ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - სასწრაფო

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან 3 უკვე კლინიკაშია გადაყვანილი, 2 კი ამ წუთებში გადაჰყავთ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე ტრავმები არ აღენიშნებათ", - განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

როგორც პრესსამსახურმა განმარტა, ახლა კლინიკას შეუძლია, თქვას, რა სიმძიმის დაზიანებები აქვთ დაშავებულ პირებს მიღებული.

"ევექსის" მარტვილის კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 5 პირს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და მათ ახლა ექიმები აკვირდებიან, ერთი დაშავებული კი დამატებითი კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაჰყავთ. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. შენობის მეორე სართულიდან ისინი მოაჯირის დაზიანების შემდეგ გადაცვივდნენ.

ასევე ნახეთ ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა

ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მეუფე პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.