NGO-ები: მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ კომპრომისულ წინადადებას

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 18 აპრილს, ოპოზიციასთან შეხვედრაზე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევენ, რომ მედიაციის პროცესში ჩართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ 18 აპრილს წარდგენილ განახლებულ დოკუმენტს. ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსენსუსის მიღწევას გულისხმობს. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები ისეთ კომპრომისს მოითხოვს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ პლურალიზმს უზრუნველჰყოფს.

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება მედიაციაში ჩართული ცალკეული პარტიების მიერ დოკუმენტის ხელმოწერის მზაობას და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პარტიების ნაწილის ნება მკაფიოდ არ არის გამოხატული.

„დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩის" წარმომადგენლებმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც. დოკუმენტს ეთანხმება „ქართული ოცნებაც".