"გირჩი" პარლამენტიდან გადაცემების წაყვანას აპირებს

"გირჩი", რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შევიდა, პარტიისთვის გადაცემული ოთახების სატელევიზიო სტუდიად გადაკეთებას და გადაცემების პირდაპირ ეთერში გაშვებას აპირებს. პარტიის გეგმებზე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.

"მინიმუმ ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც უნდა ჩავერთოთ ლაივში (პირდაპირ ეთერში) და ვილაპარაკოთ ხოლმე. წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახეებით ვილაპარაკოთ...

[სტუდია] ალბათ მეორე სართულზე იქნება, სადაც ბევრი ხალხი დადის, დეპუტატები რომ დავიჭიროთ და კანონპროექტებზე ვილაპარაკოთ... შეიძლება თქვენც დაგპატიჟოთ... ჩვენს ამომრჩეველს დააინტერესებს, როგორია საპარლამენტო ცხოვრება", - თქვა მან.

ასევე ნახეთ "გირჩი" პარლამენტში შევიდა

"გირჩმა" პარლამენტში მუშაობა 19 აპრილს დაიწყო. როგორც ისინი ამბობენ, სრულყოფილად საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მმართველი პარტია მათი 7 მოთხოვნიდან რომელიმე ერთს სრულად დააკმაყოფილებს, მანამდე კი საპარლამენტო სივრცეს პარტიული აქტივობებისთვის გამოიყენებენ.