როცა 112 არ გპასუხობს

სამი კვირის წინ მამაჩემს COVID-19 დაუდასტურდა. ათ დღეში პირველი სიმპტომები დედასაც გამოაჩნდა. დაავადება ორივეს საკმაოდ აგრესიულად შეხვდა - მაღალი სიცხით, ინტენსიური ხველით, სახსრების ტკივილით და სხვა ჩვენებებით, რაც COVID-19-ს ახასიათებს.

ჩემი მშობლები რაჭაში ცხოვრობენ, სადაც ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, კორონავირუსი თითქმის არავის ჰქონდა, ამიტომ მათ გამო ნაკლებად ვდარდობდი. მაგრამ როგორც 65 წელს ზემოთ და თან რისკჯგუფში მყოფებს, მკაცრად ვაფრთხილებდი, რომ წესები დაეცვათ. მაგრამ ისინი რაჭაში ვირუსით დაინფიცირებულთა პირველივე ნაკადში მოხვდნენ.

112-ზე დარეკვა უკვე საშინლად ჭირდა. მე - თბილისში ვიყავი, 280 კილომეტრით დაშორებული და აქედან ვცდილობდი მათთვის დროულად მეპოვა ექიმი. არავინ იცოდა, რომელი - რომელ საავადმყოფოში მოხვდებოდა, რომელ ქალაქში, თუ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებოდათ და საერთოდ, სასწრაფო შეძლებდა თუ არა მათ გადაყვანას.

რაჭა, ამბროლაური

სწორედ მაშინ, საკუთარ თავზე გამოვცადე ის, თუ რა გზას ადგება და რა საფეხურებს გადის ადამიანი, როცა მას ან მის ახლობელს COVID-19 უდგინდება. ამ დროს კი, პაციენტი ვერც საავადმყოფოში მიგყავს, ვერც სასწრაფოს იძახებ, ვერც ოჯახის ექიმს უკავშირდები დროულად. ერთი სიტყვით, მაშინ, როცა სისტემა გაჭედილია.

ასევე ნახეთ ბინაზე დარჩენილი პაციენტები, ანალიზები და COVID-ტაქსი - რა სქემაზე მუშაობს ჯანდაცვა?

რეგიონებში და განსაკუთრებით, პატარა ქალაქებში, სადაც სამედიცინო რესურსი ფაქტობრივად არ არსებობს, ეს ამბავი კიდევ უფრო რთულადაა. ხალხს ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს. ყველას არ შეუძლია ამ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველას არც ინტერნეტი აქვს. ამიტომ პატარა ქალაქის საავადმყოფოსთან მომენტალურად დადგა შეშინებული ადამიანების რიგები.

თავიდან ჩვენც ისე მოვიქეცით, როგორც ყველა - ვცადეთ 112-ზე დარეკვა.

ეს იყო ხანგრძლივი და დამღლელი, ნერვების გამომცდელი პროცესი - ვრეკავდით ყველა, მეც, დედაც, მამიდაჩემიც. მამაჩემი ვერ რეკავდა, ცუდად იყო. პირველი ექიმი, რომელიც შეგვხვდა, რამდენიმე ღამის უძინარი და ისეთი დაღლილი იყო, დაინფიცირების ელდით ისედაც დათრგუნულებს, პირველ დღეს ლამის ყველა იმედი გადაგვეწურა. თუმცა სამი კვირის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ოჯახის ექიმთან დარეკვა.

დაავადების შინ სამართავად სხვა გზების მოძებნა იყო საჭირო - დღეში ერთი ზარი ექიმთან, რომელიც ჩემი მშობლებისგან ძალიან შორს იყო, თავიდან დიდი ვერაფერი იმედი იყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის მიღმა, სოციალურ ქსელში თვითდახმარების ჯგუფები გაჩნდა, სადაც კორონავირუსთან მებრძოლი ან უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანები ერთიანდებოდნენ და ერთმანეთს უამრავ ინფორმაციას უზიარებდნენ.

„ჯგუფში გაგაერთიანებ და იქ იკითხე“

პირველი ასეთი ჯგუფი, სადაც მეც აღმოვჩნდი, Covid Self-Support იყო.

პირველივე პოსტზე, რომელიც დავწერე, ექიმმა ზურაბ ჭყონიამ მიპასუხა. ასეთ ჯგუფებს ისიც გამოარჩევს, რომ, როგორც წესი, მასში რამდენიმე ისეთი ექიმია გაერთიანებული, რომელიც იქვე გცემს პასუხს. შემდეგ კი საუბარი სატელეფონო კონსულტაციით გრძელდება.

ამ ჯგუფში კითხულობენ და წერენ ყველაფერს კოვიდის შესახებ, გამოთქვამენ ეჭვებს, აღწერენ თავიანთი ახლობლების სიმპტომებს და ითხოვენ რჩევას, ხან ეძებენ ლაბორატორიას, სადაც ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი და ა.შ. უპასუხოდ არავინ რჩება. და როგორც ეკა მიქელაძე გვეუბნება, რომელიც COVID-19-ისგან ახლახან გამოჯანმრთელდა, ეს პასუხი იმ წამს სასწრაფო დახმარების ტოლფასია.

ეკას ამბავი რადიო თავისუფლებამ ცოტა ხნის წინ მოგითხროთ, მაგრამ მაშინ არ მოუყოლია ის, რომ სწორედ ამ ჯგუფში მიღებული რჩევის და, კერძოდ, ექიმის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოსთხოვა ოჯახის ექიმს საავადმყოფოში გადაყვანა. მანამდე მისგან მიცემული რეკომენდაცია ასეთი იყო, რომ კორონას ახასიათებდა გამონაყარი და შეშუპება და საავადმყოფოში გადასვლას საჭიროდ არ თვლიდა.

„კიდევ კარგი, რომ დავეჭვდი და Covid Self Support-ში ჩემი სიმპტომების შესახებ დავწერე. ზურა ჭყონიამ ნომერი მომცა, დავურეკე, მოვუყევი როგორც ვიყავი და სწორედ მან მიიჩნია საგანგაშო სიგნალად შეშუპება. რეალურად, მე სოციალურ ქსელში მივიღე ისეთი რჩევა, რამაც, შესაძლოა, გადამარჩინა კიდეც, რადგან თირკმელების პრობლემაც შემექმნა და როცა საავადმყოფოდან გამომწერეს, მხოლოდ მაშინ მითხრეს ექიმებმა, ორი საათიც რომ დაგეგვიანა, შესაძლოა, დიალიზზე მიერთება გამხდარიყო საჭიროო“.

მას მერე ეკა ყველა თავის მეგობარს თუ ახლობელს ამ ჯგუფში აწევრიანებს და თავადაც უზიარებს სხვებს გამოცდილებას. ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემის პარალიზების ფონზე, სოციალურმა ქსელმა და კოვიდდახმარების ჯგუფებმა ბევრი ადამიანს მისცა იმედიც და გადარჩენის შანსიც.

მხოლოდ ამ კონკრეტული ფეისბუკჯგუფიდან ექიმ ზურაბ ჭყონიას დღეში სამი-ოთხი ზარი მაინც შესდის. ხშირად სატელეფონო კონსულტაცია საკმარისი არ არის, თუმცა, როგორც ამბობს, ეჭვების დადასტურება ან უარყოფაც საქმეა.

ექიმის მითითების და კონკრეტული დანიშნულების მიცემის გარდა, ძალიან ბევრ ადამიანს, უბრალოდ ფსიქოლოგიური დახმარება და ნუგეში სჭირდება, რომ ძალა მოიკრიბონ და თავიანთი მშობლების თუ ახლობლების დასახმარებლად გზები ეძებონ.

„ეს მინიმუმია, რის გაკეთებაც დღეს, ასე დისტანციურად შეგვიძლია, მაგრამ სხვა საშუალება არ არის - ნახვას ვერ მოახერხებ. რასაც ვაკვირდები, უკვე ბევრი ინფორმაცია იცვლება ასეთ ჯგუფებში, აინტერესებთ ყველაფერი - შინ მკურნალობისას შეიძლება თუ არა კონკრეტული წამლის მიღება ან კოვიდიანთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა გაიკეთოს თუ არა ადამიანმა ტესტი და ა.შ. მათთვის ეს პასუხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მართლა ვერ უკავშირდებან 112-ს. ამ დროს კი, ძნელია ბევრ რამეში უცნობი დაავადების მართვა სახლში, არაექიმის მიერ“, - გვითხრა ზურაბ ჭყონიამ.

მეორე ჯგუფი, რომელშიც მეც გავერთიანდი - MED CITY/მედ სითია - ამ ფეისბუკჯგუფის თავისებებურება ის არის, რომ თუ იქ კონკრეტულ კითხვას დასვამ, ხშირად შესაბამის ექიმთან გადაგამისამართებენ, რომელიც იქვე გპასუხობს. კოვიდის გარდა, სხვა შინაარსის კითხვებიც ისმება, თუმცა ახლა ყველაზე აქტიური მაინც ეს ვირუსია.

ეს ჩემი ნომერია, დამირეკეთ, თუ გიჭირთ

ზოგიერთმა ექიმმა პირადი ნომერი პირდაპირ ფეისბუკზე გაასაჯაროვა.

ამ მხრივ მე გამიმართლა, რადგან ასეთ ექიმებს შორის აღმოჩნდა სასწრაფოს ექიმი ნუნუ ჭოველიძე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ რეპორტაჟი მოვამზადეთ და ფეისბუკმეგობრებში მყავდა.

პირადი ნომერი რომ გამოაქვეყნა, იმ დღესვე მის ტელეფონზე ზარების რაოდენობა გაასმაგდა.

„ვიფიქრე, რომ ეს ჩემი, როგორც ექიმის მოვალეობა იყო, რადგან უამრავი ადამიანი განწირული წერდა, რომ 112-ს ვერ უკავშირდებოდა. ოჯახის ექიმებთან დარეკვა შეუძლებელი იყო, პოლიკლინიკაში სიცხიანები ვერ მიდიოდნენ, არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ. თითქოს ინფორმაცია სულ ვრცელდებოდა, მაგრამ როცა ბევრი ადამიანი დადგა დაავადების წინაშე, უმრავლესობა სრულ გაუგებრობაში, ნერვიულობაში, უიმედობაში აღმოჩნდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ იქნებ ჩემი ერთი ზარი მნიშვნელოვანი გამხდარიყო“, - გვიყვება ნუნუ ჭოველიძე.

ზარები მასთან დღესაც არ წყდება.

დახმარების და COVID-19-ზე დამატებითი ინფორმაციის ძებნისას, საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმების ფეისბუკლაივები არაერთი ადამიანისთვის იქცა გამოსავლად. ეკა მიქელაძეც იხსენებს, რომ მისგან დაავადება მის ფეხმძიმე დას გადაედო და რომ არა ექიმ ზურაბ გურულის ინტერაქტიული პირდაპირი ჩართვა ამ თემაზე, დამატებითი სტრესის მართვა ასმაგად გაუჭირდებოდა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც დღეს ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს, თითქმის ყოველდღე აახლებს ინფორმაციას ამ დაავადების მართვის, ვაქცინების, საფრთხეების და, ზოგადად, გამოცდილების შესახებ. მისი პოსტები საჯაროა და ყველას შეუძლია მათი წაკითხვა. ოღონდ ყველას, ვისაც ინტერნეტი აქვს.

„კვირას ორას წერილს ვუპასუხე საქართველოდან“, - მომწერა ნანამ. ყოველდღე ათობით შეტყობინება მისდის.

ნანა გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ აპრილ-მაისში, როცა კოვიდის ამბებზე საჯაროდ წერა დაიწყო და ამასობაში, საქართველოშიც მოიმატა დაინფიცირებულთა რიცხვმა, მისი პირადი შეტყობინებების ყუთი წერილებით აივსო მეგობარი ექიმებისგან და უბრალოდ ნაცნობებისგან.

მაშინ ნანას პირველი პოსტი კოვიდის სახლში მართვის შესახებ ათი ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

„წამოვიდა წვიმა კითხვების. ტელეფონი უბრალოდ არ ჩერდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, ლაივი გამეკეთებინა ზურა გურულთან ერთად და გვეპასუხა სასოწარკვეთილი ადაიანებისთვის. დაახლოებით 5 საათზე მეტი ვპასუხობდით მათ კითხვებს მე და ზურა. დღესაც ათეულობით სასოწარკვეთილ ადამიანს ვპასუხობ. ამას წინათ, შუაღამით მირეკავდა უცხო ქალბატონი, შვილი მეხრჩობა და სასწრაფო არ მოდის, მიშველეო. ცხადია, ვუპასუხე და ყველაფერი კარგად დასრულდა. ამის გაძლება ფიზიკურად ურთულესია, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთა იკითხება ამ წერილებში, უბრალოდ ვერ ავუვლი გვერდს“.

ნანა გეგეჭკორი გვეუბნება, რომ როცა პაციენტების და ექიმების კითხვებზე აგებული გზამკვლევის ვერსიას ვამზადებდით, ბებიას სოფლის ექიმზე მეფიქრებოდა, რომელმაც არც ინგლისური იცის და არც რუსული. ამიტომ, ვცდილობდი, ისე დამეწერა, ამ გზამკვლევის ენა თანაბრად გასაგები ყოფილიყო მისთვისაც და მისი პაციენტებისთვისაცო.

„ამერიკაში ამას გვასწავლიან. პაციენტს ისე უნდა აუხსნა ყველაფერი, რომ გასაგები იყოს მეოთხეკლასელისთვისაც კი“.

ეს 112-ში შემავალ ზარებს განტვირთავს?

ორიოდე დღეა ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პორტალის შექმნის ამბავი ამცნო საზოგადოებას.

აი, ამ პორტალის ელექტრონული მისამართი.

თუ აქ შეხვალთ და თქვენს პირად ნომერს ჩაწერთ - გაიგებთ, ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი, რამაც წესით 112-ში შემავალი ზარები უნდა განტვირთოს.

მე ჩავწერე და ეს პასუხი მივიღე:

ანუ ეს ნიშნავს, რომ მე საყოველთაო დაზღვევა არ მაქვს, ამიტომ ჩემს კერძო სადაზღვევო კომპანიას უნდა მივმართო.

მერე, გადასამოწმებლად, მამაჩემის პირადი ნომერიც ჩავწერე (ის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს) და ამბროლაურის ამბულატორია და შესაბამისი ექიმის სახელი, გვარი და კოორდინატები ამომიგდო.

მათ, ვისაც არც საყოველთაო და არც კერძო დაზღვევა არა აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ. აი, აქ - 1505.

თუმცა ფეისბუკზე უკვე არაერთი პოსტი შემხვდა, რომელშიც ადამიანები წერენ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ისევ წრეზე სიარულს ნიშნავს.

16 ნოემბერს კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის შეცვლილი წესებიც გამოქვეყნდა და გავიგეთ, რომ სასწრაფო ყველასთან აღარ მივა.

ასევე ნახეთ სასწრაფო ყველა კოვიდინფიცირებულთან აღარ მივა - გადაუდებელი დახმარების ახალი გეგმა დამტკიცდა

და კიდევ, დღეს, 17 ნოემბერს, ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის (დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი) წევრებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს და თქვეს, რომ ეპიდსიტუაციასთან ბრძოლაში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აღარ არის საკმარისი.

ამიტომ ჯგუფმა მოითხოვა:

  • პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება.
  • ასევე, მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის - გზამკვლევის შექმნა და გავრცელება.
  • თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის, ვებგვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივკონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება.