯებიც კი შეარქვეს.

ყოველდღე პროტესტის ადგილიდან ფეისბუქლაივს რთავს აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ჰესების მოწინააღმდეგე ვარლამ გოლეთიანი.

პროტესტის დაწყებიდან, 25 ოქტომბრიდან დღემდე - ადგილზე ორი ხალხმრავალი აქციაც გაიმართა. 29 ოქტომბერს, პირველ დიდ აქციაზე ხალხმა მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ ადგილიდან ტექნიკა გაიყვანეს.

მეორე, 14 ნოემბრის აქცია, როცა ჯაჭვით ჩაბმულმა აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა.

ხალხი შინ წასვლას არ აპირებს. ისინი ჟონეთის ხიდთან რჩებიან. ღამით კარვებთან კოცონი უნთიათ.

როგორც მაკა სულაძემ გვითხრა, უკვე არის იმის ნიშნებიც, რომ ნამახვანის ჰესი ადგილობრივებს შორის დაპირისპირების საგანი გახდეს:

„კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ ვინც ჰესის აშენებისგან კეთილდღეობას ელის, ჩვენ დაგვიპირისპირონ. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, რომელიც ჩვენით აღვკვეთეთ. მაგრამ 14 ნოემბრის აქციის შემდეგ აღარ მგონია, ვინმემ რამე გაბედოს“, - უთხრა მაკა სულაძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიციის მიერ აქციის დაშლას სამოქალაქო სექტორის მხრიდან მწვავე შეფასებების გარეშე არ ჩაუვლია.

"შეწყვიტეთ რეპრესიები, დაელაპარაკეთ ხალხს"

„შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვა“ - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სოფელ ჟონეთში აქციის დაშლის ფაქტი.

ცენტრის შეფასებით, სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოლაპარაკების მცდელობის გარეშე დაშალა:

„იმ პირობებში, როდესაც სოფელ ჟონეთისა და მეზობელი სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა ადგილობრივ დონეზე საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვის სხვა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე საათით აღნიშნული გზის გადაკეტვა მათი მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცულ სფეროს მიეკუთვნებოდა“, - წერს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ერთი დღით ადრე ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს EMC-მ, საია-მ და „მწვანე ალტერნატივამ“.

მათი შეფასებით, ხელისუფლება დიალოგის ნაცვლად აქაც „რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ადგილობრივების სამართლიანი წინააღმდეგობის დაძლევას“.

ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ დაიწყოს მათთან დიალოგი.

ასევე, შეჩერდეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან, ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე, არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე.

განცხადებაში ვკითხულობთ ასევე, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

კრიტიკის საგანია ისიც, რომ ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი კანონით სავალდებულო ის ინფორმაცია, რომლის წარდგენაც კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაავალა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 28 თებერვალს პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

მშენებელ კომპანიას უკვე აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც, რომელიც ასევე ითვალისწინებს მთელი რიგი დოკუმენტაციის მომზადებას, რაც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოედგინა.

„ამ ეტაპზე ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გზშ-ს დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

„ასეთი რამ არ მომხდარა - საბოლოო პროექტი არ არის და მშენებლობა მიდის“

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი რადიო თავისუფლებასთან ჩამოთვლის იმ საფრთხეებს, რაც რიონის ხეობას ნამახვანი ჰესის მშენებლობამ შეიძლება მოუტანოს:

  • მიკროკლიმატი შეიცვლება. ვიცით, რომ ეს აუცილებლად იმოქმედებს ცოლიკაურის, უსახელაურის და ხვანჭკარის ჯიშების მიკროზონებზე.
  • ბიომრავალფეროვნების მხრივ, ველით, რომ ძალიან უარყოფითი იქნება ეს გავლენა, თუ დატბორვის ფართობს გავითვალისწინებთ.
  • ზემოქმედებას მოახდენს ხმელთაშუა ზღვის ზუთხზე, რომელიც გამქრალად მიიჩნეოდა და რიონის დელტაში გამოჩნდა. ახლა რიონის ზედა წელში ნებისმიერმა ჩარევამ ისევ შეიძლება გამოიწვიოს ამ თევზის გაქრობა.

და ეს საფრთხეების მხოლოდ მცირე ნაწილია.

დათო ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესების შემთხვევაშიც, გარემოზე ზემოქმედების შეფასება ფორმალურად არსებობს, მაგრამ კვლევები რეალურად არ ჩატარებულა.

„ამას ადასტურებს თავად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. რომელიც, სხვათა შორის, სასამართლოში სწორედ იმიტომ გავასაჩივრეთ, რომ კომპანიას სამინისტროსგან 36 პირობა გაეგზავნა საკვანძო საკითხების შესასწავლად და შესაცვლელად და თუ ეს საკითხები შესწავლილი არ იყო, მაშინ, გაუგებარია, რატომ გაიცა ნებართვა?“

დათო ჭიპაშვილი რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვაში წერია, რომ ეს ნებართვა მოიცავს მოსამზადებელი რიგის სამუშაოებს. თუმცა ის, რაც ადგილზე ხდება, უკვე მშენებლობაა.

„ასევე, სამშენებლო ნებართვაში წერია, რომ კომპანიას 2021 წლის აპრილამდე ეძლევა ვადა, წარმოადგინოს საბოლოო პროექტი საექსპერტო დასკვნებთან ერთად. ანუ, რას ნიშნავს ეს, რომ მათ არა აქვთ საბოლოო პროექტი? ასეთი პრაქტიკა არც გვქონია აქამდე, რომ სამშენებლო ნებართვა გაიცა პროექტზე, რომელიც არ არსებობს“.

და კიდევ ერთი პრობლემა - გასაიდუმლოებული ხელშეკრულება. დათო ჭიპაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ხელშეკრულების დეტალები - ის, თუ რა ვალდებულება აიღო სახელმწიფომ და რა - კომპანიამ.

ნამახვანის ჰესების კასკადი - რა შენდება და ვინ აშენებს?

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება.

შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს.

ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება.

საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი.

სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ.

ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2025-2026 წელი.

საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარი.

განმახორციელებელი კომპანია: შპს „ენკა რინიუებლზ“.

ამ ჰესის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური აცხადებდა, ინვესტირებით თურქული და კორეული კომპანიები დაინტერესდნენ. მთავრობა ვარაუდობდა, რომ პროექტის რეალიზაციას 2011 წელს შეძლებდა, თუმცა, მაშინ პროექტი შეჩერდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წლის 24 დეკემბერს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით.

2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა.

2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას” შორის ხელი მოეწერა ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებას და, ამასთან ერთად, სს „ნამახვანის” აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.

ასევე ნახეთ ახალი დეტალები „ნამახვანი ჰესის“ შესახებ

„Clean Energy Group“-ი იგივე „ენკა რინიუებლზია“?

შპს „ენკა რინიუებლზ” არის საპროექტო კომპანია, რომელშიც 90% ეკუთვნის ძირითად ინვესტორ კომპანია „ENKA“-ს და 10% - „Clean Energy Group“-ს.

ჰესს აშენებს კომპანია „ENMAR“-ის ფილიალი საქართველოში, რომელიც ეკუთვნის ასევე „ENKA“-ს.

თავდაპირველად, ნორვეგიულ კომპანია „Clean Energy Group“-ს და თურქულ კომპანია „ENKA”-ს ჰქონდათ 50-50% წილი საპროექტო კომპანიაში, რომელმაც მოიგო სახელმწიფო ტენდერი ნამახვანი ჰესის მშენებლობაზე.

შემდეგ წილების გადანაწილება შეიცვალა.

კომპანიას გადაერქვა სახელი და ეწოდა „ენკა რინიეუბლზ“.

დღეს კომპანიაში ხაზგასმით განმარტავენ, რომ „ენკა რინიეუბლზ“ არანაირ კავშირში არ არის შუახევის ჰესის პროექტთან და რომ არც ერთ მის ფილიალს, შვილობილს და ქვედანაყოფს ამ პროექტზე არ უმუშავია.

ამ განმარტებას კომპანია აკეთებს იმიტომ, რომ სწორედ „Clean Energy Group“-ის სახელთან არის დაკავშირებული შუახევის ჰესის მშენებლობა, სადაც ორ თვეში გვირაბი ჩამოიშალა.

ასევე ნახეთ ჰესის მშენებარე კომპანია იკვლევს გვირაბის ჩამოშლის მიზეზს 

რას პასუხობს კომპანია „ენკა რინიეუბლზ“ დაგროვილ კითხვებს?

რადიო თავისუფლებამ რამდენიმე საკითხი დააზუსტა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, ირა პეტრიაშვილთან.

სხვა კრიტიკულ შეკითხვებთან ერთად, ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რა ეტაპზეა ახლა სამუშაოები, რაზეც გვიპასუხეს, რომ ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტი (რომელიც უნდა აშენდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და რომელზეც არის გაცემული გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვები) ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოების სტადიაზეა.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილია 270 ოჯახი - მათგან კომპანიამ უკვე გამოისყიდა სხვადასხვა მიწის ნაკვეთები.

ამ 270 ოჯახიდან, როგორც კომპანიაში ამბობენ, მხოლოდ 40-ს მოუწევს განსახლება - კომპანიამ მათგან გამოისყიდა საკარმიდამო მიწები, თავის შენობა-ნაგებობებით.

ვიკითხეთ, რა ფართობისაა რეზერვუარის სარკის ზედაპირი - გვიპასუხეს, რომ ფართობი არის 5 კვ. კმ (შედარებისთვის, ენგურის სარკის ზედაპირი - 13.1 კვ. კმ; თბილისის წყალსაცავი - 11.6 კვ. კმ; შაორის წყალსაცავი - 9.2 კვ. კმ).

ეს რაც შეეხება ქვედა ნამახვანს.

რაც შეეხება ზედა ნამახვან ჰესს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტვიშის სიახლოვეს - კომპანია ირწმუნება, რომ იქ არ იტბორება არც ერთი სოფელი ან/და საკარმიდამო მიწა.

მათი განცხადებით, იქ რეზერვუარის სარკის ზედაპირი - 1 კვ. კმ იქნება.

განსახლება არ მოუწევს არც ერთ ოჯახს.

ჯერჯერობით პასუხები არ მიგვიღია სხვა არაერთ კრიტიკულ კითხვაზე, ხელშეკრულების, ჩატარებული კვლევების და ა.შ. თაობაზე, რომელიც რადიო თავისუფლებამ კომპანიას გაუგზავნა.

დაგვპირდნენ, რომ კომპანია უახლოეს ხანებში გვიპასუხებს.

აქციის მონაწილეების კარვები

სახელმწიფოს მწვანე შუქი ნამახვანს

„ნამახვანი ჰესს“ რომ სახელმწიფო მხარს უჭერს, ამას მოწმობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც და, ზოგადად, გაცხადებული ენერგეტიკული პოლიტიკაც.

თავად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჰესის მშენებლობის ადგილას მიმდინარე სამუშაოები არაერთხელ მოინახულა და თქვა კიდეც, რომ „ეს მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, დიდი კონტრიბუცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიო“ .

ჟონეთში კი პროტესტი გრძელდება.

მორიგი, დიდი აქციის გამართვას იქ ერთ კვირაში გეგმავენ.