პარლამენტმა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

​საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს შემადგენლობაში აღარ იქნება კულტურისა და სპორტის სამინისტროები. გადაწყვეტილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონის ასამოქმედებლად ახლა პრეზიდენტის ხელმოწერა და გამოქვეყნებაა საჭირო.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2018 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით შეუერთდა. უფრო ადრე კულტურისა და სპორტის სამინისტროები დამოუკიდებელი უწყებები იყო. მათი ისევ გაცალკევების შესახებ ცნობილი 2020 წლის დეკემბერში გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლად შექმნილი სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი იუსტიციის მინისტრის და ახლა უკვე პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, თეა წულუკიანის დანიშვნა იგეგმება.