საქართველოში ერთი ღამით უქმდება "კომენდანტის საათი"

დღეს საქართველოში დროებით შეწყდება კორონავირუსის ეპიდემიის გამო ნოემბრის ბოლოდან დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება და მოქალაქეები ქვეითად და ავტომანქანით გადაადგილებას შეძლებენ საღამოს 9 საათის შემდეგაც.

აკრძალვის დროებით გაუქმების მიზეზია შობის დღესასწაული, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს. ტაძრებში წინა ღამით იწყება საშობაო ღვთისმსახურება, რომელზეც მრევლის დასწრება აკრძალული არ არის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მხოლოდ მოუწოდებს, რომ ხალხმრავალ შეკრებებს თავი აარიდონ.

7 იანვრიდან საქართველოში ისევ აიკრძალება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება. ე.წ. კომენდანტის საათი დროებით არ მოქმედებდა ახალი წლის ღამითაც.

გადაადგილების აკრძალვა ძალაში იყო 25 დეკემბერს, ამიტომ კონფესიებმა, რომლებიც შობას ამ დღეს აღნიშნავენ, საზეიმო ღვთისმსახურება საღამოს 9 საათამდე ჩაატარეს.