ჯართი ქალაქის პარკინგზე

მიტოვებული ავტომობილი

თბილისში საცობების პრობლემა უფრო და უფრო მწვავდება, ამ დროს ქუჩებში წლობით დგას მიტოვებული მანქანები, რომლებიც საპარკინგე ადგილს იკავებენ.

გოჩა დილით სამსახურიში ვარაზისხევის გავლით მიდის და ყოველდღე ერთსა და იმავე სურათს ხედავს - შუა აღმართში „მერსედესია“ გაჩერებული, ექვსი თვეა ადგილიდან არ დაძრულა.

ვარაზისხევი

„ასეთ საცობებში პარკინგზე მიტოვებულ მანქანებს რომ ვხედავ, ძალიან მიკვირს. ჩემს უბანშიც წლობით დგას მიტოვებული მანქანები, არც არავის სჭირდება და არც ჯართში აბარებენ. ზოგიერთს ეზოში 15 წელი უდგას დამტვრეული „მოსკვიჩი“ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ადგილი მეზობელმა არ დაიკავოს“, - ამბობს ის.

მხოლოდ გურამიშვილის გამზირზე რადიო თავისუფლებამ ერთ დღეში რვა ასეთი მანქანა დათვალა. ზოგი მათგანი, უბრალოდ, დამტვერილია და ბორბლები აქვს დაშვებული, ზოგი ბოლომდე დაიშალა, ზოგისგან კი მხოლოდ კარკასია დარჩენილი.

გლდანი, შეშელიძის ქუჩა

„ეს ძველი ავტომობილები საპარკინგე ადგილებს იკავებენ და არც ეკოლოგიური კუთხით არის სასურველი, ხშირად რაღაცის ბუდედ იქცევა ხოლმე“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე.

გურამიშვილის გამზირი

გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მილიონ 400 ათასი ავტომანქანაა რეგისტრირებული, მაგრამ ათობით ათასი მანქანა არ დადის, გაჩერებულია:​ „მანქანების ტექნიკური შემოწმება დაიწყო, მაგრამ ამ პროგრამაში განსაზღვრული არ არის, რა უნდა უყონ იმ ავტომობილებს, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ანუ უტილიზაციის საკითხია გადასაწყვეტი, რადგან ეს მანქანები შემდეგ უამრავი დგას ეზოებში და ქუჩებში“.

გურამიშვილის გამზირი

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, რომლის 100-%-იანი წილის მფლობელი მერიაა, ამბობენ, რომ თუ მეპატრონეს პარკინგის ფული გადახდილი აქვს, სანამ ვადა არ ამოიწურება, მანქანას ხელს ვერ ახლებენ, პარკინგიდან გაყვანა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ პარკინგის თანხა გადახდილი არა აქვს ან მანქანა უნომროდ დგას გზაზე.

გურამიშვილის გამზირი

თუმცა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა სამი თვის განმავლობაში დგას ერთ ადგილას, შეუძლიათ გადაიყვანონ.

„უბრალოდ, ახლა პრობლემურია ის, რომ ე.წ. ტრაილერების გადაყვანის შესაძლებლობა არა გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. გარდა ამისა, ადრე იყო ჩანაწერი [კანონში], ერთი და იგივე სამართლადარღვევაზე გამეორებით ჯარიმის გამოწერა არ შეიძლებოდა, ამიტომ ერთხელ რომ დაუწერდი ათლარიან ჯარიმას, ის იდგა და იდგა“.

ამჯერად შეიცვალა ჯარიმის ოდენობაც, ის 50 ლარი გახდა. ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ, თუ ვინმე შენიშნავს მანქანას, რომელიც სამ თვეზე დიდი ხანია ერთ ადგილას დგას, შეუძლია მათ სამსახურს მიმართოს.

გურამიშვილის გამზირი

მიტოვებული მანქანები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ე.წ. ვულკანიზაციების მიმდებარედ. გელა კვაშილავას თქმით, საქართველოში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ობიექტები ტროტუარებსა და ქუჩებზეა „გადმოსული“, ამიტომ კანონში ხაზგასმით უნდა ჩაიწეროს, რომ დაუშვებელია ქუჩაზე, ტროტუარზე ისეთი ეკონომიკური საქმიანობის წარმოება, რომელიც ხელს უშლის ქვეითებს თუ ავტომობილებს.